CONIFA-ს ე.წ. ევროპის ჩემპიონატზე სეპარატისტები ერთმანეთს დაერივნენ

AutoSharing Option
4-11 ივნისს ჩრდილოეთ კვიპროსმა, CONIFA-ს ეგიდით, ეგრეთ წოდებულ ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. ფინალში პადანიასა და მასპინძლების შეხვედრამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, პენალტების სერია კი უკეთ პადანიელებმა შეასრულეს - 3:2.

მე-3 ადგილისთვის "აფხაზეთის ნაკრები" სეკეის მხარის (რუმინეთში უნგრელთა ნაციონალური უმცირესობის ნაკრებია) გუნდს შეხვდა და 1:3 დამარცხდა. ამას ვინ ჩივის, წაგების სუნი რომ იგრძნეს, აფხაზები მსაჯებსა და ორგანიზატორებს დაერივნენ, მეტოქე ნაკრებთან კი ხელჩართული ბრძოლა გამართეს.

CONIFA და მისი ხელშემწყობი მედიასაშუალებები ამ ტურნირს პირველივე დღიდან აშუქებდნენ, მაგრამ ამ შეხვედრის და კონკრეტულად ჩხუბის ეპიზოდები სოცქსელებიდან და
მედიასაშუალებებიდან სასწრაფოდ გააქრეს...

ჩრდილოეთ კვიპროსზე მოსახვედრად რეისი თურქეთიდან ხორციელდება და საინტერესოა, როგორ და ვისი ხელშეწყობით მოხვდნენ აფხაზური და ოსური დელეგაციები კუნძულზე?

CONIFA სეპარატისტული რეგიონებისა და არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო გაერთიანება, მათი "ფიფაა" და ერთგვარი ოცნების ზონა, სადაც ერთმანეთში ტურნირებს ატარებენ და ამას თავადვე "მსოფლიოსა" და "ევროპის ჩემპიონატებს" უწოდებენ.

რეალურად, დამოუკიდებელი საფეხბურთო კონფედერაცია (CONIFA) არასამთავრობო ორგანიზაციაა. ის 2013 წელს, შვედეთის ქალაქ ლულეოში ჩამოყალიბდა, 2014 წლიდან კი მას ლაპლანდიელი პერ ანდერს ბლინდი ხელმძღვანელობს. 2014 წელს, შვედეთში "მსოფლიოს", ხოლო 2015 წელს უნგრეთში "ევროპის" ჩემპიონატი ჩაატარა. პირველ ე.წ. მსოფლიო ჩემპიონატზე 8 გუნდი მონაწილეობდა.

პირველი ტურნირი შვედეთის ისეთ რეგიონში ჩატარდა, რომელსაც ავტონომიაზე უფრო მაღალი მოთხოვნები აქვს და მასში სამხრეთ ოსეთის გუნდი მონაწილეობდა. ამგვარი ტურნირების დაბლოკვა შესაძლებელია იმით, რომ სახელმწიფოებმა ვიზები არ გასცენ ხოლმე, მაგრამ ამას ხან აკეთებენ, ხან - არა.

2015 წელს, უნგრეთის ქალაქ დებრეცენში ჩასასვლელად, საქართველოს საელჩოსა და ფეხბურთის ფედერაციის დიდი პროტესტისა თუ ჩარევის გამო "აფხაზეთის ნაკრების" წევრებს ვიზები არ მისცეს, ისევე, როგორც - "სამხრეთ ოსეთსა" და "ჩრდილოეთ კვიპროსს". ამ ფაქტმა სოხუმში დიდი აღშფოთება გამოიწვია და საქართველო "რესპუბლიკის" იზოლაციაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს.

აფხაზებმა CONIFA-სგან "მსოფლიო ჩემპიონატის" თავიანთ "რესპუბლიკაში" ჩატარება ამ ფაქტის შემდეგ მოითხოვეს. ასეც მოხდა - შარშან, 2016 წელს, "მსოფლიო ჩემპიონატი" აფხაზეთში გაიმართა - 29 მაისს დაწყებულ ტურნირში 12 გუნდი მონაწილეობდა: მასპინძელი, ჩრდილოეთი კვიპროსი (კვიპროსის თურქული ნაწილი), ლაპლანდია (ფინეთი), პადანია (იტალია), სეკეის მხარე, ერაყის ქურთისტანი, სომალილენდი (აფრიკა), ჩაგოსის არქიპელაგი (კუნძული ინდოეთის ოკეანეში), პენჯაბი (ინდოეთი), ასევე იაპონიის კორეელები, რეტები და ბოშები.

არაღიარებული ქვეყნების ჩემპიონატს 16-მა არბიტრმა უმსაჯა, მათ შორის 6 - რუსეთიდან იყო. მატჩები სოხუმისა და გაგრის განახლებულ სტადიონებზე ჩატარდა, მაგრამ ორივეგან გუნდები ხელოვნურ საფარზე თამაშობდნენ.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის "მსოფლიოს" ჩემპიონი ნიცას საგრაფო და მეოთხეადგილოსანი "სამხრეთი ოსეთი" 2016 წლის ტურნირზე ვერ მოხვდნენ. 11 გუნდი იანვარში კენჭისყრით შეირჩა და მასპინძელი აფხაზეთი დაემატა.

ფინალური მატჩი 5 ივნისს სოხუმის "დინამოს" სტადიონზე ჩატარდა. დე-ფაქტო აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრები პენჯაბის გუნდს შეხვდა, უცნაური ანგარიშით - 7:6 დაამარცხა (?!) და CONIFA-ს ეგიდით მიმდინარე ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ბრინჯაოს მფლობელი ჩრდილოეთი კვიპროსი გახდა, რომელმაც პადანიას 2:0 სძლია.

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ევროპისა და აზიის სეპარატისტული ქვეყნებიდან 1000-მდე სპორტსმენსა და მათ ქომაგებს უმასპინძლა. დიდი იმედიც ჰქონდათ, რომ ეს "ჩემპიონატი" საიმიჯოდ "რესპუბლიკისთვის" წარმატებული იქნებოდა და მის ცნობადობას გაზრდიდა.

საინტერესოა, რომ 2016 წლის აპრილში კურიოზული ინფორმაცია გამოაქვეყნეს: იქმნებოდა ყირიმის ნაკრები, რაზეც პრესასთან ყირიმის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა იური ვეტოხამ ილაპარაკა და აფხაზეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გეგმავდა...

მაგრამ ეტყობა, მერე მიხვდნენ, რომ რაღაც სისულელე გამოდიოდა. ყირიმის ნაკრები როგორ შეიქმნებოდა, როცა რუსეთმა მისი დამოუკიდებლობა კი არ აღიარა, არამედ შეიერთა და ისე გამოდიოდა, რომ რუსეთიდან გამოყოფის მსურველი ხალხის ნაკრები იქნებოდა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
აფხაზებს ჭირივით ვძულვართ,წაიკითხეთ იქაური პრესა.
მერაბი გუდაუთა
18:12 13-06-2017
0
არ არის საჭირო ასეთი დაწვრილებითი მიმოხილვის გაკეთება. ჩვენს საქმეს არაფერში წაადგება.
DEVI
19:05 13-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული