მსგავსი სიტუაცია არაერთ "საფეხბურთო მოედანზე" შეგხვდებათ. რატომ ვწერ ბრჭყალებში? მხოლოდ იმიტომ, რომ იმ ადგილებს, სადაც ბავშვები ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამენ, იშვიათად შეიძლება ვუწოდოთ "საფეხბურთო მოედანი".
უსწორმასწორო, მიმოფანტული ქვები, ზოგან ეკლიანი, მუხლამდე ბალახი... რბილად რომ ვთქვათ, ეს ყოველივე ნაკლებად შეესაბამება საფეხბურთო გარემოს. სუფთა გასახდელიც კი პრობლემაა, რომ აღარაფერი ვთქვათ საშხაპეზე
ბოლო ხანს საგრძნობლად მომრავლდა ხელოვნურსაფარიანი მოედნები,რაც ჩემი და სხვათა აზრითაც, უფრო მეტი უარყოფითის მატარებელია (ტრავმიანობა, ძვალხრტილოვანი და კუნთური სისტემის არასწორი განვითარება, ტექნიკური ელემენტების შესწავლა-დახვეწა-გამოყენების პრობლემა), ვიდრე დადებითისა. აღარაფერს ვამბობ, მოედნის მდგომარეობაზე, სადაც თითქმის მთელი ზედაპირი ქვიშის სქელი ფენითაა დაფარული, მოძველებული და დეფორმირებულია.
ზოგიერთ საფეხბურთო სკოლას ეს პრობლემა არ აწუხებს. მეტიც, თითქმის ყველა პირობას უქმნიან მწვრთნელს და ბავშვს მაქსიმალურად კარგად განვითარებისთვის. მაგრამ ასეთი ძალიან ცოტაა.
ამას წინათ, ინტერნეტით საბავშვო საფეხბურთო ვარჯიშებს დავეძებდი. მწვანე მოედნები, ბევრი ბურთები, ერთნაირად ჩაცმული პატარები და მრავალფეროვანი ინვენტარი (დიდ-პატარა დგარები, სანიშნები, ბარიერები) საამო საცქერი იყო. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რამდენიმე სკოლას სავარჯიშო ინვენტარი გადასცა საჩუქრად.
რას ერჩი, ეხმარება და ზრუნავს ბავშვთა ფეხბურთზე! მაგრამ მაინც მეწყინა. "პიარ-აქციას" წააგავდა. უპრიანი იქნებოდა, რამდენიმე ისეთ სკოლაშიც მიეტანათ, სადაც მართლა არ გააჩნიათ ელემენტარული პირობები.
კიდევ ბევრი რამის თქმა, თხოვნა და მოთხოვნა მინდა ჩვენი ფეხბურთის თავკაცისთვის, მაგრამ საიდან დავიწყო, არც კი ვიცი. მარტო იმას ვხედავ და მესმის, რომ სახლს ვაშენებთ, დიდ სახლს, მაგრამ ყველამ დავივიწყეთ ან არ გავითვალისწინეთ, რომ საძირკველია საჭირო, თანაც კარგი და გამძლე.
სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელთა მთავარი პრობლემა კადრების სიმწირეა. ქართული უფულობის და დაუსრულებელი სიდუხჭირის გადამკიდე ბევრ ტალანტს, ნიჭიერსა და უბრალოდ ბურთაობის მოსურნეთა დიდ მასას ვკარგავთ "ფასიანი" ბავშვთა ჩემპიონატების გადამკიდე.ახლა ყოველთვიური გადასახადებიც დაუმატეთ სკოლებში, შემდეგ ფორმა...ეჰ, სია გრძელია...
მთავარი კი მაინც მწვრთნელია. ადამიანი, რომელიც დიდწილად განაპირობებს პატარა ფეხბურთელის გზას და ასევე "ბუღალტრის" პროფესიასაც ითავსებს. მან ხომ გადასახადი უნდა აკრიფოს (ან გადახდილი ქვითრები) და ა.შ.
ზოგი ლიცენზირებულია, ზოგიც არა...
ზოგს-კი კვალიფიკაციის ასამაღლებლად ფინანსების არქონა უშლის ხელს. ამ გახსენებაზე: ლიცენზირებისადმი ფედერაციამ დამოკიდებულება აშკარად შეცვალა. სამწუხაროდ, კურსების გავლის საფასური თითქმის გაორმაგდა. ძნელია, მწვრთნელი გაამტყუნო, მთელი თვის, ზოგისთვის კი ორი თვის ხელფასი (ლიცენზიასაც გააჩნია) განათლებას მოახმაროს, მათ უკან ხომ ოჯახები დგანან. არადა, კარგი რამეა ეს კურსები.
ნოვატორული იდეები, ახალი ვარჯიშები, ახალი აღმოჩენები და მიღწევები, ვიზუალური და პრაქტიკული მონაწილეობა საწვრთნელ პროცესში, უცხოელი სპეციალისტები და მათი გამოცდილების გაზიარება. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება მწვრთნელს, მასთან მოვარჯიშე ბავშვსა და მთლიანად ქართულ ფეხბურთს.დროა "გავეკიდოთ" მაინც მსოფლიო ფეხბურთს, თორემ ნამეტანი წინ წავიდნენ.
ალბათ სიტყვა გამიგრძელდა, სიტყვა რომელიც პესიმიზმითაა გაჯერებული. მინდა "კარგად" დავამთავრო. არის რამდენიმე საფეხბურთო სკოლა, სადაც უვლიან და ზრდიან ნიჭიერებს. მაგალითად? "ლოკომოტივი" პირველ ლიგაშია, სადაც უკვე ორი ტური ჩატარდა და არცერთი თამაში არ უთამაშიათ ჯერ. მიზეზი ისაა, რომ მათი 7! ფეხბურთელი U 17-ში არიან გამოძახებულნი. ადგილობრივი სკოლის კადრებით იბრძვის და თანაც როგორ, ზუგდიდის "ბაია"...
დევდარიანის ჩვიდმეტწლამდელებით ვამაყობდით, გაგვახსენეს გამარჯვებაო, ნახევარი გუნდი "საბურთალოდან" იყო. და კიდევ, მთავარი პოზიტივი მაინც ისაა, რომ ადამიანები ვართ, თანაც ჭკვიანი ერი, რომელსაც გონივრული გადაწყვეტილებითა და ქმედებით, მთელი სულით და გულით საქმის კეთებით ხშირად შეგვიცვლია საკუთარი ისტორია.
ჰოდა, მოდით, ცოტა ხნით შევეშვათ ამ სახურავიდან შენებას, უახლოეს მომავალში წყალი აღარ ჩამოვა... და ერთი მაგრად გავამაგროთ საძირკველი... მერე ავდგეთ და ვაშენოთ კედლები ნაირ-ნაირი ჩუქურთმებითა და თაღებით...
მანუჩარ მანჯავიძე
ბავშვთა ფეხბურთის მწვრთნელი,
რუსთავი
"ლელოს" სტაჟიორი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"