"გაგრამ" ბოლო სპარინგმატჩიც წააგო

AutoSharing Option
"გაგრამ" თურქეთში მოსამზადებელ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა. საქართველოს თასის მფლობელი პოლონეთის პირველი ლიგის აუტსაიდერ "პოლონია ბიტომს" შეხვდა.

"სამწუხაროდ, გუნდმა კიდევ ერთი შეხვედრა დათმო. არადა, დიდი ანგარიშით უნდა მოგვეგო, უამრავი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ და საბოლოოდ დავმარცხდით.

ანთალაიში უიღბლობა თან გვდევს, მაგრამ იმედია, რომ ჩემპიონატში ასეთი რამ აღარ განმეორდება.

პირველი საგოლე მომენტი შალვა კვანტალიანს ჰქონდა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა კარში დარტყმა ვერ მოახერხა. რამდენიმე წუთში კი გვიანდოვსკიმ გოლი გაგვიტანა. ამის შემდეგაც მთლიანი სათამაშო უპირატესობა გვქონდა, მაგრამ ხუციძემ, ჭკუასელმა, როსტიაშვილმა და
ყიფიანმა ვერ გაიტანეს. შეტევაში ჩართულებს მეტოქის კონტრშეტევა გამოეპარათ და პიეტრშიკმა ძლიერი დარტყმით მეორედ აიღო ჩვენი კარი.

შეიძლება ითქვას, რომ შეხვედრის სუპერ-მომენტი გიორგი ზვიადაძემ შექმნა, რომელმაც 5 მეტოქე მოატყუა, კარშიც დაარტყა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა.

პრესტიჟის გოლი ნიკა ჭკუასელის ანგარიშზეა, რომელიც მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩა და ადვილად გაიტანა", - იუწყება "გაგრას" პრესსამსახური.

გაგრა 1:2 პოლონია ბიტომი
გოლები: 0:1 გვიანდოვსკი (15), 0:2 პიეტრშიკი (58), 1:2 ჭკუასელი (88).
"გაგრა": ბეგაშვილი, ხუციძე, ტყეშელაშვილი, ჯგერენაია, ფალავანდიშვილი, ლ.სეთურიძე, ხოჯაშვილი, ზვიადაძე, ნ. ჯიშკარიანი, ჭკუასელი, კვანტალიანი.
შეცვლაზე: კობერიძე, ყიფიანი, როსტიაშვილი, სარდალიშვილი.

ამგვარად, "გაგრამ" შეკრებაზე სულ ხუთი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ხუთივეში დამარცხდა: პოლონურ "გურნიკთან" (1:2), ყაზახურ "ირტიშთან" (1:2), ყაზახურ ყარაღანდის "შახტიორთან" ორივე შემადგენლობით (2:3, 0:1) და "ბიტომთან" (1:2).

გუნდი გუშინ თბილისში გამობრუნდა - მთავარი მწვრთნელის, ზვიად ჯელაძის ხელმძღვანელობით ფეხბურთელები ეროვნული ჩემპიონატისთვის მზადებას თბილისში განაგრძობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული