მიმდინარე სეზონში იგი ჯერაც არსად თამაშობს, ამიტომ გადავწყვიტეთ ბოისასთან დაკავშირება, საკლუბო ამბების გამოკითხვა და სანაკრებო პერიპეტიების გახსენება.
- სლოვენიაში ვარ, ჯერჯერობით "ჰელიოსში" ვვარჯიშობ. თუმცა არ ვთამაშობ, რადგან სხვა ვარიანტს ველი.
- კარიერის "ჰელიოსში" გაგრძელებას გამორიცხავ?
- ამის მცირე შანსი არსებობს, თუმცა "ჰელიოსში" მხოლოდ
- "ოლიმპიაში" რა სიტუაციაა?
- შარშანდელთან შედარებით ფინანსურად უარესი მდგომარეობაა, თან გუნდი უკვე შევსებულია და კარიერის "ოლიმპიაში" გაგრძელება გამორიცხულია.
- ევრობასკეტის მერე არაერთი ქართველი კალათბურთელი დარჩა უკლუბოდ. დღეს ნიკა ცქიტიშვილს ველაპარაკე, ისიც მსგავს სიტუაციაშია.
- საკალათბურთო თვალსაზრისით ახალგაზრდა აღარ ვარ. ვფიქრობ 3-4 წელი კიდევ ვითამაშებ, თუმცა საკითხავია რა დონეზე. ეს მეც ძალიან მაინტერესებს, ამიტომაც მინდა "ჰელიოსზე" ძლიერი გუნდი, რომელშიც სათამაშო დროც მექნება და საკუთარ გამოცდილებას სათანადოდ მოვახმარ. არადა, მეც მეგონა, ევრობასკეტის შემდეგ ქართველ კალათბურთელებს შესაფერისი კლუბების მოძებნა არ გაგვიჭირდებოდა.
- ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების გამოსვლით რამდენად კმაყოფილი ხარ?
- მიღწეულით კმაყოფილი არასოდეს უნდა იყო. მითუმეტეს, რომ ჩვენს ნაკრებს ლიტვაში უკეთესი შედეგის მიღწევა შეეძლო - ფინეთისა და მაკედონიის ძლევა რეალური იყო, მაგრამ არის მიზეზი, რამაც მიზნის მიღწევაში ხელი შეგვიშალა: სასტარტო ხუთეულის ორი კალათბურთელი დაგვემტვრა. მჯერა, ზაზა ფაჩულია და გიორგი ცინცაძე რომ გვყოლოდა, საბერძნეთს თუ არა, ფინეთს მაინც მოვუგებდით. ზაზა წლების განმავლობაში გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა, მასზე კომბინაციათა უმეტესობა აეწყო და ფაჩულიას არყოფნაში თამაშის სწრაფად გადაწყობა ვერ მოხერხდა.
- როგორ გაიხსენებ სლოვენიასთან მატჩს, რომელსაც დიდი ხანი ელოდი.
- ჯერ აღვნიშნავ, რომ საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის დებიუტანტი გახლდათ, მთავარი ამოცანა ჯგუფიდან გასვლა იყო. ამისთვის კი პირველი ნაბიჯი ევრობასკეტის სადებიუტო მატჩის მოგება უნდა ყოფილიყო. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად წარიმართა, ბელგია დავამარცხეთ და საბოლოოდ მეორე ეტაპზეც გავედით. საერთოდ, ყველა მატჩში ბოლომდე ვიბრძოლეთ, ნებისმიერ მეტოქეს, მათ შორის ფავორიტებს დიდი თავსატეხი გავუჩინეთ. სლოვენიასთანაც კარგად გავისარჯეთ. ნამდვილად შეგვეძლო გამარჯვება, მაგრამ სლოვენიელებმა სამქულიენები მაინცდამაინც ჩვენთან ისროლეს მაღალი პროცენტული სიზუსტით - 15 ჩააგდეს. არადა, სამიანების რეალიზების საერთო მაჩვენებლით სლოვენიის ნაკრები ევრობასკეტის ერთ-ერთი აუტსაიდერი იყო.
- საქართველოს ნაკრების გამოსვლას სლოვენიელებმა რა შეფასება მისცეს?
- აქაურები ჩვენს გუნდს კარგად იცნობენ, მე, ნიკა ცქიტიშვილს, მანუჩარ მარკოიშვილს, გიორგი შერმადინს, ზაზა ფაჩულიას... ამიტომ, ნამდვილად არ გაჰკვირვებიათ, რომ მათ ნაკრებთან ერთად მეორე ეტაპზე გავედით. ამას თავად სლოვენიელი კალათბურთელებიც ამბობენ. შესაძლოა, საქართველოში გუნდის გამოსვლით ზოგი უკმაყოფილოა, მაგრამ სლოვენიაში ყველა მილოცავს - ევრობასკეტზე კარგად ითამაშეთო.
- ლიტვაში საკუთარი თავისგან ალბათ მეტს ელოდი.
- ასეა. მეტი უნდა გამეკეთებინა, საკუთარი თამაშით კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ. სწორედ ამიტომ მინდა წლეულს რომელიმე კარგ კლუბში სათანადოდ ვითამაშო, რომ მომავალ წელს ნაკრებს მეტად გამოვადგე.
- ბოლოს შენი ძმის, ანატოლის გუნდზე გკითხავ. "არმია" ევროჩელენჯის მატჩებისთვის სლოვენიაში ემზადებოდა. რა შთაბეჭდილება დატოვა საქართველოს ჩემპიონმა?
- "არმია" ლაშკოში ვარჯიშობდა. მისი ამხანაგური მატჩები ვნახე და მომეწონა. ძლიერი შემადგენლობაა შეკრებილი და შეხვედრებიც კარგად ჩაატარა. ევროჩელენჯზე გაცილებით სერიოზული მეტოქეები ეყოლება, გერმანული "გოტინგენი", თურქული "ბეშიქთაში"... ჯგუფიდან გასვლა იოლი არ იქნება, მაგრამ მიმაჩნია, რომ "არმიას" ეს შეუძლია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"