გიორგი ჩიტაური: "კატალონიაში ადგილობრივი გუნდის წინააღმდეგ თამაშს არავის ვუსურვებ"

AutoSharing Option
ფოტოზე: თბილისის "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიტაური და "ბარსელონას" სკაუტი იაგო აგილარი

წლების წინ "ლოკომოტივის" მეპატრონემ ლექსო თოფურიამ ბარსელონას საფეხბურთო წრეებთან საქმიანი კავშირები დაამყარა და თბილისური კლუბი "ბარსელონას" ტალანტების მოძიების პროგრამაში ჩართო.

ამ პროექტით მოხვდა ესპანეთში ლევან ყენია, რომელიც იქ საკმაო ხანი ვარჯიშობდა. შემდეგ კი - 17-წლამდელთა ნაკრების ამჟამინდელი წევრი, ნახევარმცველი დავით დარციმელია, რომელიც კატალონიურ კლუბში ორი კვირა ვარჯიშობდა.

კავშირები მერეც არ შეწყვეტილა: "ლოკომოტივი" სისტემატურად მონაწილეობდა ბარსელონას საფეხბურთო ტურნირზე, სადაც ნაკრებებიც ასპარეზობენ და კლუბებიც - ბრაზილიის, კოლუმბიის, კატალონიის, ინგლისის. მაგალითად,
შარშან "ლოკომოტივი" ფინალში გავიდა და ბრაზილიის 17-წლამდელთა ნაკრებთან 0:1 წააგო.

წელს კატალონიაში ჩავიდნენ "მანჩესტერი", "ინტერი", "ბენფიკა", ესპანური კლუბები და ა.შ. ტურნირი აპრილის დასაწყისში ჩატარდა და "ლოკომოტივმა" 1/4-ფინალამდე მიაღწია, სადაც ბორა მილუტინოვიჩის გაწვრთნილ სენეგალურ კლუბთან დამარცხდა, რომელიც, თურმე, ყატარის ნაკრებად ყალიბდება.

გველაპარაკება "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიტაური:

"ბარსელონაში ყოველწლიურად ხმელთაშუა ზღვის თასის გათამაშება ტარდება. ჩვენ იქ შარშანაც ვმონაწილეობდით, ჯგუფიდან გავედით. მერე ახალი ჯგუფი ჩამოყალიბდა, სადაც მოსკოვის "დინამოს" 4:0 მოვუგეთ და ნახევარფინალში გასასვლელად ბრაზილიის 17-წლამდელთა ნაკრებთან ფრეც გვყოფნიდა, მაგრამ მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე გოლი გავუშვით და 0:1 წავაგეთ.

წლეულს უფრო ძლიერი მონაწილეები, 20-წლამდელთა გუნდები მონაწილეობდნენ. ჯგუფში ორ კატალონიურ გუნდს შევხვდვით - პირველი 2:1 მოვიგეთ, მეორე 2:3 წავაგეთ, მაგრამ პირველზე განთესილი ეკვადორის ნაკრების მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდი 1:0 დავამარცხეთ.

მეოთხედფინალში სენეგალის "ასპირე ფუტბოლ დრეამთან" 0:1 წავაგეთ. სხვათა შორის, ნახევარფინალში ეკვადორელებმა ბრაზილიას მოუგეს, ფინალში კი სწორედ სენეგალელებთან წააგეს პენალტებით.

ეს aspire futbol dream აფრიკისა და ამერიკის საუკეთესო ბავშვების ნაკრებია. ძალიან მაგარი ბაზა აქვს. იქ ბარსელონას აკადემიის მწვრთნელები მუშაობენ, მთავარი მწვრთნელი კი ცნობილი სპეციალისტი ბორა მილუტინოვიჩია.

თამაშის შემდეგ მილუტინოვიჩმა "ლოკომოტივი" შეაქო, კარგი გუნდი გყოლიათო და თავის ახალ სამსახურზეც გველაპარაკა. თურმე, გუნდს ყატარში 2022 წელს ჩასატარებელი ჩემპიონატისთვის ამზადებენ. აკადემიას სწორედ ყატარელები აფინანსებენ, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატების მიღწევა სურთ. პროექტში მილიონებს აბანდებენ და აკადემიაში აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან ყოველწლიურად 3-3 საუკეთესო ბავშვი ჩაჰყავთ.

ბარსელონაში ძალიან კარგ მოედნებზე ვთამაშობდით. მატჩებს 2 ათასამდე მაყურებელი მაინც ესწრებოდა. ისე, კატალონიაში ადგილობრივი გუნდების წინააღმდეგ თამაშს არავის ვუსურვებ, რადგან მსაჯები თავისიანებს უსირცხვილოდ ეხმარებიან.

გეცოდინებათ, რომ ჩვენთან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების 6 მოთამაშეა, რომლებმაც ძალიან კარგად ითამაშეს, მაგრამ ისე დავტვირთეთ, რომ არ დაღლილან. 17 აპრილს ნაკრების შეკრება იწყება. ამიტომ მისი ინტერესი გავითვალისწინეთ და ფეხბურთელები შეკრებამდე გავათავისუფლეთ.

კატალონიაში ბავშვებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ნაღდად არ მეგონა, ძლიერ გუნდებთან ასე მაგრად თუ ითამაშებდნენ. მოწინააღმდეგეებში სულ ათლეტური მოთამაშეები იყვნენ, მაგრამ თავი არ დააჩაგვრინეს და ბევრი სელექციონერიც დააინტერესეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩიტო, სუპერ მწვრთნელი ხარ!
ზურაბ ქარელი
20:46 07-06-2012
0
გიოო
მარიამ ჩიტაური
22:38 31-05-2012
0

სიახლეები პოპულარული