ატელკინი "შახტარმა" თბილისში მოავლინა, რათა ეროვნული თასზე "გაგრასა" და "ვიტ ჯორჯიას" განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრას დასწრებოდა და დონეცკური კლუბისთვის საინტერესო ფეხბურთელებს დაკვირვებოდა.
ბოლო რამდენიმე წელია, "შახტარი" ევროპული ფეხბურთის გრანდებშიც გაერია და, ცხადია, ასეთი დონის კლუბის სელექციონერის სტუმრობამ დაგვაინტერესა.
სერგეი ატელკინს ინტერვიუ ჩამოვართვით:
- თავიდანვე გეტყვით,
- საქართველოს თასის ნახევარფინალურ შეხვედრაზე თქვენი დასწრება რამ განაპირობა?
- აქ ჩამოვედი ფეხბურთელებზე დასაკვირვებლად, მაგრამ ჯერ კონკრეტულად არავინ შეგვირჩევია. "შახტარში" 2 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს, ეს დიდი ბიზნეს-სტრუქტურაა და თუ ადამიანი ჩვენთან თანამშრომლობს, კლუბის მეპატრონეები მას ოჯახის წევრად მიიჩნევენ.
"შახტარმა" "გაგრას" პრეზიდენტ ბესო ჩიხრაძესთან პარტნიორობა თორნიკე ოქრიაშვილის მიწვევის შემდეგ დაიწყო და მას მერე ჩვენთვის ეს კლუბიც საინტერესო გახდა და "გაგრას" ფეხბურთელებიც. მიგვაჩნია, რომ "გაგრაც" ჩვენი ოჯახის წევრია. სათასო მატჩმა დამარწმუნა, რომ "გაგრა" ძალიან საინტერესო კლუბია. ძნელი წარმოსადგენი იყო, პირველი ლიგის კლუბი ქვეყნის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბს ორივე მატჩში თუ დაამარცხებდა.
- რომელი ფეხბურთელი დაგამახსოვრდათ?
- ჩვენ გვაინტერესებს ახალგაზრდა ფეხბურთელები. სხვათა შორის, ბევრი კლუბისგან განხსვავებით, "გაგრასთან" საქმის დაჭერა ადვილი და სასიამოვნოა, რადგან საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა და აქ ნიჭიერი ბავშვები არიან. საბჭოთა კავშირში ცნობილი იყო მოსკოვის "სპარტაკის", კიევის "დინამოს", ქართული საფეხბურთო სკოლები. ახლა "შახტარმა" უკრაინაში კიევის "დინამოსგან" განსხვავებული სტილი დაამკვიდრა და ჩვენი უპირველესი მიზანი ამ სტილით უკრაინელი ბავშვების გაზრდაა. სხვათა შორის, "შახტარის" წლიური ბიუჯეტი 120 მილიონი ევროა, საიდანაც 6 მილიონი საფეხბურთო სკოლაზე იხარჯება.
თუმცა უარს არც გამორჩეულ უცხოელებზე ვამბობთ. თქვენთან კი ყოველთვის იზრდებოდნენ საინტერესო ფეხბურთელები, რასაც საქართველოს ნაკრების გასული წლის თამაშებიც ადასტურებს: ქეცბაიას ხელმძღვანელობით გუნდს ზედიზედ 11 შეხვედრა არ წაუგია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ პოტენციალი არის, მაგრამ ადრე ვერ იყენებდნენ. ცხადია, ასეთი ქვეყნიდან ფეხბურთელების მიწვევაზე უარს ვერ ვიტყვით.
- როგორც ვიცით, თქვენ ოვონიკოკოს აკვირდებით.
- საინტერესო ფეხბურთელია, მაგრამ მისი წაყვანა ჯერ არ გადაგვიწყვეტია.
- მაგრამ "შახტარი" ნიგერიელით დაინტერესებულია?
- ჩვენ სხვა ფეხბურთელებიც გვაინტერესებს.
- რას იტყვით თორნიკე ოქრიაშვილზე, რომელიც "შახტარს" ეკუთვნის?
- ის "შახტარს" არ ეკუთვნის, "გაგრამ" იჯარით დაგვითმო, მაგრამ ვფიქრობთ, სეზონის შემდეგ საბოლოოდ გამოვისყიდით და მაღალი კლასის ფეხბურთელად ჩამოვაყალიბებთ. ოქრიაშვილს ყოველდღიურად აკვირდებიან ჩვენი მწვრთნელები. ნიჭიერია და ამას ყველა ხედავს, თორნიკე ახლა ბავშვობიდან დიდობაში გადადის და მარიუპოლის "ილიჩივეცის" მთავარი მწვრთნელის, ვალერი იარემჩენკოს ამოცანა მისი გახსნაა. ოქრიაშვილის შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული, ღვთისგან ბოძებულ ნიჭს როგორ გამოიყენებს.
- "შახტართან" თქვენი ყოფილი თანაგუნდელი მიხეილ ფოცხვერიაც ხომ არ თანამშრომლობს?
- არა, მიშა ლუგანსკის "ზარიას" ბავშვთა სკოლაში საქმიანობდა, მაგრამ დიდი ხანია, აღარ მინახავს. ძალიან ნიჭიერი თავდამსხმელი იყო, მაგრამ რატომღაც კარიერა ნაადრევად დაასრულა.