ზვიად სიჭინავა: ხულიგნებს აუცილებლად დავსჯით!

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა გუშინ ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას საგანგებო განცხადება გაავრცელა ეროვნული ჩემპიონატის მატჩებში გახშირებული ხულიგნობის ფაქტებთან დაკავშირებით.

"მინდა, გამოვეხმაურო გუშინ, სათასო მატჩის შემდეგ, ზესტაფონის სტადიონზე მომხდარ ფაქტს. გულშემატკივართა გარკვეული ნაწილის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხულიგნურ გამოხდომას - დამტვრეულია სკამები, დაზიანებულია მანქანები... გვაქვს ინფორმაცია, რომ ქუთაისის "ტორპედოს" ხელმძღვანელობა მზადაა, "ზესტაფონს" ზარალი აუნაზღაუროს. თუმცა, ჩვენს ხელთ არსებულ ვიდეოჩანაწერებზე დაყრდნობით, ის ადამიანებიც დაისჯებიან, ვინც გულშემატკივარი პროვოკაციაზე წამოაგო, რის შემდეგაც ვითარება უკიდურესად გამწვავდა. სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე ამ ფაქტებს განიხილავენ და დამნაშავეები სათანადოდ დაისჯებიან."

სიჭინავამ
კომენტარი პოლიციის მიერ რუსთავის "ოლიმპის" ფეხბურთელების, ალექსანდრე კვახაძისა და ლუკა რაზმაძის დაკავებაზეც გააკეთა. საქართველოს ჩემპიონატის 31-ე ტურში "ოლიმპი"-"ზესტაფონის" მატჩისას ეს ორი მოთამაშე მოედნიდან გააძევეს. თურმე, რუსთავის პოლიციაში საჩივარი სწორედ ამ ფაქტის საფუძველზე შევიდა და ოლიმპელები "საზოგადოებრივი წესრიგის" დარღვევისთვის დააკავეს. მართალია, მალევე გაათავისუფლეს, თუმცა 100-100 ლარით დასაჯეს.

"როგორც ვიცი, ისინი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო დააკავეს. ჩვენი მხრივ, ნებისმიერი ხულიგნური გამოხტომისას უმკაცრესად დავსჯით ყველას, ფეხბურთელი იქნება, მწვრთნელი, მასაჟისტი თუ გუნდის ხელმძღვანელი. თუ ფედერაციის პრეროგატივა იქნება, ფედერაცია დასჯის. თუ ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებს გასცდება, ის ორგანო დასჯის, ვის კომპეტენციაშიც შედის. დროა, წესრიგი დამყარდეს და ყველამ თავისი საქმე აკეთოს. ფეხბურთელის საქმე გინება და ჩხუბი კი არა, მოედანზე გასვლა და თამაშია", - განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფულს სახელმწიფო აძლევს ფედერაციას,გარიგებულ თამაშებსაც პოლიციისგან ვიგებთ.ახლა მსაჯთან კამათისთვის,რომლის მსაგვსიც უამრავი ხდება ჩვენთანაც და სხვაგანაც თურმე პოლიციამ უნდა გაარკვიოს,დაიჭიროს და დააჯარიმოს.საღოლ "პროფესიონალ"სიჭინავას!
dabereka
10:25 06-05-2011
0

სიახლეები პოპულარული