გოჩა ტყებუჩავა: მივხვდი, რომ ზუგდიდის "ბაიაში" ასე მუშაობას ვეღარ გავუძლებდი

AutoSharing Option
გოჩა ტყებუჩავა ზუგდიდის "ბაიას" მთავარი მწვრთნელი აღარ არის. გუნდი ბოლოსწინა ტურში ქუთაისის "ტორპედოსთან" შეხვედრისთვის ემზადებოდა, როდესაც ფეხბურთელები კრებაზე დაიბარეს და, მათდა მოულოდნელად, ტყებუჩავამ გადადგომის შესახებ აცნობა.

როგორც გვითხრეს, სეზონის ბოლომდე დარჩენილ ორ ტურში "ბაიას" ტყებუჩავას თანაშემწე ელგუჯა ქომეთიანი მოამზადებს და შესაძლოა, მომავალ სეზონშიც მთავარი მწვრთნელის პოსტზე დააბრუნონ.

შეგახსენებთ, რომ ქომეთიანი "ბაიას" 2010-11 წლებში თავკაცობდა, შემადგენლობას საუცხოოდ იცნობს და მისი დამსახურებაა, გუნდში ბევრი ნიჭიერი, იმედისმომცემი ფეხბურთელი რომ დაწინაურდა.

ინფორმაცია ელგუჯა ქომეთიანთან გადავამოწმეთ:

- დიახ, ტყებუჩავა მართლაც გადადგა, რაც ჩემთვის დიდი მოულოდნელობა
აღმოჩნდა. წასვლა თავად გოჩამ გადაწყვიტა.

- რა გახდა ამის მიზეზი, გუნდს კვლავ ფინანსური პრობლემები შეექმნა?
- ეს არაფერ შუაშია, ხელფასები და პრემიები დროულად რიგდება. საბედნიეროდ, ამ მხრივ ვითარება საკმაოდ ნორმალურია. უბრალოდ, გოჩამ ასე გადაწყვიტა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მისი ნაბიჯი ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. თბილისში ვიყავი და უკან გამობრუნებულს ასეთი ამბავი დამხვდა.

- მთავარი მწვრთნელის მოვალეობას თქვენ შეასრულებთ?
- ჩემთვის არავის უთქვამს, მთავარი მწვრთნელი გახდი და გუნდი ჩაიბარეო. უბრალოდ, სეზონის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი და ვალდებული ვარ, ბიჭები მოვამზადო და მოედანზე გავიყვანო.

- აბა, ვინ შეცვლის ტყებუჩავას?
- ეს ჯერ ჩვენთვის უცნობია.

დავუკავშირდით თავად გოჩა ტყებუჩავას, რომელიც "ბაიას" მთავარ მწვრთნელად მეორე ეტაპის დაწყებამდე დანიშნეს და პოსტზე მხოლოდ ხუთი თვე იმუშავა. მან "ბაიადან" წასვლის მიზეზებზე ძალზედ მოკლე კომენტარი გააკეთა:

"რატომ წავედი? მივიჩნიე, რომ ჩემს მუშაობას აზრი აღარ ჰქონდა. პრობლემები ყველა კლუბშია, მაგრამ მივხვდი, რომ ასე მუშაობას ვეღარ გავუძლებდი".

არ დადასტურდა გავრცელებული ხმები, თითქოს "ბაიას" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ოთარ გაბელია ჩაიბარებს.

"ბაია" მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული