ერთი კვირის ათასი წვრილმანი: ორი ძალიან საშიში სიტყვა

AutoSharing Option
გორში სტალინის ძეგლი აიღეს, მომღერალ ნინა წკრიალაშვილის პლეიბოური ფოტოებიც დიდი ხანია, აქტუალური აღარ არის. გორს ახალი რამე დასჭირდა და აჰა - მოღონიერებული "დილაც", რომელიც ალბათ საქართველოს თასის ფინალში ითამაშებს.

გორს ადრეც ჰყავდა ძალიან სიმპათიური გუნდი, როცა "დილაში" მეტწილად გორელები თამაშობდნენ, როცა კარს "შუმახერა" (რამაზ სოღოლაშვილი) იცავდა, დაცვაში ვაჟა თარხნიშვილი იდგა, წინ კი ცხონებული როინ მარღიშვილი და სხვები ბურთს გემრიელად აგორებდნენ.

ის "დილა" დამთავრდა და ახლა უფრო მძლავრი გუნდის კეთება დაუწყიათ. "დილას" პატრონიც სხვა ჰყავს.

მე არ დავსწრებივარ "ზესტაფონი"-"დილას" ამასწინდელ მატჩს,
როცა სტუმრებმა 3:2 დაამარცხეს ჩემპიონი, მაგრამ ბეჭდვით თუ ელექტრონულ მედიაში დაიწერა, "ზესტაფონის" ხელმძღვანელობასა და "დილას" ქომაგებს შორის არასასიამოვნო გადაძახილი იყოო.

"ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია გახლავთ, "დილას" კი შინაგან საქმეთა სამინისტრო პატრონობს და გორელთა გუნდის ქომაგებიც დარაზმულები დადიან სტადიონებზე.

სტადიონს ხალხის სხვანაირი ზიმზიმი უფრო უხდება, თუმცა დარაზმულად სიარულსაც ნუ გამოვეკიდებით, სტადიონისთვის ხომ ხალხი აუცილებელი ამხანაგია.

"გაგრა"-"დილაზეც" გავიგეთ, შესვენებაზე მსაჯთა გასახდელში შესულან და მკაცრადაც ულაპარაკიათო.

პირველი ტაიმის შემდეგ "გაგრა" 1:0-ს იგებდა. შესაძლოა, ეს ყველაფერი მონაჩმახია, მაგრამ ენას ძვალი არ აქვს და ნაირგვარი იმპროვიზაციებით ჰყვებიან ამ ამბავს.

და მერე რა ტკბილია ასეთი ისტორიების მოსმენა, ეს ხომ არც ზღაპარია და არც საინფორმაციო გამოშვებაში გაგონილ-დანახული, ეს სულ სხვაა, სულ სხვანაირად აჩქროლებს ადამიანების გუნება-განწყობილებას. ცუდი კი ის უნდა იყოს, რომ ასეთი მითქმა- მოთქმა ქართული ფეხბურთისთვის განუყოფელი ნაწილი გახდა.

14 აპრილს "დილა" გორში თამაშობს, იქაურ ქომაგი მართლაც დანატრებული უნდა იყოს საფეხბურთო ზეიმებს, ოღონდაც გორის სტადიონს ჯერ თურმე ტრიბუნები არ აქვს.

უმაღლესი ლიგის მატჩი ისეთ სტადიონზე, სადაც ტრიბუნა არ არის - ჩემპიონატის დებულებაში ხომ არ ჩავიხედოთ?...

-"დილას" რომელიმე მეტოქე გაბედავს და იტყვის, რომ უტრიბუნო სტადიონზე თამაში არ შეიძლება?

- რა თქმა უნდა, ვერ გაბედავს.

- რატომ?

- იმიტომ, რომ "დილა" შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდია.

- ვერც "ზესტაფონი" გაბედავს რაღაცის თქმას?

- ზედმეტი კითხვებით უკვე თავს გვაბეზრებთ.

რა ვიცი, ვინძლო ეს კითხვა-პასუხი დიდად საინტერესო არ უნდა იყოს, რადგან ყველამ ყველაფერი ისედაც კარგად იცის.

"დილა" მართლაც კარგი გუნდია და ჩინებული ფეხბურთელებიც ჰყავს - ესეც ყველამ კარგად იცის.

გორში ფეხბურთი განსაკუთრებულად უყვართ და ესეც ყველამ კარგად იცის.

ვაწაძე, ხოჯავა, სალუქვაძე, ილურიძე..."დილას" ზოგი ფეხბურთელი თემურ ქეცბაიას თვალთახედვის არეში უნდა მოექცეს - ესეც ყველამ კარგად იცის.

"დილა" ევროსარბიელზე თამაშს უმიზნებს - ესეც ყველამ კარგად იცის.

გორის "დილა" - საფეხბურთო სამყარომ ყბად იღო ეს ორი სიტყვა და ეს უკვე ცოტას არ ნიშნავს.

მაგრამ "დილასი" ეშინიათ, როცა შეიარაღებული სამინისტრო პატრონობს კლუბს, ეს ბუნებრივიცაა. რატომ გახდა აუცილებელი მაინცდამაინც ასეთნაირად დაფინანსება გორის "დილასი", ჯერ უცნობია.

საქართველო პატარა ქვეყანაა და ვერ მოძებნი იმდენ ბიზნესმენს, უმაღლეს ლიგაში გუნდის ყოლა და მისი მაღალ დონეზე შენახვა რომ ეხალისებოდეს. თუმცა ფაქტია, ზოგიერთ კერძო თუ ბიუჯეტურ კლუბს ფული დიდად არ უჭირს, ანუ დოვლათი არის, ოღონდაც ისე ვერ არის გადანაწილებული, რომ მეტი წილი საფეხბურთო კლუბებისა კერძო გახდეს.

შეიარაღებული სამინისტრო კი საშიშია და ვგონებ, ეს სადავო არ უნდა იყოს. როცა ასეთი სამინისტრო სხვას ეჯიბრება, თუნდაც ფეხბურთში, ძალაუნებურად დამსჯელი რაზმის იმიტაციას ახდენს.

ხმაური და მძვინვარება - უილიამ ფოლკნერის ამერიკამდე მართალც ბევრი გვიკლია, თუნდაც იმიტომ, რომ ორი სიტყვის არ ეშინიათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
ვისაც გორის ,,დილას'' კარგი არ მოსწონს იმას მოუ....... კარგი
kukusha
09:50 16-04-2012
0
luka - მარაზმი სიტყვის მნიშვნელობა იცი? და მეორეც ბერლუსკოი და მილანი გაიხსენე :))
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული