ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამინისტრო კიდევ ერთხელ ოფიციალურად ადასტურებს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი გამოხატავენ ერთობლივ სურვილს, უმასპინძლონ ფეხბურთში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატს, რის შესახებაც ქვეყნების პრეზიდენტები 6 მარტს ბაქოში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამჟამად ფეხბურთის ფედერაციებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა მათ 21 მარტს სტამბულში გასამართ უეფა-ს კონგრესზე ამ საკითხთან დაკავშირებით ორივე ქვეყნის
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ 21 მარტის კონგრესზე მხარეები უეფა-ში ოფიციალური განაცხადის შეტანის ვადებსაც დააზუსტებენ.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა, როვნაგ აბდულაევმა 9 მარტს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოში 2020 წელს ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ჩატარების საკითხი ამჟამად განიხილება. მისივე თქმით, ზუსტი ინფორმაცია ამ საკითხის დეტალური განხილვის შემდეგ გახდება ცნობილი. "მანამდე კი ეს საკითხი სტამბულში, უეფა-ს კონფერენციაზე არ განიხილება", - განაცხადა აბდულაევმა.
აზერბაიჯანული სააგენტოების მიერ ასევე გავრცელდა 2020 წლის ოლიმპიადის მასპინძლობაზე ბაქოს განაცხადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის, კენულ ნურულაევას კომენტარი, რომლის მიხედვითაც, ახლა აზერბაიჯანი მთლიანად ოლიმპიადის მასპინძლობაზეა ფოკუსირებული და, შესაბამისად, ნურულაევამ "ევრო 2020"-ზე საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი განაცხადის მომზადება ეჭვქვეშ დააყენა (იხილეთ ვრცლად).