გოლები: 0:1 ჩიმაკაძე (55), 1:1 ჭოველიძე (90)
ზოოვეტი: ძიძიგური, ალასანია, ჭოველიძე, ფარულავა, პატარქალიშვილი, ხაჩიძე, ლორთქიფანიძე, ჯორჯიშვილი, ტიელიძე, გალეგაშვილი, სვანიძე
შეცვლაზე შევიდნენ: მაჭარაშვილი, ჯოხაძე, ბარბაქაძე, მახათაძე.
ვიტ ჯორჯია: ძაძამია, ხურცილავა, ადამაძე, კასრაძე, ღანიაშვილი, გურამ გურეშიძე, ვასაძე, კორიფაძე, გ. ჯანელიძე, ზაქრაძე, ჩიმაკაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ნ. დაუშვილი, ჯოლოხავა, ვაშაკიძე, ლობჯანიძე.
არბიტრი: ო. ხეცაძე
დასრულდა აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ფეხბურთელის, ზაზა ბენდელიანის ხსოვნის ტურნირი. 21-ე გათამაშების ჩემპიონი "ზოოვეტი" გახდა, რომელმაც ფინალურ მატჩში თერთმეტმეტრიანების სერიით დაამარცხა "ვიტ ჯორჯია".
აღსანიშნავია, რომ ვეტერინარებმა
ფინალი საკმაოდ დრამატული გამოდგა. როგორც ოქმიდან ხედავთ, "ვიტ ჯორჯია" გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ "ზოოვეტმა" ძირითადი დროის მიწურულს ანგარიში გაათანაბრა, პენალტების სერიაში კი უკეთ გამოიყურებოდა და თასსაც დაეუფლა.
ფინალის შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც "ზოოვეტს" გარდამავალი თასი გადაეცა და ტრადიციულად, ინდივიდუალურ ნომინაციებში გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ.
ჯილდოები გადაეცათ ფინალის მსაჯებს - ოთარ ხეცაძესა და მის ბრიგადას. დანარჩენი პრიზები კი ასე განაწილდა:
საუკეთესო მეკარე: მალხაზ ძიძიგური (ზოოვეტი)
საუკეთესო მცველი: გია ჭოველიძე (ზოოვეტი)
საუკეთესო ნახევარმცველი: გურამ გურეშიძე (ვიტ ჯორჯია)
საუკეთესო თავდამსხმელი: ბესიკ ჩიმაკაძე (ვიტ ჯორჯია)
ტურნირის ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზი გადაეცა "ზოოვეტის" წევრ შალვა გალეგაშვილს, რომელიც 43 წლისაა.
გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი 4 გოლით გახდა ბესიკ ჩიმაკაძე. მართალია, 4-4 ბურთი კიდევ სამ თავდამსხმელს მოუგროვდა, მაგრამ ტურნირის ორგანიზატორებმა ჩიმაკაძეზე არჩევანი ფინალში გატანილი გოლის გამო შეაჩერეს.
"ბენდელას თასის" საუკეთესო ფეხბურთელი "ვიტ ჯორჯიას" ლიდერი და კაპიტანი გიორგი ჯანელიძეა.
შეგახსენებთ, ტურნირზე მესამე ადგილი ცხინვალის "სპარტაკმა" დაიკავა.
ჩვენის მხრივ აღვნიშნავთ, რომ ამ ტრადიციული ტურნირის დიდ საფეხბურთო მოედანზე გამართვამ აშკარად გაამართლა და ქართულ კლუბებს ზამთრის სამზადისში მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია.
სასარგებლო სიახლე აღმოჩნდა განახლებული რეგლამენტი და ქულათა დარიცხვის სისტემა, რამაც გუნდებს შემტევი ფეხბურთისა და გამარჯვებისკენ უბიძგა. თითქმის ყოველი მეორე მატჩის შემდეგ ინიშნებოდა თერთმეტმეტრიანების სერია, რამაც გუნდებს ამ კომპონენტის დახვეწის საშუალება მისცა.
"ბენდელას თასის" ორგანიზატორი კვლავინდებურად საფეხბურთო სკოლა "საბურთალო" იყო, რომელსაც აქტიურად უჭერდნენ მხარს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და თბილისის ფეხბურთის ფედერაცია.
* * *
ელგუჯა გუგუშვილი, "ზოოვეტის" მთავარი მწვრთნელი:
"ამ ტურნირს სრული სერიოზულობით მივუდექით, კარგად მოვემზადეთ და შედეგსაც მივაღწიეთ. "ბენდელას თასზე" გამარჯვება მნიშვნელოვან თარიღებს დავამთხვიეთ - 80 წელიწადი შესრულდა ზოოვეტერინარული ინსტიტუტის დაარსებიდან და 40 წელიწადი - კლუბ "ზოოვეტის" ჩამოყალიბებიდან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წელს ზაზა ბენდელიანს 40 წელი შეუსრულდებოდა.
ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ზაზა "ზოოვეტის" ფეხბურთელი იყო. მას თამაშის წინ ველოდით და სწორედ ამ დროს გავიგეთ, რომ ტამიშთან გმირულად დაიღუპა.
რაც შეეხება ჩვენი კლუბის დღევანდელობას, სამწუხაროდ, არსებობას კვლავ ყოველგვარი სპონსორის გარეშე, შიშველი ენთუზიაზმით ვაგრძელებთ. ყოველგვარ ხარჯებს ფეხბურთელები ფარავენ.
დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ყოფილ მოთამაშე სერგო ქუთათელაძეს, რომელმაც პირველ ლიგაში სამონაწილეო თანხით, 20 ათასი ლარით დაგვაფინანსა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი ლიგის მოპოვებულ საგზურს ვერაფერში გამოვიყენებდით და ასპარეზობას კვლავ რეგიონულ ლიგაში გავაგრძელებდით."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"