ლანჩხუთს უეფას და ფიფას სტანდარტების სტადიონი ექნება

AutoSharing Option
უახლოეს პერიოდში ლანჩხუთის ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონის რეკონსტრუქცია დაიწყება. პროექტი შედგენილია და დეტალების დაზუსტების შემდეგ მშენებლობაც დაიწყება.

სტადიონის ჩრდილოეთი ტრიბუნა, რომელიც ავარიულია, დაიშლება. ტრიბუნები მხოლოდ დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეს დარჩება. სპეციალისტები დაადგენენ, საჭიროა თუ არა დასავლეთ ტრიბუნის დანგრევა და თავიდან აშენება. სტადიონზე განთავსდება თანამედროვე სტანდარტების პრესისა და ვიპ-ლოჟები. ტრიბუნების ნაწილი გადაიხურება, არენაზე დამონტაჟდება განათების სისტემა.

სავარაუდოდ, დემონტაჟს დაექვემდებარება ადმინისტრაციული სახლი, რომლის გასახდელები და სამსაჯო ტრიბუნის ქვეშ განთავსდება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გამოიცვლება მინდვრის სადრენაჟე სისტემა. იმის გამო, რომ "გურია" საუმაღლესლიგო პლეი-ოფშია
მოხვედრილი, მინდვრის გამოცვლა, სავარაუდოდ, ზაფხულში, შესვენებაზე განხორციელდება. ასევე დაგეგმილია მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.

"საერთაშორისო სტანდარტების სტადიონის მშენებლობა ლანჩხუთში მიმდინარე წლის გაზაფხულის მიწურულს დაიწყება და შემოდგომისთვის დასრულდება", - აცხადებს ადგილობრივ მედიასთან საუბარში გურიის გუბერნატორი, ვალერი ჩიტაიშვილი.

მისი თქმით, გურიის სამხარეო ადმინისტრაციის მოთხოვნით, უკვე დასრულებულია ახალი სტადიონის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ლანჩხუთში საერთაშორისო დონის, უეფას და ფიფას სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას.

"ადრინდელთან შედარებით ახალი სტადიონი ტევადობით პატარა იქნება და ის დაახლოებით 10 ათასამდე ადამიანს დაიტევს. ახალი არენა დიზაინითაც ძალიან ლამაზი იქნება", - აცხადებს ჩიტაიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთის "გურიას" გვერდში უდგას ადგილობრივი ხელმძღვანელობა, განსაკუთრებით რაიონის გამგებელი გიორგი გოგუაძე, ვინც თავის დროზე, კლუბის პრეზიდენტიც გახლდათ. სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული "გურიის" სტადიონის განახლების პრიორიტეტად დასახელება, რასაც მხარი დაუჭირა გუბერნატორმა ვალერი ჩიტაიშვილმა და მისმა წინამორბედმა, ამჟამად რეგიონული განვითარების მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ნიკოლაიშვილს ქვეყნის პრეზიდენტმა გურიის აღორნძინების ფონდის ხელმძღვანელობა დაავალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული