საინტერესოა, რომ "დილაში" ვარჯიშობს მეკარე მარინ სკენდერი, რომელიც ბოლო ორი სეზონი ზაგრების "დინამოში" ირიცხებოდა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ერთი შეხვედრაც არ უთამაშია. სკენდერი "დილაში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გამოცხადდა.
მარინ სკენდერი
დაიბადა ოსიეკში 1979 წლის 12 აგვისტოს
ხორვატიის მოქალაქე
სიმაღლე 188 სმ
ახალგაზრდული კლუბი
"ოლიმპია", ოსიეკი
საკლუბო კარიერა
2002-2003 "ვუკოვარი 91" 0
2003-2009 "ოსიეკი"
2009-2010 "ზაგრები" 13
2010-2011 "დინამო" (ზაგრები) 0
სკენდერი ოსიეკის "ოლიმპიას" საფეხბურთო სკოლის გაზრდილია და წლების განმავლობაში მშობლიური ქალაქის გუნდში თამაშობდა. 2009 წელს დედაქალაქის "ზაგრებში" გადავიდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ მოახერხა - სულ 13 თამაში ჩაატარა.
2010/11 წლების სეზონი მისთვის წარუმატებელი იყო, რადგან ზაგრების "დინამოში" ერთხელაც არ უთამაშია და სეზონის დასრულების შემდეგ გუნდი დატოვა. თუმცა "დინამოში" უთამაშებლობა არ ნიშნავს, რომ უხეირო მეკარეა - "ოსიეკში" ასპარეზობისას სამჯერ ხორვატიის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს - ასე წერია "ვიკიპედიაში".
მართალია, ამ ვებგვრვერდზე ბევრი ცრუ ინფორმაცია გვინახავს, მაგალითად, ადრე "დინამოში" ჩამოსულ მოთამაშეზე ორი განსხვავებული "სი-ვი" იყო, მაგრამ ვეჭვობთ, ხორვატზე უტიფარი ტყუილი მოეგონებინათ. აქვე ვიტყვით, რომ 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ხორვატიის ნაკრებშიც იწვევდნენ, 2006 წლის ნოემბერში კი ისრაელის ნაკრებთან მატჩის დროს ხორვატების სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
"ტრანსფერმარკტ"-ი ხორვატ მეკარეს 300 ათას ევროდ აფასებს, თუმცა 2009 წლის იანვარში, როდესაც "ოსიეკის" ძირითადი მეკარე იყო, 1,1 მილიონადაც აფასებდა.
მეორე გასასინჯი მოთამაშე სერბი ნახევარმცველი ვლადიმერ კრნჟინაცია.
ვლადიმერ კრნჟინაცი
დაიბადა კრუშევაცში 1983 წლის 20 თებერვალს
სერბეთის მოქალაქე
სიმაღლე 177 სმ
ახალგაზრდული გუნდი
ბელგრადის "ობილიჩი"
საკლუბო კარიერა
2001-2004 "ობილიჩი" 29
2005 "სმედერევო" 12
2006-2009 "ბორაცი" 76
2009-2010 "ნაპრედაკ კრუშევაცი"27
2010-2011 "მეტალაცი" 21
კრნჟინაცი მარცხენა შემტევი ნახევარმცველია. "ტრანსფერმარკტ"-ი სერბ ნახევარმცველს 225 ათას ევროდ აფასებს.
"იუთუბზე"ორივე მათგანის კლიპია: ხორვატი მეკარე გამოსვლაზე კარგად გამოიყურება, ხაზზეც საიმედოდ ჩანს და აქტიური მეკარეების კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც მუდამ თამაშშია ჩართული და მცველებს აქტიურად კარნახობს.
სხვათა შორის, "ვიკიპედიაში" მარინ სკენდერის საკლუბო გრაფაში უკვე ჩაუწერეს გორის "დილა". პირველი საკონტროლო მატჩის შემდეგ "გაზ მეთანთან" კარგი შთაბეჭდილება დატოვა. კრნჟინაცი სწრაფი, ძალიან ტექნიკური და მებრძოლი მოთამაშის შთაბეჭდილებას ტოვებს და არც დაცვაში თამაშს თაკილობს. ბოლო ორი სეზონი სერბეთის უამღლესი ლიგის "მეტალაცში" ჩაატარა.
თუმცა, გორელთა მთავარი მწვრთნელი თემურ მახარაძე საკონტროლო შეხვედრებში შეაფასებს, ახლა რას წარმოადგენენ, რა გავლენა მოახდინა მარინ სკენდერზე უთამაშებლობამ და არის თუ არა სერბი ნახევარმცველი ისეთივე ყოჩაღი, როგორც კლიპიდან ჩანს და შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"