ზვიად სიჭინავა: გოგუასა და ქეცბაიას კონფლიქტი არ ჰქონიათ!

AutoSharing Option
ილუზიები არას გვარგებს - საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის უპირველესი კანდიდატი ნაღდად არ არის, მაგრამ სატურნირო ეკვატორს დამაიმედებელი შედეგით გადავაბიჯეთ.

ეგაა, ხორვატიასთან მოგების შემდეგ დასანანი იყო ისრაელში წაგების ერთ-ერთი მიზეზი: უეფა ორმატჩიან შეხვედრებს ოთხდღიან პერიოდში ატარებს, მაგრამ რატომღაც ხორვატიასთან უმძიმესი მატჩის შემდეგ ჩვენებმა თელ-ავივში ორი დღის მერე ითამაშეს. არ ვამბობთ, რომ თელ-ავივშიც აუცილებლად უნდა მოგვეგო, მაგრამ ასეთ მძიმე და პრინციპულ შეხვედრებს შორის ისედაც მცირე შუალედის კიდევ უფრო შემცირებით, ცხადია, მასპინძელმა ისრაელმა იხეირა. ებრაელებმა მანამდე ლატვია მიიღეს და ჩვენებივით მგზავრობაში
დრო და ენერგია არ დახარჯეს.

მართლაც, ქართველმა ფეხბურთელებმა ძალების აღდგენა ვერ მოასწრეს და გადაღლილებმა ჩვეული ბრძოლისუნარიანობა ვერ გამოავლინეს. არადა, შეხვედრა 7 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ კალენდრის შედგენისას ისრაელის მხარემ მატჩის 29 მარტისთვის გადატანა ითხოვა, რადგან 7 ოქტომბერს ისრაელში რელიგიურ დღესასწაულს აღნიშნავენ.

თამაშის შემდეგ გულშემატკივარი გაოცებული კითხულობდა, როგორ დათანხმდა ჩვენი ფედერაცია ასეთ კალენდარს, ისედაც ცხადი არ იყო, რომ სამდღიანი პაუზა საკმარისი არ იქნებოდა?

კითხვით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას მივმართეთ.

“ბევრმა არ იცის, კალენდარი როგორ დამტკიცდა და რომ ეს ჩვენი მოგონილი არ არის: ვარშავაში კენჭისყრის დაწყებამდე, როდესაც არ ვიცოდით, ჩვენი მეტოქეები რომელი ნაკრებები იქნებოდნენ, უეფამ ფედერაციების ხელმძღვანელებს გვითხრა, ბატონებო, ვისაც ისრაელი შეგხვდებათ, გაითვალისწინეთ, რომ ეს ნაკრები პარასკევს არ თამაშობსო, რადგან ებრაელებისთვის ეს მნიშვნელოვანი დღეა, პარასკევ საღამოდან შაბათ საღამომდე სტადიონის კარსაც კი არ გააღებენ და მათ რელიგიურ გრძნობებს ანგარიშს უწევენ.

ვარშავაში მოწოდებული კალენდრის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე ხორვატია იყო. ასე გაგრძელდა უეფას ოფისში, ნიონში და ათენშიც, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს. უეფამ ბრმა კენჭისყრის ჩატარება გადაწყვიტა. ათენში კალენდრის შედგენაში ფედერაცია არ მონაწილეობდა, იქ ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია იმყოფებოდა. მატჩებს შორის სამდღიანი პაუზა კი მარტო ჩვენს ქვეჯგუფშია, რადგან, როგორც გითხარით, პარასკევ საღამოდან ებრაელები არ თამაშობენ.

ჩვენ რომ გვეთქვა, ამა და ამ დღეს საქართველოში წმინდა ნინოს დღესასწაულიაო, შეღავათს არავინ გაგვიწევდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - ისრაელის ნაკრების მწვრთნელი ფრანგია, შეხვედრას კი ფრანგთა ბრიგადა ემსახურებოდა. მოედანიც ზედმეტად იყო მორწყული, რაზეც წინასწარ არ გაგვაფრთხილეს, ჩვენს ფეხბურთელებს შესაფერისი ბუცებით რომ ეთამაშათ. მე კი ვფიქრობ, რომ მოწინააღმდეგეები თანაბარ პირობებში უნდა თამაშობდნენ. აღარც მინდა ამაზე ლაპარაკი”, - გვითხრა სიჭინავამ.

რა მოხდა ეროვნულ ნაკრებში ხორვატიასთან მატჩის მეორე დღეს და რატომ ვერ გაემგზავრა ისრაელში გოგიტა გოგუა?

“თემურ ქეცბაიამ ისრაელში გოგუას გარეშე წასვლა გადაწყვიტა და მის გადაწყვეტილებაში ვერავინ ჩაერევა. ამაზე ყურადღების გამახვილება და აჟიტირება არ ღირს. მოხდა ის, რაც მოხდა, არაფერი განსაკუთრებული, ეს არ იყო კონფლიქტი. კონფლიქტი ისაა, ერთმანეთს რომ აგინებენ, ასეთი რამ კი არ ყოფილა. ვფიქრობ, ყევლაფერი ისე გადაწყდება, ეროვნული ნაკრების ინტერესი რომ არ დაზარალდეს. მე კი დარწმუნებული ვარ, ისრაელში უფრო აზრიან და შემტევ ფეხბურთს ვაჩვენებდით, ანანიძე და ასათიანი რომ გვყოლოდა”, - ამბობს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

ფედერაციის თავკაცმა გასულ წელს ნაკრებებში მწვრთნელთა დანიშვნის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გარკვევით თქვა - თუკი ნაკრები ზედიზედ სამ შეხვედრას წააგებს, მისი მწვრთნელი გათავისუფლდებაო. თუმცა სიჭინავა არ მალავს, რომ საფრანგეთში გამართულ ელიტრაუნდში წარუმატებლობის მიუხედავად, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი დასაკარგი სპეციალისტი არ არის:

“ჩვენთან T და PRO კატეგორიის ლიცენზიები ბევრ მწვრთნელს არ აქვს და, აქედან გამომდინარე, ჟორჟიკაშვილის მსგავსი სპეციალისტის დაკარგვის უფლება არ გვაქვს. ამიტომ ვფიქრობ, მისი დასაქმება სხვა მიმართულებითაც შეიძლება და საჭიროც არის.”









.
მკითხველის კომენტარები / 7 /
რა მენეჯერია დაროგორ ერკვევა ფეხბურთში ამას დრო გვიჩვენებს(ჩემთვის კია გასაგები),სხვა რამე მაინტერესებს.გოგუას და ქეცბაიას შორის კონფლიქტის არარსებობას რომ გვიმტკიცებს, არ ეკუთვნის ქართველ გულშემატკივარს ასეთი ნაცრის შეყრა.ჩვენ პასუხს ველოდებით,ზღაპრები ფედერაციაში მოუყვნენ ერთმანეთს
0
ისრაელთან დამარცხება მთლიანად ფედერაციის სინდისზეა.
guja kakhadze
21:15 04-04-2011
0

სიახლეები პოპულარული