ამავდროულად, გაცხადდა, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულიან გუნდს "დინამო 2"-ის თავკაცი გიორგი დევდარიანი გაწვრთნის. დევდარიანი პირადად კლუბის მეპატრონემ რომან ფიფიამ წარადგინა.
საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე რომან ფიფიამ ესპანელი თავკაცის ნაადრევად დათხოვნის მიზეზებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, გარსიამ კლუბის ხელმძღვანელობის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.
"მე შემეძლო ალექს გარსიასთვის კიდევ სამი თვე მედროვებინა, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს "დინამოს" კარგს არაფერს მოუტანდა", - აღნიშნა
ესპანელი სპეციალისტი, რომელსაც კონტრაქტი ვადაზე ადრე შეუწყვიტეს, კლუბისგან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას მიიღებს. რაც შეეხება ახალ მწვრთნელს, გიორგი დევდარიანს, ის ესპანურ შეკრებაზე მყოფ "დინამოს" ფეხბურთელებთან ხვალ გაემგზავრება.
როგორც დევდარიანი აცხადებს, მისთვის გასაგებია სირთულეები, რომელიც "დინამოში" არსებობს, თუმცა ამას არ შეუშინდება და ყველა პრობლემის გასაღების მოძებნას ეცდება.
ახალი მწვრთნელის განცხადებით, "დინამოს" კარგი თამაშისთვის საკმარისი რესურსი გააჩნია, ყავს კარგი ახალწვეულები და შეუძლია ყველა თამაშში გამარჯვებაზე იფიქროს.
"დინამოში" სხვა ცვლილებებიც მოხდა. ყოფილი გენერალური დირექტორი ზურაბ პოლოლიკაშვილი კლუბის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა, გენერალური დირექტორის თანამდებობა კი "დინამო არენის" ყოფილმა დირექტორმა სანდრო შახოვმა დაიკავა.