მიშელ პლატინი: უეფას ფილოსოფია უნდა შეიცვალოს

AutoSharing Option
საქართველოში მიშელ პლატინის ორდღიანი ვიზიტი დასრულდა. უეფას პრეზიდენტმა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ "თბილისი მარიოტში" შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა და ქართველი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ცხადია, ჩვენი სურვილი უმთავრესად იმის გარკვევა გახლდათ, შეძლებს თუ არა საქართველო რომელიმე ევროპული ტურნირის (ან ფინალური მატჩის) მასპინძლობას. პლატინის გარდა, პრესკონფერენციას თეოდორის თეოდორიდისი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე ესწრებოდნენ...

ზვიად სიჭინავა:
- უპირველესად, მსურს მადლობა გადავუხადო უეფას პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტისთვის. ეს იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო მოვლენა.
მიშელ პლატინი: - მოხარული
ვარ, რომ კვლავ ვიმყოფები საქართველოში, სადაც არაჩვეულებრივი დახვედრა მომიწყვეს. დავრწმუნდი, რომ ფეხბურთის ფედერაციას მშვენიერი ურთიერთობები აქვს სახელისუფლებო რგოლებთან, პრემიერთან, მერთან...

- რა შანსი აქვს თბილისს, რომ ევროპის ლიგის ფინალს უმასპინძლოს?

- ვიცოდი, რომ პრემიერი და თბილისის მერი ლიგის ფინალის მასპინძლობით იყვნენ დაინტერესებულნი რომ იყვნენ, მაგრამ ასეთი მძაფრი სურვილი ჩემთვის მოულოდნელი იყო. მოსაფიქრებლად დრო ვითხოვე. გადაწყვეტილებას ფეხბურთის ფედერაციას ერთ თვეში ვამცნობთ.
- ფინალის მასპინძელი ქალაქის შერჩევისას პოლიტიკურ ფაქტორებს თუ ითვალისწინებთ? მაგალითად, ევროპის ლიგის ფინალში რუსული კლუბი რომ გავიდეს, თბილისში ჩამოვა?
კითხვას დარბაზიდან რეპლიკა მოჰყვა: - თუ არ ჩამოვა, უეფას ტურნირებიდან მოიკვეთება.
პლატინი: - ჩვენ ფინალის ჩასატარებელ ადგილს 3 წლით ადრე ვადგენთ და იმედია, მანამდე ეს ურთიერთობები მოწესრიგდება. რა თქმა უნდა, ყველაფრის გათვლა შეუძლებელია.

- კონკრეტულად რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს ქართულმა მხარემ, ფინალის მასპინძელ კანდიდატურად რომ განიხილებოდეს?

- ზუსტი ჩამონათვალი პრემიერსა და თბილისის მერს გადავეცით. მაგალითად, ახალგაზრდული ასაკის ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის სამასპინძლოდ ოთხი ისეთი სტადიონი უნდა გქონდეთ, რომელიც 5-6 ათას მაყურებელს დაიტევს. ფინალის სამასპინძლოდ კი მხოლოდ კარგი სტადიონი არ არის საკმარისი, ქვეყანას შესაბამისი ინფრასტრუქტურაც უნდა ჰქონდეს - მრავალრიცხოვანი ჩარტერული რეისის მისაღებად აეროპორტის გამტარუნარიანობა, სასტუმროების რაოდენობა, ხარისხი და კიდევ სხვა ფაქტორებია გასათვალისწინებელი. უეფაში 53 ასოციაციაა გაწევრიანებული და ყველა მათგანი ყოველწლიურად ამა თუ იმ ტურნირის მასპინძლობის წინადადებით მოგვმართავს. ჩვენ კი, უეფას აღმასკომთან ერთად, ყველაზე მისაღებ კანდიდატურაზე ვთანხმდებით. თუმცა მშვენივრად მესმის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სურვილი... დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

- თქვენ იმ დროს გახდით უეფას პრეზიდენტი, როცა ევროპულ ფეხბურთში ამინდს დიდი კლუბები ქმნიდნენ. იცოდეთ, რომ საქართველო და, რაც მთავარია, ჩვენი გულშემატკივარი თქვენს მხარესაა. მომავალში რა რეფორმების გატარებას აპირებთ?
- უეფაში მისვლისთანავე ბევრი რეფორმა გავატარე. ვფიქრობ, უეფას მართვის ფილოსოფიაა შესაცვლელი. ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, ქვეყნების მდგომარეობა გათანაბრდეს და უეფას საქმიანობაში სულ უფრო მეტი ქვეყანა აქტიურობდეს. ამა თუ იმ ქვეყნის ჩემპიონს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის მეტ შანსს ვაძლევთ. ვებრძვით რასიზმს, ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა კი, ასე ვთქვათ, ფინანსური "ფეარ პლეია". უმნიშვნელოვანესი საკითხია ტრანსფერების გამჭირვალეობა. 3 წლის შემდეგ ამასთან ყველას მოუწევს შეგუება.

- ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის თანამასპინძელ უკრაინის მიმართ სპეციალისტები ბევრ შენიშვნას გამოთქვამენ. როგორია თქვენი დამოკიდებულება?
- უახლოეს პერიოდში მომაწვდიან სრულ ინფორმაციას, თუ რა ხდება პოლონეთსა და უკრაინაში. ისე, ეს ქვეყნები უკვე მზად არიან ევროპის ჩემპიონატის სამასპინძლოდ. ამის თაობაზე უფრო ვრცლად ილაპარაკებს დავით პეტრიაშვილი და შეგიძლიათ, მას ჰკითხოთ. ის უეფადან უკრაინაში სწორედ იქაური მდგომარეობის შესასწავლად მივავლინეთ. ზოგადად, როგორც ვიცი, ორივე ქვეყანაში ბევრად უკეთესი მდგომარეობაა.

- ფინანსური "ფეარ პლეი" ახსენეთ, მაგრამ მადრიდის "ატლეტიკო" ხომ ამის გამო დაიჩაგრა?
- მადრიდელებს ბანკებთან ურთიერთობა აერიათ, უეფა რა შუაშია?
- გაიზრდება თუ არა უეფადან საქართველოს სხვადასხვა პროგრამული დახმარება მდიდარი ქვეყნების, მაგალითად, გერმანიის ხარჯზე?
- პროგრამების დაფინანსება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ჩატარდება ევროპის ჩემპიონატი და რა შემოსავლებს მოგვიტანს. სწორედ აქედან მიღებული თანხები განსაზღვრავს, თუ რა ოდენობის დახმარებას გავცემთ ამა თუ იმ პროგრამაზე. შემოსავალი უეფას წევრ 53-ვე ქვეყანაზე უნდა გადანაწილდეს. საქართველოს კი აუცილებლად დავეხმარებით.

- ხომ არ პირებთ "ფეარ პლეის" პრინციპების შეცვლას? მსოფლიოს საფეხბურთო მოედნებზე ხომ შეგნებულ უხეშობას ვაწყდებით და თან ძალიან ხშირად...
- საფეხბურთო წესების შეცვლა უეფას პრეროგატივა არ არის. თუმცა ბოლო დროს მსაჯები ამას ბევრად მეტ ყურდღებას აქცევენ...

პრესკონფერენციის ბოლოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ მიშელ პლატინის გადასცა ჩვენი ეროვნული ნაკრების მაისურა წარწერით - PLAთINI. უეფას პრეზიდენტმა კი, როგორც ეს მისი რანგის სტუმარს შეშვენის, მასპინძელს საკუთარი პერსონალური წარწერით უეფას ვიმპელი გადასცა. პლატინიმ "თბილისი მარიოტიდან" გეზი აეროპორტისკენ აიღო და კიშინიოვს მიაშურა...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული