ჟორდანიას ახალი საქმე - აიღეთ და ნახეთ, რა როგორ იყო

AutoSharing Option
ჰოლანდიის პერიფერიაში, პატარა ქალაქ არნემში შარშანწინ ქართველმა საქმეს ხელი მოჰკიდა და დღეისთვის ცოტას როდი მიაღწია - იქაური "ვიტესი" ჰოლანდიის ერედივიზიონში მე-6 ადგილზეა და სამეულში მოსახვედრად იბრძვის, "აიაქსის", '"ალკმაარის", პსვ-ს, "ფეიენოორდის" და "ტვენტეს" მარაქაში გარევას ლამობს.

მერაბ ჟორდანიამ თითქოს ზღუდეები გადალახა და ხელახლა იპოვა საკუთარი ადგილი ფეხბურში. ჩვენთან ბოლო დროს თითქმის ტენდენციის სახე მიიღო იმან, რომ ფეხბურთში რუსეთიდან ან სახელმწიფო სტრუქტურებიდან მოდიან. ჟორდანია კი ფეხბურთში ფეხბურთიდან მოვიდა, ასე ვთქვათ, საფეხბურთო ტიპაჟია თავისი ცოდვა-მადლით.

ახლა ის "ვიტესის" მფლობელი და მმართველია. კლუბის ამოცანა
წინა სეზონში ერედივიზიონიდან არგავარდნა იყო და "ვიტესმა" ეს მოახერხა, მერე ამბიციამ იმატა და მიმდინარე სეზონში სხვა ამოცანებს უკირკიტებს.

ჟორდანია ურიგო ფეხბურთელი ნამდვილად არ იყო, ვისაც ახსოვს მისი თამაში "დინამოს" დუბლებში, საბჭოთა კავშირის უმაღლეს და პირველ ლიგებში, ამ შეხედულებას, ალბათ, დაეთანხმება. ცხადია, მისი ფეხბურთელობა მენეჯერ ჟორდანიას შესაძლებლობებს ბევრს ვერ შემატებდა, მაგრამ მოედანზე ბევრი რომ გინახავს, ჩინოვნიკურ საქმეს ესეც წაადგება.

და როგორი იყო ჟორდანია "დინამოს" პრეზიტენტად? ეს კითხვა დღესაც აქტუალური უნდა იყოს, რადგან თვითონ ჟორდანია გახდა ხელახლად აქტუალური, თუნდაც იმიტომ, რომ "ვიტესში" დღეს სამი ძალიან საინტერესო ქართველი ფეხბურთელი თამაშობს - გურამ კაშია, გიორგი ჭანტურია და ვალერი ყაზაიშვილი.

მას ყოველთვის ეხერხებოდა ადამიანებთან ურთიერთობა, განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდა ვეტერანებს. ძალიან ძნელ დროს მოუწია "დინამოს" პრეზიდენტობამ, მაშინ ომი იყო და ქუჩაშიც ისროდნენ. ჟორდანია მარტო არ მართავდა კლუბს, თუმცა პრეზიდენტი და გამოსაჩენი კაცი ის იყო. მაშინდელი დროის ადამიანი, რა თქმა უნდა, იმდროინდელ ფაქტორებს ვერ ასცდებოდა.

ორჯერ დააპატიმრეს "დინამოს" ამბების გამო. მისი გარემოცვიდან სხვასაც მოუწია საპატიმროებში ყოფნამ, ზოგი კი რესპექტაბელური ადამიანი გახდა - ცხოვრება ისეთია, ყველას ვერ დაუჯდება ორი ექვსიანი.

ჟორდანია რამდენიმე წელი ემიგრანტივით ცხოვრობდა შვეიცარიაში, მერე საქართველოში დაბრუნდა და ისევ მოინდომა "დინამოს" მესვეურობა. იმ საქმიდან არაფერი გამოვიდა, თუმცა საყურადღებო გამოდგა ის, რომ ჟორდანია აღარ იყო საშიში კაცი ხელისუფლებისთვის.

და როგორ გახდა ჟორდანია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი? ისე არა, როგორც ეს ახლა, ბოლო წლებში ხდება. ჟორდანია ფედერაციის პრეზიდენტი შევარდნაძის დროს გახდა და "ვარდების" შემდეგ დააპატიმრეს.

ფედერაციის ჟორდანიასშემდგომი პრეზიდენტები მას არაფრით ჰგვანან, ეს ის შემთხვევაა, როცა შესადარებელი არაფერია. ფედერაციის პრეზიდენტად გახდომას ჟორდანიას დროსაც ლუციფერული ელფერი დაჰკრავდა, თუმცა ჟორდანია არასდროს ყოფილა ნაძალადევი პრეზიდენტი არც "დინამოში" და არც ფედერაციაში. სხვა საქმეა, კარგი პრეზიდენტი იყო თუ ცუდი.

ერთი სიტყვით, ჟორდანია ჰოლანდიაში გამოცდილებით მივიდა და კლუბში ფულიც გამოჩნდა. ამ პროექტიდან ქართული ფეხბურთისთვის ყველაზე საინტერესო "ვიტესში" მოთამაშე ჩვენებურები უნდა იყვნენ. რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი - საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში თავგამოჩენილი ფეხბურთელები უფრო ხშირად ამ ქვეყნებში მიდიან, წინ დგამენ ნაბიჯს, მაგრამ ზოგი მერე მუხრუჭდება. ცხადია, სადაც უნდა წავიდნენ ჩვენი ფეხბურთელები, ყველა ერთნაირად წარმატებული ვერ იქნება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ევროპაში უფრო კარგი გარემოა სპორტსმენის ფსიქოტიპის შესაქმნელად.

პეტარ შეგრტს არ ეზარებოდა ჟურნალისტებთან, ასე ვთქვათ, შინაურული საუბრები. ერთხელ გურამ კაშიაზეც ჩამოაგდო სიტყვა და მითხრა, დააკვირდი ამ ბიჭს, ცენტრალური მცველია და როგორი მოქნილი, როგორი სწრაფია, ის სხვებზე წინ დგას. არ ვიცი, როგორი მწვრთნელი იყო შეგრტი, მაგრამ მისი ნათქვამი რომ გამართლდა, წყალი არ გაუვა. ეროვნული გუნდიდან კახა კალაძის წასვლის შემდეგ გურამ კაშია კიდევ უფრო ფასეული მოთამაშე უნდა გახდეს ნაკრებისთვის. მას მართლაც კარგი სეზონი აქვს ჰოლანდიაში, "ვიტესის" კაპიტანია, შეტევაშიც კარგად ერთვება, უნივერსალურ მცველს ემსგავსება. ჰოლანდია მისთვის უკვე პატარა სარბიელია - კულუარებშიც ყბად იღეს კაშიას თემა.

ჟორდანიას "ვიტესისთვის" საკმაოდ ბევრი ქართველი ფეხბურთელი შესთავაზეს, მაგრამ იქ მოხვედრის შანსი ძალიან ცოტას აქვს. მან კარგად იცის ფეხბურთელის ფასი. სამიდან ერთიც არ აუცილებია - ჭანტურიაც და ყაზაიშვილიც "ვიტესს" უდავოდ გამოადგნენ და წინსვლის დიდი რესურსიც აქვთ.

ყაზაიშვილს "ვიტესში" მისვლამდე ჭანტურიასთან შედარებით ნაკლებად იცნობდა გულშემატკივარი, არადა, ნიჭიერებით ის, ალბათ, არავის ჩამოუვარდება. ძალიან საინტერესო მოთამაშეა, ჩამოყალიბებული ვარსკვლავივით ნათელი გონება აქვს. ევროპაში ახლა ერთი ტენდენციაა - ვინც სტადიონზე მიდის, ყველას ის უნდა, რომ "ბარსელონას" მაგვარი ფეხბურთი ნახოს, საამისოდ კი სათანადო ფეხბურთელებია საჭირო. ყველა მოდას და მის კანონმდებელს მიჰყვება და სელექციასაც ამის მიხედვით აწარმოებს. ვფიქრობ, ჟორდანიასაც აქეთკენ მიჰყავს საქმე - საფეხბურთო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.

კარგია, რომ ჟორდანიამ სამ ქართველ ფეხბურთელს შეუწყო ხელი. ეს პრეცედენტები მას ძალაუნებურადაც დაეხმარება იმაში, რომ კიდევ წაიყვანოს ნიჭიერი ქართველები შუაგულ ევროპაში. ჟორდანია ჭკვიანი კაცი გამოდგა, ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ ჩანს მისი ჰოლანდიური შეცდომები. ის ძველი ამბები კი, რაც მასზე გავიხსენეთ, თავისებური ბექგრაუნდია - აიღეთ და ნახეთ, რა როგორ იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჟორდანია პროფესიონალია, კაცია, მენეჯერია... დიახ ასეა, მაგრამ შურს და ბოღმას რა უყოთ ქართველებმა, წარმატებები მერაბ..
ირინა
13:39 04-01-2012
0
ჟორდანია დიდი პროფესიონალია
tazo555
11:08 04-01-2012
0

სიახლეები პოპულარული