ზამთრის შესვენების წინ კი გუნდს შსს-ს სახით ისეთი პატრონი გამოუჩნდა, რომ ამბიციის ზრდა ბუნენებრივი იყო. ამიტომაც მოსამზადებელი შეკრების დაწყებიდან გუნდში დიდი აჟიოტაჟია.
ყველა ინტერესით ადევნებს თვალს "დილას" სატრანსფერო სიახლეებს. ახლა კლუბი გაცილებით მაღალ მიზნებს ისახავს, ვიდრე ჩემპიონატის სტარტზე ჰქონდა.
გუშინ გუნდი ანთალიაში გაემგზავრა შეკრებაზე, მანამდე კი "დილას" კაპიტანს
- ორიოდ წლის წინ გორელი ფეხბურთელები წარმოიდგენდით, რომ "დილა" ასეთ სახარბიელო პირობებში აღმოჩნდებოდა და ქართული ფეხბურთის საზომებით საკმაოდ ძლიერ მოთამაშეებს მოიწვევდა?
- კაცი იმედით ცოცხლობს და ჩვენც გულის სიღმეში მუდამ გვქონდა იმედი, რომ მდგომარეობა როდესმე სასიკეთოდ შეიცვლებოდა. გეხსომებათ, ორი წლის წინ გორის ცენტრალურ სტადიონზე ფეხბურთს საერთოდ აღარ თამაშობდნენ და "დილა" საერთოდ უსახსროდ იყო დარჩენილი.
საბედნიეროდ, დღეს მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებულია. ახლა პირობებიც შესანიშნავია, ხელშეწყობაც და, ბუნებრივია, მაღალი მიზნებიც დაგვისახეს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს მიზნები ჩვენთვის უჩვეულო იყო - სეზონის სტარტზეც მაღალი ადგილებისთვის ბრძოლას და თასზე რაც შეიძლება მეტი ეტაპის გადალახვას გვიგეგმავდნენ.
- ამ გადასახედიდან 2011 წელი "დილასთვის" წარმატებულად მიგაჩნია?
- იქიდან გამომდინარე, რომ წლეულს უმაღლეს ლიგაშიც დავბრუნდით და თასის ნახევარფინალშიც გავედით, ზოგად წარმატებაზე ლაპარაკი ლოგიკურია, ეგაა, რვა საუკეთესოს შორის მოხვედრა ერთგვარად აფერმკრთალებს ამას. თუმცა ჯერ დრო გვაქვს, რომ ესეც გამოვასწოროთ.
- გატანილი გოლების რაოდენობით "დილა" ჩემპიონატში მხოლოდ სამ გუნდს ჩამორჩა, თუმცა გაშვებულთა მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე უარესი გქონდათ.
- კარგია, როცა გუნდს ბევრი გააქვს, მაგრამ ერთხანს კარის უსაფრთხოებაზე ძალიან ცოტას ვზრუნავდით და ამიტომაც გავუშვით ბევრი ბურთი. ამით იმას არ ვამბობ, რომ დაცვაში უშეცდომოდ ვირჯებოდით. ცხადია, მცველებსაც მეტი ყურადღება მოგვეთხოვებოდა.
- უხვგოლიან ფეხბურთს განსაკუთრებით გია ცეცაძის მწვრთნელობისას თამაშობდით...
- გია ცეცაძე ახალგაზრდა, ძალიან კარგი სპეციალისტი და პიროვნებაა. მისი შემოთავაზებული შემტევი სტილი ლამაზი იყო და მაყურებელსაც ხიბლავდა, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო წუთებზე წაგებული მატჩებისას გამოჩნდა, რომ, როცა ვიგებდით, მატჩის ბოლო მონაკვეთში მაინც არ იქნებოდა ურიგო, ანგარიშის შენარჩუნებაზეც გვეზრუნა.
- მახარაძის ტაქტიკაზე ადვილად გადაეწყვეთ?
- ბატონი თემური, უპირველესად, კარის მშრალად შენარჩუნებაზე ზრუნვას გვავალებს და, ცხადია, პარალელურად გატანასაც ვცდილობთ. პირველ მატჩებში ცოტა გაგვიჭირდა ახალი, განსხვავებული დავალებების შესრულება, მაგრამ მერე ალღო ავუღეთ და ბოლო შეხვედრებში ქულები კარგად დავაგროვეთ, თასის ნახევარფინალშიც მაშინ გავედით.
- მოსამზადებელი ეტაპის დაწყებიდან "დილაში"ბევრი მოთამაშე შეიკრიბა. ცხადია, გუნდში ყველა ვერ დარჩება და კონკურენცია, ალბათ, დიდია.
- ამიტომაც არის, რომ შეკრებაზე ყველა თავადაუზოგავად ცდილობს შესაძლებლობების სრულად გამოვლენას. სხვანაირად გუნდში ადგილს ვერ დავიმკვიდრებთ.
- ანთალიაში გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი შემადგენლობის გარკვევასთან ერთად ახალწვეულთა შეთამაშება უნდა იყოს.
- ეს აუცილებლად მოკლე დროში უნდა მოესწროს, რადგან სეზონის განახლების მერე რვა საუკეთესო გუნდში მოსახვედრად მხოლოდ ოთხი მატჩი გვაქვს დარჩენილი.
- როგორ ფიქრობ, უთუოდ ქულათა მაქსიმუმი დაგჭირდებათ მიზნის მისაღწევად?
- მგონი, ასეა და, ვფიქრობ, განახლებულ-გაძლიერებული "დილა" ამას შეძლებს.
- დიდი ხანია, "დილას" კაპიტანი ხარ და ახლაც შენია სამკლავური?
- ჯერ ვერ გეტყვით, ისევ მე ვიქნები თუ არა კაპიტანი. მოსამზადებელ ეტაპზე ეს საკითხი არ დამდგარა, რადგან ტაიმებს სხვადასხვა შემადგენლობა თამაშობდა და ცვლილებები ხშირი იყო. ისე კი, ეს პასუხისმგებლობა "დილაში" ჯერ კიდევ პირველ ლიგაში ყოფნისას მანდეს. სხვათა შორის, იქამდე, გაცილებით ახალგაზრდულ ასაკში "ბორჯომის" კაპიტანიც ვიყავი.
- ევროტურნირზე მოხვედრას ალბათ თასიდან ეცდებით...
- დიდი იმედი მაქვს, რომ წლეულს "დილა" ევროტურნირზე მოხვდება. საამისოდ თასზე სულ სამი შეხვედრა დაგვრჩა ჩასატარებელი, ჩემპიონატში კი ბევრად გრძელი მარათონია გასავლელი... მიუხედავად ამისა, მგონია, რომ ორივე ფრონტზე შეგვიძლია წარმატების მიღწევა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"