კვირის 1000 წვრილმანი: ჭუჭყიანი შარვლები

AutoSharing Option
ამბობენ, რომ ინგლისში ვეღარ ნახავთ რძისფერ ნისლს და ვერც ისეთ ჯენტლმენებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქალბატონებს ადგილს რომ უთმობენ.

ჯენტლმენობა არც ხელობაა და არც მოწოდება, ასეთი უნდა იყო, ასეთად ყოფნა უნდა მოგწონდეს. ჯენტლმენობა ყველგან ძვირი სანახავი გახდა, თითქოს გადაშენდა, ჯენტლმენობა ქონებასავით არის, რომელიც ზოგს მოსდგამს, ზოგს კი - არა.

არც ერთ ბურჟუას არ უყვარს, როცა მას სოვდაგარს ეძახიან და მისი ჯენტლმენობისა არ სჯერათ. პიარს ბევრი რამე შეუძლია, მაგრამ ყოვლისშემძლე ისიც ვერ იქნება, ჯენტლმენობაც ისეთია, პიარით რომ ვერ შექმნი.

ერთხელ, ერთი ქართული კლუბის
პრეზიდენტმა თავის ფეხბურთელებს უთხრა, შეკრებაზე ანთალიაში გიშვებთ, ოღონდაც თვითმფრინავის ბილეთები არ არის და იძულებული ვარ, იქ ავტობუსით გაგიშვათო. თვითმფრინავის ბილეთი ავტობუსით მგზავრობაზე ძვირია, ჰოდა ერთმა ფეხბურთელმაც არ დაიჯერა პრეზიდენტის სიტყვა, წავიდა სააგენტოში, იშოვა ანთალიაში გასამგზავრებელი ავიაბილეთები და ამის შესახებ პრეზიდენტს მოახსენა.

ეს ამბავი იმით დასრულდა, რომ პრეზიდენტმა ამ ფეხბურთელს შეღავათი გაუწია, უფულოდ უბოძა გათავისუფლების ფურცელი, გზებიც დამილოცნია და თავი დამანებეო.

მილეთმა ბევრი არაფერი იცის ასეთ პრეზიდენტებზე და ალბათ არც არის საჭირო, რომ იცოდეს. ბევრისმცოდნე კაცი რაღაცით კურტნის მუშას ჰგავს, დამძიმებულია და კლოუნები მას ვერ გაართობენ.

ამასწინათ ტელევიზიაში თურმე ერთ ქომაგს დაურეკავს და უკითხავს, მართალია, რომ დომენტი სიჭინავა ცირკში ბრუნდება, ხოლო ფეხბურთის ფედერაცია ზუგდიდში გადადისო?

ირონია ხანდახან ისევე დასაფასაბელია, როგორც ჯენტლმენობა. ირონია სათუთი რამეა, შეურაცხყოფაში თუ გადავიდა, უფასურდება.

ჯენტლმენობაც მასეა, თავისი მკაცრი ჩარჩოები აქვს, მაგრად შეგეშალა ვინმესთან და კარგად იყავი.

საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც ადამიანი პრიორიტეტი ჯერაც ვერ გახდა. ამით ბევრი სარგებლობს, მათ შორის ზოგი პრეზიდენტიც. მათ თავიანთი კონიუნქტურა აქვთ, ფულს ხარჯავენ და ჰგონიათ, რომ ყველაფრის უფლება გააჩნიათ.

ასეთმა პრეზიდენტებმა კარგად იციან, როგორ ათქმევინონ მწვრთნელს, საკუთარი ნებით გადავდექიო. კარგად იციან, თუ როგორ გაუშვან ფეხბურთელი გუნდიდან, როგორ მოიყვანონ გუნდში ისეთი მწვრთნელი, ფეხბურთელის ტრანსფერის წილში რომ ჩაუჯდება. ასეთი პრეზიდენტების ბოლო ის არის, რომ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ხმას დომენტი სიჭინავას აძლევენ.

ეს ჯენტლმენობა კი მელოდრამას ემსგავსება, ძველმოდური გახდა, ყავლი გაუვიდა.

ალბიონზე ფეხბურთი ნისლისა და ჯენტლმენების გარეშეც უყვართ, იქ სხვანაირად მოსდგამთ ფეხბურთის სიყვარული, იქ სხვანაირად ფასობს ადამიანი. იქაც ბევრი რამე იცვლება იმ პრიორიტეტის გარდა, რომელიც კაცობრიობის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარია.

16 მარტს საქართველოს ჩემპიონატის ტური იყო, ადელიდან მცხეთამდე გადაჭიმული. სტადიონზე მისულმა ხალხმა ქართულ ფეხბურთზე მხოლოდ ნახევარსიმართლე თუ იცის და ამაში განსაკუთრებული ალბათ არაფერია, ფეხბურთი ასედაც ძალიან გემრიელია, პრეზიდენტების ამბები კი ოდენ დანამატია.

სტეინბეკის ერთი გმირი ამბობს, ჭუჭყიანი შარვალივით დავათრევ ცოდვებს კეთილ ხალხშიო. ჩვენ პრეზიდენტებს კი ამის თქმა არ შეუძლიათ, მათ ეს არ მოსდგამთ.

ვაჟა სიმონიშვილის კარიკატურა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ სტატია ვიტ ჯორჯიას პრეზიდენტ გურამ რუხაძეს ეძღვნება:)რა თქმა უნდა, კონკრეტიკა ჯობია, მაგრამ ვინც ვერ მიხვდა, ახლა ხომ მიხვდება...
gio-gio
11:20 20-03-2012
0
ჟურნალისტმა ყველაფერი რომ დაწეროს, თუნდაც ის რაც ყველამ ვიცით, მას დამტკიცება მოეთხოვება.
Geo-Fan
17:31 19-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული