გიორგი როსტიაშვილი: "გაგრა" იმიტომ მიყვარს, რომ ახალბედებს უხსნის გზას

AutoSharing Option
დაარსების დღიდან "გაგრას" ახალგაზრდული გუნდის სახელი აქვს, მაგრამ საშემოდგომო ეტაპის შემდეგ ცხადი გახდა, საქართველოს თასის მფლობელს საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრა გაუჭირდებოდა.

გუნდის თავკაცებმაც თითქმის ყველა გამოცდილი მოთამაშე გაუშვეს და ლამის სკოლის ასაკის მოთამაშეები დააწინაურეს.

"ზესტაფონთან", ქუთაისის "ტორპედოსა" და გორის "დილასთან" გაგრელთა მთავარმა მწვრთნელმა ზვიად ჯელაძემ ძირითად შემადგენლობაში 16 წლის თავდამსხმელი გიორგი როსტიაშვილი ათამაშა. გიორგი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრია და იმედოვნებს, რომ კლუბში მიღებული სათამაშო პრაქტიკა ელიტრაუნდის შესარჩევი ციკლის თამაშების დროს წაადგება.

ეს მან "გაგრას" ვებ-გვერდთან განაცხადა: "კლუბში ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის,
რომ ნაკრების მწვრთნელთა ყურადღება მივიქციო და დავამტკიცო, რომ თამაშის ღირსი ვარ. იმედია, რომ ნაკრებში ისევ გამომიძახებენ.

გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებიც წლებია უმაღლეს ლიგაში თამაშობენ და მათთან ვარჯიში ნამდვილად წამადგება. შარშან ფოთის "კოლხეთთან" განაცხადში ვიყავი, მაგრამ არ მითამაშია. წელს კი "გაგრას" მთავარმა მწვრთნელმა პირველი გუნდის შეკრებაზე წამიყვანა და ნელ-ნელა დავრწმუნდი, რომ პირველ გუნდში თამაშის შანსი მომეცემოდა.

"გაგრა" იმიტომ მიყვარს, რომ ახალბედა ფეხბურთელს უხსნიან გზას. "ზესტაფონთან" 11 კაცში რომ დამაყენეს, ცოტა ავღელდი, მაგრამ როგორც კი თამაში დაიწყო, დავწყნარდი და ვითამაშე ისე, როგორც შემეძლო. აქ დუბლშემადგენლობებისგან განსხვავებული მოთხოვნებია.

ახლა "დინამოს" ეროვნულ სტადიონზე ვხვდებით, სადაც არასოდეს მითამაშია. "დინამო" დიდი გუნდია და ძალიან მინდა მის წინააღმდეგ გამოსვლა. პლეი ოფში ვერ მოვხვდით, მაგრამ მხოლოდ მოსაგებად ვითამაშებთ. იმედია, შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მიდი დმაო ასე გააგრდელე........
messi
00:56 10-03-2012
0
გვასახელე
tojina
23:52 08-03-2012
0

სიახლეები პოპულარული