თემურ ქეცბაია: ქუთაისის "ტორპედო" ანგარიშგასაწევი ძალა იქნება

AutoSharing Option
თურქეთში, სპორტკომპლექს "მარდანის" მინდორზე პოლონელებთან "ტორპედოს" ტესტ-მატჩი, ზამთრისთვის უჩვეულოდ მზიან და თბილ ამინდში წარიმართა.

"კორონასთან" ქუთათურთა პაექრობას ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ადევნებდა თვალს. აქვე იმასაც დავძენთ, რომ მერაბ მეგრელაძის პატივსაგებად ქართველმა ფეხბურთელებმა ამჯერადაც შავი სამკლავურებით ითამაშეს.

უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, იგი გუნდებმა საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყეს. მოედნის უმეტეს ნაწილში მიმდინარე ხისტ ორთაბრძოლებს მოჰყვა ის, რომ ტაიმის შუაში "ტორპედოს" ცენტრალური მცველი დავით გამეზარდაშვილი შესაცვლელი შეიქნა. მის ნაცვლად გია გეგუჩაძემ მინდორზე ბაქარ მირცხულავა შეუშვა. მანამდე კი, მეტოქეებმა თითო სახიფათო მომენტი
გაცვალეს.

მე-15 წუთზე რიგვავას პასით დოლიძე აღმოჩნდა მარჯვენა ფლანგზე, რომელმაც ჩაწოდება არ დაახანა და საჯარიმოში მყოფ რევაზ გოცირიძეს ბურთი თავზე "დაასვა". ქუთათურთა ფორვარდის თავური მცირედით უზუსტო გამოდგა. აქედან სამ წუთში უკვე პოლონელებმა შეუტიეს სახიფათოდ. "კორონას" სწრაფი შეტევა სლოვაკი ლეგიონერი პავოლ სტანიოს თავურით დასრულდა და თითქოს გოლიც გარდაუვალი იყო. ბრწყინვალედ გაისარჯა კიპერი - მან ბურთი მარცხენა "ცხრიანიდან" მოიგერია.

ეს იყო პირველ ტაიმში პოლონელთა მიერ შექმნილი ბოლო მომენტი - დარჩენილ დროში ომარ მიგინეიშვილი თამაშში საქმიანად არცერთხელ არ ჩართულა. "ტორპედომ" კი 2 რეალური მომენტი შექმნა. 38-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან დოლიძის მიერ ჩაწოდებული ბურთი "კორონას" კიპერმა ხელებში ვერ შეიმაგრა და იქვე მყოფი გიორგი დათუნაიშვილი ცარიელ კარში ურტყამდა - ბურთს სლავების კაპიტანი სტანიო გადაეღობა.

42-ე წუთზე დათუნაიშვილის პასით გიორგი რეხვიაშვილი დარჩა მეტოქის კიპერთან პირისპირ. ფორვარდმა ბურთი სუსტად დაარტყა და ამიტომაც ოპონენტის იოლი ნადავლი აღმოჩნდა.

შესვენებაზე გეგუჩაძემ 11-ვე მოთამაშე შეცვალა, მაგრამ თამაშის განახლებიდან სამიოდე წუთში კიდევ ერთი იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუხდა - მინდორზე მეორედ მოუწია შესვლა მირცხულავას, რომელმაც ამჯერად ფეხმტკივანი ლექსო კვახაძე ჩაანაცვლა.

მეორე ტაიმის შუამდე "ტორპედოს" კართან ორი სახიფათო მომენტი შეიქმნა. მაქსიმე ქვილითაიამ, ჯერ მასთან პირისპირ დარჩენილ დანიელ კოლბიევსკის აუღო, მერე კი მაცეი კორჟიმი დატოვა უგოლოდ. თითქმის იმავწუთს, 68-ზე ნიკა საბანაძე მარჯვენა ფლანგიდან შევიდა მეტოქის საჯარიმოში, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ უკეთეს სიტუაციაში მყოფი პარტნიორისთვის პასი მიეცა, თავად ამჯობინა დარტყმა - პოლონელთა მეკარე ბურთს იოლად დაეუფლა.

მატჩის ბოლომდე გუნდებს სხვა ყურადსაღები მომენტი აღარ შეუქმნიათ. საკმაოდ ხისტი ორთაბრძოლებით დატვირთული თამაშში, რომელშიც ტორპედოელთა 2 ცენტრალური მცველი (მათგან "ბაიანოს" მდგომარეობა უფრო საგანგაშოა, ვიდრე კვახაძის) იძულებით შესაცვლელი შეიქნა, ანგარიში არ გახსნილა - 0:0.

"ტორპედომ" "კორონასთან" სპარინგი ასეთი შემადგენლობით გამართა:
ომარ მიგინეიშვილი (მაქსიმე ქვილითაია 46), დათა რიგვავა (გივი იოსელიანი 46), დავით გამეზარდაშვილი (ბაქარ მირცხულავა 22 (გიორგი გურული 46)), თემურ ფარულავა (ალექსანდრე კვახაძე 46 (მირცხულავა, 48)), გიორგი ლემონჯავა (ლაშა შერგელაშვილი 46), ნიკა ფირცხალავა (დავით დიღმელაშვილი 46), გრიგოლ დოლიძე (თორნიკე თარხნიშვილი 46), გიორგი დათუნაიშვილი (ვალერი ბოლქვაძე 46 (ლაშა კემუხტაშვილი, 67)), გიორგი კუხიანიძე (გიორგი ქუცურუა 46), გიორგი რეხვიაშვილი (დავით ჯანელიძე 46), რევაზ გოცირიძე (ნიკა საბანაძე 46).

ნამატჩევს "ჯვაროსანთა" თავკაც თემურ ქეცბაიას ვთხოვეთ "ტორპედოს" მატჩებით მიღებული შთაბეჭდილების გაზიარება:
"პირველ მატჩში "ბრაშოვთან" თქვენმა გუნდმა კარგად ითამაშა და წაგებას არ იმსახურებდა. ბიჭებს ურიგოდ არც ახლა უთამაშიათ. ვთვლი, რომ "ტორპედო" ანგარიშგასაწევი ძალა იქნება და მწამს, რომ მისი სახით ეროვნულ ჩემპიონატს საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი ეყოლება".

ქუთაისის "ტორპედო" თურქულ შეკრებაზე მორიგ საკონტროლო მატჩს 1 თებერვალს გამართავს. "ტორპედოს" მეტოქე, ჩეხეთის გამბრინუსლიგაში (ამ ქვეყნის უმაღლეს ლიგაში სულ 16 გუნდი თამაშობს) 16 ტურში 10 ქულით XIV ადგილზე მყოფი ოსტრავას "ბანიკი" იქნება.

fctorpedo.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
პოლონელების მეკარე "მეკარე"-ა და ქუთათურების მეკარე "კიპერი"? ყოჩაღ, მაგარი ავტორი ყავს სტატიას, თანამედროვე ქართულით წერს...
0

სიახლეები პოპულარული