- ეროვნულზე ეს საფარი 2006 წლის ზაფხულში დააგეს. თუმცა, სტადიონის ძველმა მმართველებმა ძველ კომპანიას ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს და საფარის მოვლა კომპანია "აგრონოვაციას" გადააბარეს, რომლის საფუძველზეც შემდეგ ჩამოყალიბდა ჩვენი დღევანდელი კომპანია "გრინტექსი". ჩვენ სწორედ სპორტული მოედნების წარმოებასა და მოვლაზე ვართ ორიენტირებულები. საფარის მდგომარეობაზე ადრეც მსურდა მელაპარაკა და
- არა მხოლოდ ქეცბაიას, ფეხბურთელების საერთო აზრიცაა, ასეთ ცუდ საფარზე არასდროს გვითამაშიაო.
- დიახ, მართლა ასეა.
- მოედანს თქვენ უვლით და გამოდის, რომ კარგად ვერ მოგივლიათო...
- საქმე ისაა, რომ საფარი თავიდანვე არასწორად დააგეს და დღეს ამის შედეგებს ვიმკით, ის უვარგისია და შესაცვლელია და არა მხოლოდ საფარი. მე მომხრე ვარ, რომ პრობლემა საფუძვლიანად განიხილონ და ერთხელ და სამუდამოდ მოევლოს. ამიტომ ვარ ქეცბაიას მადლობელი და ისიც ვიცი, რომ პრობლემა ჩვენი მიზეზით არ მომხდარა. უხარისხობა ორმა ფაქტორმა განაპირობა: პირველი - კლიმატია. წვიმები არ იყო და საფარი ჯამურმა მაღალმა ტემპერატურამაც წაახდინა. თუმცა იკითხავთ - სიცხეები სხვა ქვეყანაში არ იყოო? კი, მაგრამ იქ საფარი უვარგათ. სწორედ აქ უნდა მივადგე მეორე ფაქტორს - როდესაც საფარს აგებდნენ, არ გაითვალისწინეს, თუ რა ტიპის საფარი იყო საჭირო სპორტულ მოედანზე.
- რა არ გაითვალისწინეს და რა დააგეს?
- მკითხველი პროფესიული ტერმინებით რომ არ დავღალოთ, უბრალო ენით გეტყვით - არის სპორტული მოედნებისა და ჩვეულებრივი, ქალაქის გაზონის ჯიშები, ეროვნულ სტადიონზე კი სპორტული არ დაუგიათ. ამ ბალახს სტრესულ ვითარებაში - მაღალი სიცხის, ან სიცივის, ან დიდი დატვირთვისა და ბუცებით სირბილის შემდეგ სწრაფად აღდგენის უნარი არ გააჩნია. ახლანდელი გაზონი ქუჩის ბალახის მსგავსია და ბუნებრივია, საშინელ მდგომარეობაში იქნება. ამას გარდა, სტანდარტს არ შეესაბამება ნიადაგის შემადგენლობაც. ასე რომ, საფარიც და ნიადაგიც შესაცვლელია.
მე ისიც მიკვირს, დღევანდელზე უარეს მდგომარეობაში რომ არაა. იცით, ეს ვითარება რას შეიძლება შევადარო? რეანიმაციაში მომაკვდავი ფეხზე რომ დააყენო, მაგრამ იმას დიდხანს მაინც ვერ აცოცხლებ. ჯერ კიდევ ორი თვის წინ ვთქვი, რომ ისრაელთან მოედანი არ ივარგებდა. სხვათა შორის, მაქსიმალურად კარგი მდგომარეობისთვის რომ მიგვეღწია, ამიტომაც ვთხოვეთ თბილისის "დინამოს", "ბაიასთან" მატჩის ზუგდიდში გადატანა, თორემ 7 სექტემბერს ეროვნული ნაკრები უფრო საშინელ მოედანზე ითამაშებდა. მოკლედ, საფარი და ნიადაგი სასწრაფოდ შესაცვლელია, მაგრამ ამას საკმაოდ დიდი თანხა სჭირდება.
- რა თანხაა საჭირო?
- დაახლოებით 360 ათასი ლარი მარტო საფარისა და ნიადაგისთვის, 50 ათასი თანამედროვე სარწყავი სისტემის დასამონტაჟებლად. გარდა ამისა, სტადიონზე უნდა იყოს საფარის ლაბორატორია, მოსავლელად საჭირო სპეცტექნიკა და ათასი წვრილმანი. ეს აუცილებელი ხარჯია. თუმცა პრობლემა ისაა, რომ საქართველოში ამჟამად სპორტული მოედნის ჯიშის საფარი დათესილი არაა, მის მოსაყვანად კი ერთწლიანი ციკლია საჭირო. მე საფარი დათესილი კი მაქვს და მითხრეს, თქვენი დავაგოთო, მაგრამ სპორტული ტიპის არ არის და ფულისთვის ყველაფერს ხომ არ ვიკადრებ?!
- უცხოეთიდან ჩამოტანა პრობლემაა?
- შეიძლება უცხოეთიდან ჩამოტანა, მაგრამ საფარი მოჭრიდან 24 საათში უნდა დაიგოს, მაქსიმუმ 72-ში. უცხოეთიდან ჩამოტანილი კი ხშირად ფუჭდება, რადგან გზაში 72 საათზე მეტ ხანს ყოვნდება...