- "ტორპედო"-"მეტალურგის" მატჩის მნიშვნელობაზე საუბარი, ალბათ, ზედმეტიცაა, მაგრამ მაინც საინტერესოა, რა განწყობით ემზადება თქვენი გუნდი ამ შეხვედრისთვის.
- განწყობა სამუშაო და საბრძოლოა. კარგად ვიცით, რომ რთული დაპირისპირება გველის, მაგრამ მიზნად მხოლოდ გამარჯვებას ვისახავთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩანაფიქრს სისრულეში მოვიყვანთ.
- ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო "ტორპედოს" ამ მატჩში ალექსანდრე კვახაძე და ნიკა ფირცხალავა დააკლდებიან...
- დანაკლისი საკმაოდ
- მეტოქის დღევანდელ სათამაშო ფორმას როგორ შეაფასებთ?
- ბოლო პერიოდში "მეტალურგი" აშკარად მოძლიერდა და შესაბამის შედეგებსაც აჩვენებს. შეკრული გუნდია, სადაც გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების კარგი ნაზავია. რუსთაველებსაც მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათYდა ქუთაისში წარმატებისთვის მაქსიმალურად დაიხარჯებიან, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მიზანს "ტორპედო" მიაღწევს.
- "მეტალურგთან" ჩატარებულ ბოლო მატჩს როგორ გაიხსენებთ?
- რუსთავში პირველივე ტაიმში კაცნაკლულები დავრჩით, თუმცა ამის მიუხედავად, ანგარიშის გათანაბრება შევძელით. სამწუხაროდ, იმ მატჩში ბევრი შეცდომა დავუშვით და თამაშის მიწურულს მეტოქემ გამარჯვების გოლის გატანა შეძლო.
- "დინამოსთან" მოგებული თამაში კიდევ ერთხელ გავიხსენოთ...
- ვფიქრობ, ჩვენი გამარჯვება ლოგიკური იყო. პრაგმატულად და შედეგზე ორიენტირებულად ვითამაშეთ და ჩვენმა ჩანაფიქრმა გაამართლა.
- თქვენი ყოფილი კლუბის, "ზესტაფონის" ბოლოდროინდელ ასპარეზობას როგორ შეაფასებთ?
- "ზესტაფონმა" გარკვეული არასტაბილური პერიოდი განვლო, მაგრამ თავისი კლასი "მეტალურგთან" ბოლო მატჩში დაამტკიცა. რუსთაველებმა აშკარად ფრეზე ითამაშეს, მაგრამ "ზესტაფონმა" მათ შანსი არ დაუტოვა. დღეისთვის "ზესტაფონი" საქართველოს საუკეთესო კლუბად რჩება.
- შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ტორპედო" უკვე თამაშობს თქვენთვის სასურველ ფეხბურთს?
- დიდი წარმატებების მისაღწევად გაცილებით მეტია საჭირო და ჯერ გუნდი ძალიან შორსაა იმისგან, რისი მიღწევაც მინდა, მაგრამ ფაქტია, რომ "ტორპედოს" თამაშში მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება, რაც, ბუნებრივია, ძალიან მახარებს. ევროპის ლიგის საგზურს მივუახლოვდით, რაც ამ სეზონისთვის ურიგო შედეგად არ მიმაჩნია.
- ალბათ, უკვე მომავალ სეზონზეც ფიქრობთ.
- ამაზე საუბარი ჯერ ცოტა ნაადრევია, მაგრამ, რა თქმა უნდა, გეგმები უკვე ჩამოყალიბებული გვაქვს. ერთი სეზონი მეორეს არასდროს ჰგავს და გარკვეული ცვლილებები "ტორპედოშიც" იქნება.
- საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წარმატებას რა კომენტარს გაუკეთებთ?
- ჩვენი ნაკრების ღირსეული და შედეგიანი ასპარეზობით ძალიან გახარებული ვარ და ყველას, ვისაც ამაში წვლილი მიუძღვის, სულით და გულით ვულოცავ.
ამ გუნდმა თვალნათლივ დაამტკიცა, რომ სწორი მუშაობისა და საქმისადმი პროფესიონალურად მიდგომის შემთხვევაში დიდი ფეხბურთის თამაში ქართველებსაც შეგვიძლია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"