ერთი კვირის ათასი წვრილმანი: ცხოვრების ამბები და რექვიემი ფორვარდზე

AutoSharing Option
თოვლმა საფეხბურთო ნიადაგს ვერაფერი დააკლო, ეს ნიადაგი მყარი და ნაყოფიერია. და განა მარტო თოვლი? რა აღარ უთხრიდა ძირს ქართულ ფეხბურთს, მაგრამ ახლა თითქოს ყველაფერი აღმა მიდის.

შესაძლოა, ამას გულუბრყვილობით ვამბობ, მაგრამ ეს ზამთარი მაინც რაღაცნაირი მგონია.

ახლახან "შახტარში" გადასული, მერე "ილიჩივეჩში" განათხოვრებული დავით თარგამაძე "შახტარმა" ესპანურ შეკრებაზე წაიყვანა. დონეცკელთა რუმინელი დამრიგებლის, მირჩა ლუჩესკუს გარეშე ეს ვერ მოხდებოდა. თარგამაძეს ჩინებული შანსი მისცეს - თუ შეკრებაზე თავს გამოიჩენს, უკრაინულ გიგანტში ითამაშებს.

თარგამაძე ისეთ ფეხბურთელს ჰგავს, ოცნების რომ სჯერა და მის ასახდენად შრომობს
კიდეც. თავის დროზე იგი თბილისის "დინამოში" დაიწუნეს, მაგრამ ცოტა ხანში "ფრაიბურგში" მიიღეს. ჯერ იუგენდლიგაში გამოიჩინა თავი, მერე კი "ფრაიბურგის" პირველ გუნდში მოხვდა და ბუნდესლიგაში მიუნხენის "ბაიერნთანაც" კი ითამაშა.

ბუნდესლიგა კი ჭაბუკების სათამაშო ადგილი არ არის, თარგამაძესაც გაუჭირდა იქ დამკვიდრება და მერე საერთოდ წამოვიდა გერმანიიდან.

შემდეგ იყო უკრაინის პირველი ლიგის "ოლექსანდრია", გამოძახება ეროვნულ ნაკრებში და ყველაფერი ეს "შახტართან" კონტრაქტით დაგვირგვინდა.

დავითის ამპლიტუდა ჩვეულებრივ ამბავს არ ჰგავს, ამიტომ ვთქვი, ოცნებითა და შრომით მეთქი. თარგამაძე უკვე ნაკრების საკვანძო ფეხბურთელია, ქომაგმაც იმედად რომ დაიგულა.

* * *
გორში სტალინის ძეგლი აღარ არის, სამაგიეროდ, იქ ძლევამოსილი გუნდის შექმნას ეშურებიან. "დილა" სატრანსფერო ბაზარზე კვალავაც შეუჩერებელია. ზურაბ არზიანი, გიორგი კახელიშვილი და მათე ვაწაძე, მალე ლაშა სალუქვაძეცო - ავტობანი ტყუილად როდი დაუგიათ, გორში მისასვლელი გზები კარგადაა გახსნილი.

ვაწაძე განსაკუთრებულად ფასეული შენაძენია, რადგან ის გოლის გამტანი ფორვარდია. მან თბილისის "დინამოში" დაამტკიცა, რომ საქართველოს ჩემპიონტში გატანაში ბადალი ძნელად მოეძებნებოდა. რუსული "ვოლგადან" საქართველოში დაბრუნებულ მათეს ამასვე მოსთხოვენ "დილაშიც" - გორელები მხოლოდ რვა საუკეთესო გუნდში მოსახვედრად როდი ემზადებიან.

"დილამ" ამ სეზონში თასიდან გამოაგდო "დინამო" და, თქმა რად უნდა, რომ ასეთნაირად გაძლიერებული ევროსარბიელისკენ იყურება.

"დილას" ჯერ ტიტული არ მოუგია, გორელებს არაერთხელ ჰყოლიათ კარგი გუნდი, თუმცა ინტერტოტოს საგზურის იქით საქმე არ წასულა. ახლა კი, თასი და ევროლიგის შესარჩევი "დილასთვის" სავსებით რეალურია.

რატომ ჰქვია გორის გუნდს "დილა"? ეს არც უცხოური კალკია და არც ამ ქალაქის თუ კუთხის რაიმე ღირსშესანიშნაობის მანიშნებელი. იქნებ "დილა" დილის მშვენიერებასთან ასოცირდება? როგორც უნდა იყოს, "დილა" მაინც ნეიტრალური სახელწოდებაა, რომელიც ახლა მრისხანებას იძენს.

* * *
კარგის მანიშნებელი უნდა იყოს, თემურ ქეცბაია თურქეთში რომ ჩავიდა და ქუთაისის "ტორპედოს" საკონტროლო თამაშს დაესწრო რუმინულ "ბრაშოვთან". ეს მხოლდო იმას არ ნიშნავს, რომ ქეცბაია მუშაობს და ქართულ გუნდებში მოთამაშე ფეხბურთელებს აკვირდება. ქეცბაის მხრიდან ეს ქართულ კლუბებთან პარტნიორული ურთიერთობის ფორმადაც უნდა მივიჩნიოთ.

ხისტი ხასიათის შეცვლა ძალიან ძნელია, მაგრამ რაღაც წარმატების მიღწევა, ალბათ, ამაშიც შეიძლება. მწვრთნელის მუშაობაში ფლექსიბელურობა უაღრესად მნიშვნელოვანია და სასიამოვნოა, საქართველოს ნაკრების თავკაცი ამას რომ ითვალისწინებს.

ქეცბაიას "ტორპედოს" თამაშზე მისვლა იმასაც უნდა ნიშნავდეს, რომ ის ნაკრების შემადგენლობის გადახალისებაზე ნიადაგ ზრუნავს. "ტორპედოს" რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი ჰყავს და ვფიქრობ, ზოგს ქეცბაია ნაკრების ამხანაგურ მატჩებშიც დააკვირდება.

* * *
მისი წინამორბედი ექტორ რაულ კუპერი კი რაღაც შარში გაეხვია, ათი წლის წინათ 200 000 ევრო აუღია სიდედრისთვის სახლის ასაშენებლად და ეჭვობენ, ფული მაფიოზებს გამოართვაო. ამას მხოლოდ სამხრეთელი თუ გააკეთებს სიდედრისთვის.

კუპერი ტიპური სამხრეთელი კაცია, თავისი ქცევით ის ნაღდად არ ჰგავდა კლაუს ტოპმიოლერს. კუპერი ჩვენი ნაკრებიდან რომ მიდიოდა, ბოლო ორი თვის ხელფასზე უარი თქვა და ისე წავიდა. ამას იზამდა ტოპმიოლერი?

კუპერიც და ტოპმიოლერიც ჩვენთვის უკვე წარსულია, უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ყოფილ უცხოელ მწვრთნელთა ამბები ერთნაირად ვერ მოგხვდება გულზე.

ვფიქრობ, კუპერი კარგად ვერ გაერკვა ჩვენს სიტუაციებში და ხელიც ამად მოეცარა.

* * *
ქუთაისის "ტორპედოს" ლეგენდარული ფეხბურთელი მერაბ მეგრელაძე გარდაიცვალა. ქართული ფეხბურთი მხოლოდ თბილისის "დინამო" არ არის, სხვა გუნდებიც აღწევდნენ წარმატებებს და სხვა ქართული გუნდების სტადიონებზეც დადიოდა ათასობით გულშემატკივარი.

არ ვიცი, შემორჩენილია თუ არა მაშინდელი "ტორპედოს" თამაშების ფირები, კარგად კი გამოჩნდებოდა, გოლის გატანის როგორი ოსტატი იყო მერაბ მეგრელაძე. 80-იანი წლების "ტორპედოში" ის მთავარმეგოლე იყო, წარმოშობით ქუთაისელი არ იყო, მაგრამ იქაურებს ისე შეუყვარდათ, რომ ქუთაისელი გახდა. ასეთი რამეები კი ისე, ტყუილუბრალოდ არ ხდება.

მერაბ მეგრელაძე ბოლო დროს ფეხბურთში არ ჩანდა, თითქოს ყველას დაავიწყდა, რომ ერთს დროს ის არცთუ პატარა საქმეებს აკეთებდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული