ვასილ მაისურაძე: უცხოელის მოწვევისას შეცდომები ნაკლებად უნდა დავუშვათ

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატი დუბლშემადგენლობათა შორის - ვინც ასეთ თამაშებზეც დადის, სწორად იქცევა, რადგან უმაღლესი ლიგის მეორე გუნდები ხანდახან ისეთ ცეცხლს დაანთებენ ხოლმე მოედანზე, თქვენი მოწონებული.

დუბლების ცხრილს "დინამო თბილისი" ლიდერობს, უახლოეს მდევარს, ზუგდიდის "ბაიას" ცხრა ქულით უსწრებს და ძნელად თუ დათმობს პირველობას.

"დინამოდან" ალექს გარსია რომ დაითხოვეს, მის ნაცვლად გიორგი დევდარიანი დანიშნეს, ვინც მანამდე "დინამოს" დუბლებს თავკაცობდა. ამ ცვლილების შემდეგ კი "დინამოს" მეორე გუნდის გაწვრთნა ვასილ მაისურაძეს მიანდეს, რომელიც ამ დროისთვის საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თავკაციც გახლავთ.

მაისურაძეს "დინამოს" დუბლშემადგენლობაზე ვესაუბრეთ.

-
"დინამო" განსაკუთრებული კლუბია, თუნდაც იმიტომ, რომ ამ გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაწინაურებულა. ანუ "დინამო" ჩვენი ნაკრებებისთვისაც ერთობ მნიშვნელოვანი კლუბია. ყოველივე აქედან გამომდინარე, საინტერესოა, რა კონტინგენტია თავმოყრილი "დინამოს" დუბლებში, თუ არიან ისეთი ახალგაზრდები, დღეს ან ხვალ სერიოზულ პრეტენზიას რომ გამოთქვამენ პირველ გუნდში მოხვედრაზე?
- ეს არის პროცესი. "დინამოს" პირველი გუნდისთვის მხოლოდ დუბლი როდი მუშაობს. ამისთვის მთლიანად "დინამოს" აკადემიაც მიზანმიმართულად მოქმედებს. შესაძლოა, რომელიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი უცბად აღმოჩნდეს პირველ გუნდში.

"დინამოს" დუბლებში ისეთი კონტინგენტი ჯერ არ არის, რომ ხვალვე შეძლოს პირველ გუნდში მოხვედრა. მთავარია, ამ ფეხბურთელების განვითარება სწორი გზით მოხდეს.

- რა ასაკის ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან თავმოყრილნი "დინამოს" მეორე გუნდში?
- 1992-95 წლებში დაბადებულები.

- "დინამოს" დუბლიდან ფეხბურთელების განათხოვრება უმაღლესი ლიგის გუნდებში - ასეთი პრაქტიკა უკვე ინერგება...
- ჩაფიძე, გაბაშვილი და ნადირაძე ცხინვალის "სპარტაკში" იჯარით წავიდნენ. ისინი ისევ "დინამოს" ეკუთვნიან. ვფიქრობ, ასეთი რამ ნორმალურია.

- რა სისტემური ხასიათი აქვს "დინამოს" პირველი და ასაკობრივი გუნდების თანამშრომლობას?
- "დინამოს" დუბლსაც იგივე მოდელი აქვს არჩეული, რაც პირველ გუნდს. ვარჯიშებიც იდენტური სისტემით ტარდება. ამ სისტემაში არიან მოქცეულნი კლუბის აკადემიის გუნდებიც. ყველაფერ ამას "დინამოს" მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი ხელმძღვანელობს.

- ანდრეს კარასკოს რა ფუნქცია აკისრია?
- ის აკადემიის მთავარი მწვრთნელია და, რა თქმა უნდა, მასთანაც მჭიდროდ ვთანამშრომლობ.

- "დინამოს" ბაზაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. მეორე გუნდს რომელი მოედანი დაეთმობა?
- გადაწყდა, რომ დიღმის მასივში ჩოგბურთის კორტების ყოფილი ტერიტორია "დინამოს" განკარგულებაში იქნება, სადაც სამი მოედანი გაკეთდება. იქ გადავლენ მეორე და აკადემიის უფროსი ასაკის გუნდები. ეს მხოლოდ "დინამოსთვის" კი არ იქნება კარგი, არამედ ამით მთლიანად საფეხბურთო გარემო გამოანათებს.

- "დინამო" ამბიციური კლუბია და ლეგიონერების მოწვევაზე უარს არ ამბობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართველის ადგილს გუნდში უცხოელი იკავებს...
- მიმაჩნია, რომ თუ კლუბი ლეგიონერს მოიწვევს, ის ქართველზე ერთი თავით მაღლა უნდა იდგეს. ხანდახან ზოგი კლუბი შეცდომას უშვებს ამა თუ იმ ლეგიონერის მოწვევისას. ამისგან დაზღვეული არავინაა და რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა უნდა დავუშვათ, როცა უცხოელის მოწვევას დავაპირებთ.

ვფიქრობ, "დინამოს" პირველ გუნდში მოსახვედრად მეტი შანსი ჩვენივე კლუბის ასაკობრივი გუნდების მოთამაშეებს მიეცემათ.

- გამორჩეული ფეხბურთელები "დინამოს" დუბლსაც ეყოლება...
- კონკრეტულად ვინმეს გამორჩევისგან თავს შევიკავებ. გამორჩეულ ფეხბურთელებს პირველი გუნდის მწვრთნელი თავისთან ავარჯიშებს ხოლმე. ახალგაზრდა ფეხბურთელებს გარჯა უფასდებათ.

- "დინამოს" დუბლი გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზეა - შედეგი და ფეხბურთელის მომზადება პირველი გუნდისთვის - ეს როგორ არის დაბალანსებული?
- დუბლი უკვე ის ასაკია, რომ შედეგი უმნიშვნელო ვერ იქნება. ახალგაზრდებს გამარჯვებულის ფსიქოლოგია უნდა ჩამოუყალიბდეთ, მთავარი კი მაინც უფრო ფეხბურთელის განვითარებაა.

- დუბლების ჩემპიონატიდან კიდევ რომელ გუნდებს გამოარჩევდით?
- "ბაიას", "ზესტაფონსა" და "ტორპედოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ღირს დუბლებში მოხვედრა?
და აკადემიაში? 5 000 ლარი ?
უფასოდაც შეილება?
cinga
19:20 07-03-2012
0

სიახლეები პოპულარული