ფრაგმენტები შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნიდან "გუშინ"

AutoSharing Option
ოთა არველაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, ავტობიოგრაფიული წიგნი რომ დაწერა.

"გუშინ" ჯერაც დახლზე დევს, თუმცა მის შესაძენად ყველას არ მიუწვდება ხელი და გადავწყვიტეთ, ამ წიგნის რამდენიმე ფრაგმენტი "ლელოში" დაგვებეჭდა.

რა თქმა უნდა, ამის ნებართვა თვითონ შოთა არველაძემ მოგვცა.

ფრაგმენტები ამ წიგნიდან "ლელოს" სამშაბათის და პარასკევის ნომრებში გამოქვეყნდება.

ასევე, იხილეთ:

ნაწილი I: ტრაბზონი - ალთინ იკიზლარ - ოქროს ტყუპები

ნაწილი II: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი III: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი IV:
ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე


ნაწილი V: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ცხოვრება კი გრძელდებოდა... მთავარ მწვრთნელად ილმაზ ვურალი დაინიშნა, მაგრამ "ტრაბზონი" უწინდელივით კარგად ვეღარ თამაშობდა.

გუნდში ხელფასებს აღარ არიგებდნენ და, ფაქტობრივად, ქაოსი დაიწყო. კლუბის საქმეები უკან-უკან მიდიოდა, ჩემპიონობისთვის ვეღარ იბრძოდა. ვურალმაც დრო იხელთა, - ამ ფეხბურთელებით ვერაფერს მივაღწევ და ახალი გუნდის შექმნა უნდა დავიწყოთო.

ქართველებსაც დაერია. მე ისე ვერა, მაგრამ "ჯამარას" და აჩის საერთოდ არ ათამაშებდა, გიო ნემსაძეს კი მაგრად აწვალებდა. თუ ერთ თამაშს შედარებით სუსტად ითამაშებდა, მომდევნოში აღარ აყენებდა.

აპრილი იწურებოდა... კლუბს ჩვენი ძალიან დიდი ვალი დაუგროვდა. გაურკვევლობაში ვიყავით. მე, აჩის და ნემსაძეს მაისში კონტრაქტი გვიმთავრდებოდა, "ჯამარას" კი ერთი წელი კიდევ ჰქონდა დარჩენილი.

მე, აჩიმ და "ნემსამ" გადავწყვიტეთ, კლუბის ხელმძღვანელობასთან გველაპარაკა და ყველაფერი გაგვერკვია. დირექტორატის წევრებმა გვითხრეს, ფინანსებთან დაკავშირებით მხოლოდ კლუბის პრეზიდენტს უნდა მიმართოთო, თან, ერთ რამეში გაგვარკვიეს, - "ტრაბზონს" მარტო ჩემთან სურდა კონტრაქტის გაგრძელება. ეს რომ მოვისმინეთ, დემონსტრაციულად დავტოვეთ ოთახი!.. მოლაპარაკება ათ წუთში დასრულდა...

რა იქნება შემდეგ?! ამაზე ფიქრი არ მასვენებდა. დღეში ათჯერ ვურეკავდი ჩემს აგენტს და მეგობარს, ივან ბენეშს, ვეკითხებოდი - რა ხდება, ვის უნდა ჩემი აყვანა-მეთქი. ლოდინი ძალიან ძნელი აღმოჩნდა. "ტრაბზონს" 500 000-იანი ვალი დაუგროვდა და იქ გაჩერებას აღარ ვაპირებდი.

აჩის მწვრთნელთან ჰქონდა პრობლემა. ჩემი მეუღლე ფეხმძიმედ იყო. არ ვიცოდი, სად ვიცხოვრებდით და სად გავაგრძელებდი კარიერას...

ტრაბზონელები მაინც არ მეშვებოდნენ. თითქმის ყოველდღე მიბარებდნენ კლუბში და ახალი კონტრაქტის გაფორმებას მთხოვდნენ. მე კატეგორიულად ვუმეორებდი: - ჯერ ვალი გაგვისტუმრეთ და მომავალზე მერე დავილაპარაკოთ!.. აჩისთან დაშორებაზე კი ლაპარაკიც არ მინდა-მეთქი.

ჩემი ასეთი პოზიცია ძალიან აღიზიანებდათ. ზოგიერთმა ჩვენი შეშინებაც კი სცადა, მაგრამ ამაოდ. "ტრაბზონში" ყველას ვუყვარდით და ჩვენთან ღიად დაპირისპირებას ერიდებოდნენ.

ბენეშისგან ჯერ რეალური არაფერი ისმოდა. ის, რომ დიდ გუნდში მოხვედრა ადვილი არ არის და ამ ყველაფერს კარგი ორგანიზება უნდოდა, ჩემთვის ძნელი გასაგები იყო - თუ უნდათ, რაღას ელოდებიან, რატომ ვერ წყვეტენ-მეთქი. და საერთოდ, გაურკვეველ მდგომარეობაში ყოფნა ძალიან გამიჭირდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, "ტრაბზონის" ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ შევხვედროდით. აჩიმ მთხოვა და შევთანხმდით, რომ ნებისმიერ საკითხზე მასთან ესაუბრათ და თუ რაიმე კითხვა გაუჩნდებოდათ, პასუხს ჩემს მაგივრადაც ის გასცემდა.

ეს არ მოეწონათ, რადგან აჩის საუბარი ცოტა კატეგორიული ეჩვენათ. ჯერ ვალის სასწრაფო გასტუმრება მოითხოვა; ასევე თქვა, ახალ კონტრაქტში ცვლილებების შეტანა მოგიწევთო. სპეციალურად ამ შეხვედრისთვის სტამბულიდან პრეზიდენტი ჩამოვიდა, თუმცა ჩვენთან უშუალო საუბარი არ ისურვა. დანარჩენები გადაჭრით ვერაფერს ამბობდნენ. აჩი კი "ტრაბზონს" არწმუნებდა - შოთაზე მაგარი ფორვარდი ევროპაში ძნელად მოიძებნება და მასზე უკეთესს თუ ნახავთ, ხუთჯერ უფრო ძვირი დაგიჯდებათო. სანამ ახალი აქაურობას შეეჩვევა და ყველაფერში გაერკვევა, დიდი დრო გავა, შოთიკო კი საკუთარი შვილივით უყვარს "ტრაბზონსო".

არსებობდა რისკი, გადამიხდიდა თუ არა "ტრაბზონი" ამხელა თანხას, თუ ჩემი ევროპული სავარაუდო ტრანსფერი ჩაიშლებოდა?.. 1996 წელი იდგა და ამხელა თანხის აღება ჩემი დიდი ოჯახისთვის ფანტასტიკური იქნებოდა. პასუხი მაშინვე არ გვითხრეს. სახლში გვიან დავბრუნდით და ამ თემაზე ბევრი აღარ გვილაპარაკია. ყველამ სასწრაფოდ დავიძინეთ...

ჩემპიონატის ბოლო ტურს სახლში ვთამაშობდით. ვიცოდი, რომ ძალიან ბევრი ხალხი მოვიდოდა და ჩემს გამხნევებას შეეცდებოდა. მაყურებელი ყველაფერს გააკეთებდა, რათა დავერწმუნებინე, რომ მათთვის მართლაც ერთ-ერთი საყვარელი და საჭირო ფეხბურთელი ვიყავი.

ასეც მოხდა, ყველა ერთხმად ჩემს სახელს იმეორებდა და დარჩენას მთხოვდა. ჩვენ 2:0-ით გავიმარჯვეთ. მე ერთი გოლი გავიტანე, მაგრამ ილმაზ ვურალმა, "ტრაბზონის" მაშინდელმა მწვრთნელმა, ყველას დაანახა, რომ მისთვის განსაკუთრებულს არაფერს წარმოვადგენდი და ოცი წუთით ადრე გამომცვალა... ყველაფერს მივხვდი - ხალხი ჩემს მხარეს იყო, ეს მას ხელს არ აძლევდა.

ჩემი ზეიმი ჩაშალა... ხალხი ფეხზე იდგა და ისე მაცილებდა, ბევრს თვალზე ცრემლიც კი ჰქონდა. ყველა ხვდებოდა, რომ ჩემი დარჩენა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, ხოლო მე პირადად მაშინ მივხვდი, რომ ეს ჩემი ბოლო თამაში იყო...

რამდენიმე დღეში ანკარაში გასამართ სუპერთასის თვრამეტკაციან განაცხადშიც, პრეზიდენტის უშუალო მოთხოვნით, არ შემიყვანეს. ჩემი დასჯა ასე არაპროფესიულად მოინდომეს!.. გაცოფებულმა ბენეშს დავურეკე და ვუთხარი, რომ მეტის ატანა აღარ შემეძლო!

ახლაც კარგად მახსოვს ტელეფონში ბენეშის ნათქვამი სიტყვები - თუ ევროპაში თამაში გინდათ, აღარავის დაელაპარაკოთ, ჩაალაგეთ ყველაფერი და თბილისში წადითო. მეორე დილიდან ჩალაგება დავიწყეთ...

არავის სჯეროდა, რომ მივდიოდით. ეგონათ, ტყუპები ფასის ასაწევად იქცევიან ასეო, მაგრამ ისეთებიც გამოჩნდნენ, სტუმრად რომ მოდიოდნენ და ავეჯისგან დაცლილ სახლს ხედავდნენ, ქალაქში გარბოდნენ და გაჰყვიროდნენ: "ტყუპები მართლა მიდიან, ეს ჩვენი თვალით ვნახეთო!.."

ტრაბზონის აეროპორტში ყველა თურქულმა სატელევიზიო არხმა და სპორტულმა ჟურნალისტმა მოიყარა თავი. გამცილებლებიდან ბოლომდე დარწმუნებული არავინ იყო, რომ ჩვენ აღარ დავბრუნდებოდით. მარტო მე, აჩიმ, ჯემალმა, თამუნამ და თინიმ ვიცოდით, რომ ჩვენი გადაწყვეტილება საბოლოო იყო...

სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ ტრაბზონს თვალცრემლიანი ვემშვიდობებოდით... ყველა ტიროდა, ვისთანაც თბილი ურთიერთობა გვაკავშირებდა. ჩვენი კარიერის და ოცნების მისაღწევად რთული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ...

გაგრძელება იქნება
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
შოთი მაგარი კაცია, ნამდვილი პროფესიონალი. შოთის მსგავსი თავდამსხმელი აღარ გვეყოლებააააა.....
tatuka
12:23 25-05-2012
0
გაიხარეთ,ძალიან საინტერესო წიგნი ყოფილა,რაც მთავარია გამართულად წერია და ერთი სული მაქვს დანარჩენ ნაწილს როდის დადებთ. კიდევ ერთხელ მადლობა შოთის,ასეთი დიდი საქმისათვის რაც მან ქართულ ფეხბურთს და ჩვენ, მის გულშემატკივარს გვაჩუქა.
Tornike
21:12 24-05-2012
0

სიახლეები პოპულარული