35-ე - იქ, სადაც დავით თარგამაძეც გაიზარდა

AutoSharing Option
35-ე საფეხბურთო სკოლა მართლაც განსაკუთრებული სკოლაა, რომელმაც ბევრი სახელოვანი მოთამაშე გაზარდა, მათ შორის ძველი, ძლევამოსილი "დინამოსთვის" და მომდევნო პერიოდის სხვა გუნდებისთვისაც.

ადრე ეს სკოლა ორჯონიკიძის ქუჩაზე იყო, ახლა კი ქავთარაძის ქუჩაზეა. არსდროს ყოფილა და არც ახლაა ისეთი სკოლა, სადაც მეტწილად უბნის ბავშვები დადიან. 35-ეში ნიჭიერი ყმაწვილები ბოლო ნაბიჯებს დგამდნენ პროფესიულ სპორტში გადასვლამდე, ანუ გზას იწყებდნენ სხვადასხვა სკოლაში და მერე აქ მოდიოდნენ. ამ სკოლას, ფაქტობრივად, კოლეჯის ფუნქცია ჰქონდა.

ახლა კი ყველაფერი სხვანაირადაა, სისტემა შეიცვალა და ყველა სკოლა თვითონ აწვდის ფეხბურთელებს პროფესიულ
კლუბებს.

35-ე სკოლას ახლა "35-ე საფეხბურთო კლუბი" ჰქვია, რომლის დამფუძნებლები გოჩა ავსაჯანიშვილი და დავით სარჯველაძე არიან. ეს კლუბი ცალკე ფუნქციონირებს 35-ე საჯარო სკოლისგან, რომლის დირექტორი ამ საფეხბურთო სკოლის აღზრდილი არჩილ არველაძეა, უბრალოდ, იჯარით აქვს აღებული საჯარო სკოლისგან მოედნები.

35-ე საფეხბურთო სკოლის განკარგულებაში ამ დროისთვის ხუთი მოედანია - ეგრეთ წოდებული მარაკანა სტანდარტული ზომებით და კიდევ ის მოედნები, რომლებიც საჯარო სკოლის ტერიტორიაზეა.

თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად გრიგოლ ცაავას არჩევის შემდეგ საფეხბურთო სკოლებს 10-10 ათასი დოლარი გამოეყოთ. 35-ე საფეხბურთო კლუბმა ამ თანხით საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრის დაგება დაგეგმა, მოედანი მინი-ფეხბურთისაზე ოდნავ დიდი იქნება და მასზე 9-წლამდელები ივარჯიშებენ. 35-ე საფეხბურთო სკოლის ყველა დანარჩენი მოედანი ხელოვნურსაფრიანია.

"როგორც კი დათბება, სამუშაოებსაც მაშინ დავიწყებთ. "მარაკანაზე" ხელოვნური საფარი ორი წლის წინათ დავაგეთ და მოედანი კარგ მდგომარეობაშია, დანარჩენებს კი საფარი გამოსაცვლელი აქვთ", - გვითხრა ავსაჯანიშვილმა.

35-ე საფეხბურთო კლუბში ამ დროისთვის დაახლოებით 500 ბავშვი მეცადინეობს, სწავლის საფასური კი 50 ლარია. ამ თანხაში შედის ეკიპირება, თუ მოზარდები შეკრებაზე წავლენ, მაშინ მშობლებს დამატებითი თანხის გადახდა უწევთ.

კლუბს ყველა ასაკში ჰყავს ჯგუფი, ზოგ ასაკში სამი გუნდიც კი ჩამოყალიბდა. აქ დასაქმებულია 15 მწვრთნელი. თემურ ლორთქიფანიძე, ტარიელ კანდელაკი, გიორგი ელიაშვილი... საფეხბურთო სამყარო ამ სპეციალისტებს კარგად იცნობს. კლუბში საქმიანობს საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კახა გოგიჩაიშვილიც.

ავსაჯანიშვილი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში მუშაობდა მთავარ მწვრთნელ კობა ჟორჟიკაშვილის თანაშემწედ, კვლავაც ისაქმიანებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამწვრთნელო შტაბში, სავარაუდოდ, ერთ-ერთ ასაკობრივ ნაკრებში იმუშავებს გოგიჩაიშვილიც.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ახლა გიორგი დევდარიანი თავკაცობს, მომდევნო შესარჩევ ციკლში კი ამ ნაკრებს კახა კაჭარავა ჩაიბარებს და მისი გუნდის წევრებად 35-ე საფეხბურთო კლუბის ორი აღზრდილი მოიზარება - თავდამსხმელი ბაჩანა ზივზივაძე და საყრდენი ნახევარმცველი ლაშა ექვთიმიშვილი.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებში კი 35-დან ხუთი ფეხბურთელია მიწვეული. ორი მათგანის თამაში არაერთხელ მინახავს და სპეციალისტები, ალბათ, არ დამძრახავენ, თუ ვიტყვი, რომ თავდამსხმელი ლუკა ზარანდია და ცაცია შემტევი ცოტნე მესხი ძალიან ნიჭიერები არიან.

ამ საფეხბურთო სკოლის გუნდები თამაშობენ ელიტლიგაში. 1996-97 წლებში დაბადებულთა ლიგაში 35-ე საფეხბურთო კლუბი "გაგრას" სახელით თამაშობს და გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზეა. გუნდს კახა გოგიჩაიშვილი თავკაცობს, თუმცა, თუ ერთ-ერთი ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელი გახდება, კლუბში მუშაობის უფლება აღარ ექნება.

35-ეს აღზრდილებიდან ბოლო პერიოდში ვინ თამაშობდა და თამაშობს საქართველოს ეროვნულ თუ ახალგაზრდულ ნაკრებში? ჩამონათვალი არცთუ მცირე გამოდის: დავით სირაძე, ოთარ ხიზანეიშვილი, ალექსი ბენაშვილი, ბუბა დაუშვილი, ილია კანდელაკი, მიხეილ ბობოხიძე...

არის კიდევ ერთი მოთამაშე, ვისზეც ახლა ძალიან ბევრს ლაპარაკობენ თუ წერენ და რომელთანაც უკვე დონეცკის "შახტარმა" გააფორმა კონტრაქტი...

"დავით თარგამაძე 6 წლიდან ჩვენს სკოლაში იყო, შეიძლება ითქვას, ჩემს ხელში გაიზარდა. ფეხბურთს მეტწილად ხელმოკლე ოჯახებიდან გამოსულები თამაშობენ და ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. დათო ნიჭიერი ბავშვი იყო და ძალიან მიხარია, რომ იმედები გაამართლა. ის კარგი, სუფთა გულის ადამიანია და ასეთის წარმატება ორმაგად გასახარია.

თარგამაძეს ჯერ ცენტრფორვარდად ვათამაშებდი, მერე - ნახევარდაცვის ცენტრში, შემდეგ ფლანგზე დავაყენეთ. შეტევას კარგად იწყებდა და ამ პოზიციებზე ერთობ ეფექტური იყო, პასებიც ჩინებული ჰქონდა. სკოლის შემდეგ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს, მერე არჩილ არველაძის და ალექსანდრე იაშვილის დახმარებით ბუნდესლიგაში, "ფრაიბურგში" გადავიდა.

სხვა კარგ თვისებებთან ერთად მას ერთიც გამოარჩევს - სერიოზული დრიბლიორია", - ამბობს ავსაჯანიშვილი.

ნიჭიერი ბავშვების სელექციას ზოგმა კლუბმა ძალიან სერიოზულად მოჰკიდა ხელი, მაგალითად, "დინამო თბილისმა" და "საბურთალომ". ამ საქმეში ფული ჩადება ზოგს ენანება, თუმცა ზოგი სხვანაირად ფიქრობს. როგორც უნდა იყოს, საქართველო ჯერაც ფეხბურთელთა ექსპორტიორი ქვეყანაა.

"დინამოს" მესვეურებთან ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ამ კლუბის აკადემიის გუნდები ჩვენს მოედანზე ვარჯიშობენ. თუ 35-ე კლუბის რომელიმე ფეხბურთელით დაინტერესდებიან, ვფიქრობ, შეთანხმების მიღწევა პრობლემა არ იქნება. ამის თაობაზე მემორანდუმის გაფორმებასაც ვაპირებთ" - გვამცნო ავსაჯანიშვილმა.

კლუბის დამფუძნებელს სამომავლო პროექტებზეც დავეკითხეთ და შევიტყვეთ, რომ:

"მარაკანასთან" 60-მეტრიანი მოედნის გაკეთებას ვაპირებთ, გარდა ამისა, მიმდებარე ტერიტორიაზე 50-ადგილიანი სასტუმროც აშენდება, სადაც ორ გუნდს შეეძლება ცხოვრება. ამ პროექტის დამტკიცებაში ძალიან დაგვეხმარა ქალაქის მერი გიგი უგულავა და, ცხადია, მისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის".

მოკლედ, 35-ე საფეხბურთო სკოლა ვითარდება, რაც მთლიანად ქართული ფეხბურთისთვისაცაა სასარგებლო. სხვათა შორის, ეს კლუბი რეგიონებშიც აკვირდება ნიჭიერ მოზარდებს - ფეხბურთიც ხომ ბიზნესია და არეალის გაფართოება სჭირდება.

35-ე საჯარო სკოლის მეოთხე სართულზე კლუბმა მცირე სკოლა-ინტერნატიც კი მოაწყო. იქ მოეწყო კვების ბლოკი და საძინებლები რეგიონებიდან ჩამოსული ნიჭიერი მოზარდებისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თარგამაძეო - ისე ამბობთ გეგონება უკვე ზიდანი იყოს... ხალხო, ნუ იცით ამდენი ქება დიდება, ჯერ ფეხბურთი არ უთამაშია მაგ ბიჭს, აცადეთ რა რაღაცას მიაღწიოს!!!
Burton
20:51 21-01-2012
0

სიახლეები პოპულარული