ზვიად სიჭინავა: პლატინის არ უთქვამს, რომ ევრო 2020-ის ბედი გადაწყვეტილია!

AutoSharing Option
"სოკარსა" და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის გენერალურ სპონსორობაზე პირველი კონტრაქტი 2011 წელს გაფორმდა.

სწორედ ამის საფუძველზე დაიგო შარშან უმაღლესი ხარისხის საფარი ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. ფეხბურთის ფედერაციამ მოედნების მოსავლელად აუცილებელი ძვირად ღირებული ტექნიკა შეიძინა. "ბასაზე" ამოქმედდა ახალი სარწყავი სისტემა.

მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელება გადაწყვიტეს და ახალი ხელშეკრულებაც გააფორმეს.

კონტრაქტის საფუძველზე, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გაგრძელდება. საჭიროების შემთხვევაში თანხა მოხმარდება სხვა მიმართულებებსაც.

სფფ-ის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა გველაპარაკება, კონკრეტულად რა პროექტები განხორციელდება; აგრეთვე - საქართველო-აზერბაიჯანის ევრო 2020-ის მასპინძლობაზე
და ა.შ.

- ევრო 2020-ის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი შეიტანეთ?
- ჯერ ამ საკითხზე ვმუშაობთ და ველოდებით უეფას რეგლამენტს, კონკრეტულად რა მოთხოვნები უნდა დავაკმაყოფილოთ. ასე რომ, ამ მიმართულებით არ გავჩერებულვართ. როდესაც უეფას კრიტერიუმებს გავეცნობით, მერე შეიქმნება საორგანიზაციო კომიტეტი, რომელიც საჭირო სამუშაოებს ჩაატარებს.

- "ჰურიეთის" ინფორმაცია, რომ მიშელ პლატინიმ თურქეთს ევრო 2020-ის ჩატარებაზე არაოფიციალური თანხმობა და თანადგომა განუცხადა, სტამბულის კონგრესზე თავად პლატინის გამოსვლით ღიად დადასტურდა...
- პლატინი უეფას პრეზიდენტია და ყველაფრის უფლება აქვს.

- მაგრამ მსგავსი პირდაპირი მინიშნება უეფას არცერთ პრეზიდენტს არასოდეს გაუკეთებია. მგონი, ფავორიტი უკვე ცხადია...
- იცით, პლატინის სიტყვები ბოლომდე არ იყო გადმოცემული. მან ისიც დაამატა, ჩემი ხმა არაფერს წყვეტს, მთავარი სიტყვა უეფას აღმასკომს ეკუთვნისო.

- ესეც ცნობილია, მაგრამ როდესაც უეფას პრეზიდენტი ფავორიტს ღიად ასახელებს, ამით ყველა დანარჩენს მიანიშნებს, თურქეთს გზიდან ჩამოეცალეთო...
- პლატინის სიტყვებს ნუ მიიღებთ ისე, თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილია. ეს არის პლატინის პოზიცია. თუ თურქეთი ოლიმპიადის მასპინძლობის უფლებას ვერ მოიპოვებს, მაშინ უეფა ევროპის ჩემპიონატის მიღებაში დაეხმარება.

თურქეთი დიდი ქვეყანაა და რომელიმე სოლიდურ ტურნირს აუცილებლად უნდა უმასპინძლოს. თურქეთში 90 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. მარტო სტამბულში 900 სასტუმრო და ხუთი უმაღლესი კლასის სტადიონია. ასეთ ვითარებაში გარკვეული ქათინაურები ითქმება და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უეფა თურქეთის კონკურენტებს პრობლემებს შეუქმნის.

ჩვენ უეფას მოთხოვნებს უნდა გავეცნოთ და ამის შესაბამისად ვილაპარაკოთ, შევიტანთ თუ არა განაცხადს.

- ისედაც ცხადია, რომ ევროპის ჩემპიონატს უმაღლესი ხარისხის ინფრასტრუქტურა სჭირდება. საქართველო ამისთვის ჯერ მზად არ არის, მაგრამ აზერბაიჯანულ კომპანიასთან თანამშრომლობის გახანგრძლივებაც ამით ხომ არ არის გამოწვეული?
- ამ კომპანიამ უკვე ორ მოედანზე დააგო საფარი. ახალი ხელშეკრულებითაც 2012 წელს საქართველოს აუცილებლად შეემატება კიდევ ორი უმაღლესი ხარისხის არენა,
სავარაუდოდ, ერთი აღმოსავლეთ საქართველოში, ერთიც - დასავლეთში და ამას გარდა, იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო გააგრძელებს ანალოგიურ პროექტს და გორის, ქობულეთისა და ფოთის სტადიონების შემდეგ საფარს სხვა ქალაქის სტადიონებზეც შევცვლით.

13-14 მაღალი ხარისხის მოედანი თუ გვექნება, ეს ჩვენი ფეხბურთის განვითარებისთვის გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება.

საერთოდ, ჩვენი ამოცანა თავიდანვე ინფრასტრუქტურის რადიკალური გაუმჯობესება იყო. დიდი ფეხბურთი ბავშვებიდან იწყება და თუ მათ არ ექნებათ შესაბამისი სავარჯიშო პირობები, მიღწევებზე ლაპარაკი ზედმეტია.

დღეს ამ კუთხით საკმაოდ დიდი პროგრესი შეინიშნება. არის უკეთესობის იმედიც, რაც ზემოხსენებული კომპანიისა და სახელმწიფოს დამსახურებაა. ამიტომ, რაც მეტი სპონსორი გვეყოლება, მით უკეთესი ჩვენი ფეხბურთისთვის.

- აზერბაიჯანელები რა ოდენობის ინვესტიციას ახორციელებენ?
- როდესაც პირველი ინვესტიცია ჩადეს, ლაპარაკი იყო არა კონკრეტულ თანხაზე, არამედ ორ მოედანზე. რა თანხაც საჭირო იქნებოდა, დაგვაფინანსებდნენ: 100 ათასი იქნებოდა საჭირო თუ 100 მილიონი, ამაზე არ გვილაპარაკია. ჩვენ საუკეთესო საფარი შევარჩიეთ და ეს ხარჯი კომპანიამ სრულად აანაზღაურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
თქვა დომენტი, თქვა
levani
11:38 04-04-2012
0
ეს არ უთქვამს, მაგრამ არც კი უხსენებია
0

სიახლეები პოპულარული