[Exclusive] კახა კალაძე: ქართულ ფეხბურთს საფუძველი მოშლილი აქვს

AutoSharing Option
საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი, ჩემპიონთა ლიგის ორჯერ მომგები კახა კალაძე გუშინ რედაქციაში ვისტუმრეთ და "ლელოს" ქართული ფეხბურთის განყოფილების ჟურნალისტებმა კითხვები დავუსვით.

კალაძე განსაკუთრებული ფენომენია ქართული ფეხბურთისთვის და საერთოდ, საქართველოსთვის. მან რთული გზა გაიარა, სამტრედიიდან "მილანში" მოხვდა. ცხოვრებაში ბევრი გადაიტანა. მძიმე ოჯახურმა ტრაგედიამაც არ გატეხა. თამაშობდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და ევროპაშიც ყველაზე სახელიან ქართველ ფეხბურთელად ითვლებოდა.

კალაძემ ფეხბურთის თამაშს თავი დაანება, 2011/12 წლების სეზონი მისთვის ბოლო აღმოჩნდა. ცხადია, ის ბევრისმნახველია და, ალბათ, შეუძლებელია, რომ ყველაფერი ერთ ინტერვიუში ჩაატიო...

კალაძე იმითაც გამოდგა
განსაკუთრებული, რომ პოლიტიკაშიც არის ჩართული, თანაც ისე, რომ კომფორტული გზა არ აურჩევია - პოლიტიკაში ოპოზიციონერად მივიდა. შეიძლება ითქვას, რომ კალაძე უკვე პოლიტიკური ფიგურაც არის.

რა თქმა უნდა, კალაძეს მეტწილად მის საფეხბურთო კარიერაზე ვესაუბრეთ.

მაშ ასე, "ლელოს" კითხვებს კახა კალაძე პასუხობს...

- ფეხბურთში ახლა ისეთი ტენდენციაა, რომ მოთამაშეები გაცილებით გვიან ასრულებენ კარიერას. თანამედროვე მეთოდიკა და ფარმაკოლოგია ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა. ალბათ, კახა კალაძესაც კიდევ შეეძლო თამაში მაღალ დონეზე - ყველაზე უფრო რამ განაპირობა ფეხბურთელობაზე უარის თქმა?
- ეს მართლაც რთული გადაწყვეტილება იყო, ბევრი ვიფიქრე... საქართველოს ნაკრებიდან რომ წამოვედი, ოთხი თვის შემდეგ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება - ჩვენი ქვეყნის სიყვარულმა, ჩვენს სამშობლოში შექმნილმა რეალობამ მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება. მიმაჩნია, რომ ახლა ყველაზე უფრო ვჭირდები ჩემს ქვეყანას.

ამ ნაბიჯის გადადგმა ადვილი ნამდვილად არ იყო, 18 წელი პროფესიონალი ფეხბურთელი გახლდით. ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძებ და აღმოჩნდება, რომ ამ საქმეს აღარ აკეთებ. ფსიქოლოგიურად მზად ვიყავი ყოველივე ამისთვის. წვლილი უნდა შევიტანოთ საქართველოს წინსვლისა და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის.

- უკვე გაცნობიერებული გაქვს, რომ ფეხბურთელი აღარ ხარ?
- ალბათ, ჯერ ბოლომდე გაცნობიერებული არ მაქვს, სპორტსმენი რომ აღარ ვარ. აგვისტოში მომდევნო საფეხბურთო სეზონი დაიწყება და მაშინ, ალბათ, უკეთესად გავაცნობიერებ, თუ რა მოხდა.

- კახა კალაძის საფეხბურთო გზა ერთფეროვანი არ ყოფილა, არაერთ ქვეყანაში გითამაშია. ყველაზე უფრო სად გრძნობდი თავს კომფორტულად, სად გქონდა ყველაზე დიდი წინსვლა?
- ტიტულებით თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე მეტი "მილანმა" და იტალიამ მომცა, რისთვისაც ყოველთვის მადლობას ვუხდი მილანელ თანაგუნდელებს.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო კიევის "დინამოში" გატარებული წლები. ის პერიოდი ერთგვარი გარდამტეხი პერიოდი იყო ფეხბურთელი კალაძისთვის. უკრაინაში ჩემი მწვრთნელი ვალერი ლობანოვსკი იყო. ეს სპეციალისტი ისე მუშაობდა, რომ ჩემი, როგორც პიროვნების და სპორტსმენის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

- უკრაინამდე იყო თბილისის "დინამო" და საქართველოს ნაკრები. 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ბოლოს საქართველო იტალიას მასპინძლობდა. სტუმრებს მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ ხელს, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა არ წააგო, 0:0 ითამაშა. იმ შეხვედრაში კახა ცხადაძე მალევე დაშავდა და მისი შეცვლა შენ მოგიწია...
- სწორედ ეს თამაში გახდა ჩემი კიევის "დინამოში" გადასვლის მიზეზი. 19 წლის ვიყავი, სხვა სათადარიგოებთან ერთად ვხურდებოდი და დავით ყიფიანმა დამიძახა, მოედანზე უნდა შეხვიდეო. ყიფიანი დიდი პიროვნებაც იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, შიში და განსაკუთრებული დაძაბულობა არ მიგრძვნია, ისეთი დიდი იყო მხარდაჭერა ჩვენი გულშემატკივრებისგან.

მაშინ იტალიის ნაკრებში ვარსკვლავები თამაშობდნენ: ძოლა, მალდინი, ინძაგი, ბაჯო, ვიერი...დაცვის ცენტრში მურთაზ შელიას გვერდით მომიწია თამაში. ყიფიანმა კონკრეტული დავალება მომცა - ვიერის მეურვეობა და ვფიქრობ, საქმეს კარგად გავართვი თავი. ვიერი მაშინ კარიერის პიკზე იყო. მიჭირს იმ ემოციების გადმოცემა, რაც იმ თამაშის დროს მქონდა.

- ამ თამაშში გამოჩნდა კახა კალაძე, როგორც მომავალი ვარსკვლავი, თუმცა ეს არ იყო მისი პირველი სანაკრებო მატჩი...
- ნაკრებში პირველად კვიპროსთან ვითამაშე. ის შეხვედრა 2:0 მოვიგეთ. გუნდს მაშინ ალექსანდრე ჩივაძე წვრთნიდა. იმ დროს ნაკრებში ახალი თაობა მოდიოდა - მე, იაშვილი, კობიაშვილი, დემეტრაძე...

მაშინ ნელ-ნელა ხდებოდა თაობათა ცვლა, არა ისე, როგორც ეს დღეს კეთდება, როცა გუნდის ერთი ნაწილი უცბად მოიკვეთა. არა მგონია, რომ თაობათა ხისტი ცვლა სწორი იყოს...

- ფეხბურთელის კარიერას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მწვრთნელის ფაქტორიც. არაერთ სახელოვან სპეციალისტთან გიმუშავია. მათგან ლობანოვსკი, ალბათ, ყველაზე გამორჩეული იყო...
- ფიზიკური მომზადება და დისციპლინა - ლობანოვსკის ეს უმაღლეს დონზე ჰქონდა აყვანილი. კიევის "დინამოში" რომ მივედი, თავიდან ძალიან გამიჭირდა, დატვირთვებს ვერ ვუძლებდი, მაგრამ თანდათან ყველაფერს მივეჩვიე და რამდენიმე თვის შემდეგ ფიზმომზადების ტესტებში უკვე ერთ-ერთი საუკეთესო ვიყავი.

დისციპლინა ლობანოვსკისთვის ყველაფერი იყო და ცხოვრებაშიც დისციპლინირებულ ადამიანად ჩამოვყალიბდი.

კიევიდან "მილანში" რომ გადავედი, ეს უკვე სულ სხვა გამოწვევა იყო, ლეგიონერი ადგილობრივ ფეხბურთელზე ორი თავით მაღლა უნდა ყოფილიყო. "მილანში" მისვლიდან ერთ კვირაში პირველი მატჩი უნდა მეთამაშა ძირითად შემადგენლობაში. თამაშის წინა ღამეს არ მეძინა, "რეჯინასთან" ცენტრალურ მცველად ვითამაშე და ის შეხვედრა 1:0 მოვიგეთ.

სამტრედიაში რომ ვთამაშობდი ფეხბურთს, მაშინ თბილისის "დინამო" იყო ჩემთვის მიუწვდომელი; ყიფიანი, ჩივაძე და სულაქველიძე იყვნენ ჩემი კერპები. მერე ისეთ კიევის "დინამოში" მოვხვდი, წინა სეზონში "ბარსელონას" რომ უგებდა დიდი ანგარიშით. შემდეგ კი "მილანი"...

ამ ყველაფერს თავდაუზოგავი შრომით მივაღწიე. საქართველოში იმ პერიოდში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ის სული და გული, ის ჯიგარი არ ჰქონდათ, რაც დიდი წარმატებისთვის აუცილებელი იყო.

- ანუ კალაძეს აღმოაჩნდა ის, რაც სხვას არ ჰქონდა...
- ნებისყოფა, ხასიათი... ცხოვრებაში ადვილად არაფერი მოდის და ასეა სპორტშიც. როცა დაბრკოლებებს გადალახავს, ადამიანი უფრო ძლიერი ხდება. ბევრს განაპირობებს ოჯახიც, თუ რა შთაგონებით იზრდება ადამიანი. თავში უნდა გედოს ის, რომ ბევრს მიაღწიო, გახდე წარმატებული. ყველაფერი ეს და ნიჭი ერთმანეთში უნდა იყოს შერწყმული.

- წარმატებული კახა კალაძე - მეტი წილი ნიჭზე მოდის თუ შრომისმოყვარეობაზე?
- პროცენტულად რომელი უფრო მეტი იყო, ამის თქმა გამიჭირდება. ვფიქრობ, ნიჭი არ მაკლდა. სიმღერაში რაც უნდა ვივარჯიშო, პროფესიონალი მომღერალი ვერ გავხდები...

- უკრაინაში განსაკუთრებულად უყვართ კახა კალაძე...
- უკრაინაში ქართველები ძალიან უყვართ. ჩემამდე კიევის "დინამოში" ახრიკ ცვეიბა და მიხეილ ჯიშკარიანი თამაშობდნენ. შემდეგ გუნდში გიორგი დემეტრაძეც მოვიდა.

ჩემი უკრაინული კარიერა ხანმოკლე და შედეგიანი გამოდგა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდეც კი მივედით, სადაც მიუნხენის "ბაიერნის" დამარცხება კი შეგვეძლო, მაგრამ... კიევში 3:1-ს ვიგებდით და მატჩი 3:3 დასრულდა. ახალგაზრდული გუნდი ვიყავით და ამან ფსიქოლოგიურად ჩვენზე უარყოფითად იმოქმედა.

მიუნხენში 0:1 წავაგეთ. სანამ მარიო ბასლერი გაიტანდა გოლს, რებროვს შეეძლო ანგარიშის გახსნა. შევჩენკოსაც ჰქონდა კარგი მომენტი...

უკრაინა კარგი იყო, თუმცა იტალიაში 12 წელი ვითამაშე და თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. ძაკერონი, ჩეზარე მალდინი, თერიმი - მათ შემდეგ "მილანის" მწვრთნელი კარლო ანჩელოტი გახდა, ვისაც რამდენიმე თვე დასჭირდა ყველაფრის დასალაგებლად და დაიწყო გუნდის აღმასვლაც.

- არაერთ პოზიციაზე გითამაშია და როგორ ფიქრობ, ყველაზე ოპტიმალური შენთვის რომელი იყო?
- როცა ასაკი ხელს მიწყობდა, მარცხენა მცველი იყო ჩემთვის საუკეთესო ამპლუა. ლობანოვსკის კარგი კიდევ ეს მიმართულება ჰქონდა - ფეხბურთელის უნივერსალიზაცია. კიევის "დინამოში" ფეხბურთელს ერთი პოზიციიდან მეორეზე გადაწყობა უნდა შესძლებოდა. ლობანოვსკი და მისი გუნდი იმიტომაც იყო ძლიერი, რომ ამის სინქრონულად გაკეთება ეხერხებოდა.

კიევის "დინამოზე" მაშინ ამბობდნენ, ნახეთ, რამდენს დარბიანო. სინამდვილეში კი ჩვენს მობილურობას და ძალას ყველაზე უფრო უნივერსალიზმი განაპირობებდა.

ჩემს ოპტიმალურ პოზიციას რაც შეეხება, ასაკის მატების შემდეგ საუკეთესო ვარიანტი დაცვის ცენტრში თამაში იყო.

- იყო პერიოდი, როცა თავდამსხმელად თამაშობდი...
- ეს მაშინ, როცა ჯერ სამტრედიაში ვთამაშობდი ჭაბუკთა ტურნირებზე. სხვათა შორის, ბევრი გოლიც გამქონდა. საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებში რომ ამიყვანეს, გაიოზ დარსაძემ საყრდენ ნახევარმცველად გადამიყვანა. მერე იყო "დინამო", გივი ნოდია, სერგო კუტივაძე. შემდეგ დათო ყიფიანი დაინიშნა მთავარ მწვრთნელად.

ალბათ, ყველას ახსოვს ის სეზონი, უეფას თასის 1/16-ფინალამდე რომ მივედით. მოსკოვის "ტორპედოს" მოვუგეთ, შემდეგ "ბოავიშტას" შევხვდით, შინ 1:0 დავამარცხეთ. მსაჯმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და საპასუხო შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო ვეღარ ვითამაშე...

- ყველაზე უფრო რომელი თავდამსხმელის წინააღმდეგ გიჭირდა თამაში? ალბათ, ყველა მცველისთვის არსებობს განსაკუთრებულად უხერხული მეტოქე...
- ყველა თავდამსხმელს აქვს სუსტი და ძლიერი მხარეები. ჰოდა, მეც ყველანაირად შესწავლილი მყავდა მეტოქის ფორვარდები. როგორ და რომელ ზონაში იხსნება თავდამსხმელი, როგორ იღებს ბურთს - ამ ყველაფერს ვაკვირდებოდი და, ალბათ, ასეთი მობილიზაციის გამო განსაკუთრებულად არცერთ თავდამსხმელთან არ მიჭირდა თამაში.

ყველაზე სრულყოფილი თავდამსხმელი კი, ალბათ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი იყო ჩემს იტალიურ კარიერაში.

ისიც უნდა ვთქვა, რომ ხშირად იტალიის არცთუ მოწინავე გუნდების თავდამსხმელებთან იყო ხოლმე რთული თამაში. შესაძლოა იმიტომ, რომ მათ თამაშს არცთუ კარგად ვაკვირდებოდი.

თავდამსხმელებზე რადგან ჩამოვარდა სიტყვა, პიპო ინძაგიც უნდა ვახსენო. ბურთს კარგად ვერ აკენწლავდა, მაგრამ გოლის გატანის საოცარი ალღო ჰქონდა. საგოლე მომენტს ხელიდან არ უშვებდა. თამაშგარეს ზღვარზე თამაში უყვარდა და ასეც ბევრი გოლი აქვს გატანილი.

- იქნებ ზინედინ ზიდანთან მომხდარი ინციდენტიც გაიხსენო...
- ზიდანი დიდი ფეხბურთელი და ასეთივე ადამიანი იყო... "იუვენტუსს" ვეთამაშებოდით და მას პერსონალურად ვმეურვეობდი. ალბათ. არავის სიამოვნებს, როცა პერსონალური მეურვე ჰყავს და ბურთის მიღების საშუალებას არ აძლევს. ზიდანის დარ ვარსკვლავებს კოჭებში ცოტა რომ მოხვდებათ, ესეც განსაკუთრებულად არ სიამოვნებთ.

სანამ ზიდანს იმ შეხვედრაში პერსონალურად ვიყვანდი, ხიფათს ვერ გვიქმნიდა. მერე კი წამეკინკლავა. შემდეგ ისე მოხდა, რომ ფეხი გადამიბრუნდა, კოჭის ტრავმა მივიღე და მოედანი დავტოვე. ზიდანი კი მეურვის გარეშე დარჩა და გოლიც გაიტანა.

- ნაკრების თემას გვერდს ვერ ავუვლით. ლევან კობიაშვილმა ერთხელ გვითხრა, მხოლოდ მე და კალაძე თამაშს ვერ მოვიგებთო... მაინც რაშია საქმე, რატომ ვერ დაადგა საშველი საქართველოს ნაკრებს?
- სახლის შენება სახურავიდან კი არა, საძირკვლიდან უნდა დაიწყოს. ქართულ ფეხბურთს კი საფუძველი მოშლილი აქვს. რამდენი წელია, ნაკრებს ნორმალური ბაზა არ ჰქონდა, სანამ ბიძინა ივანიშვილის დახმარებით არ მოგვარდა ეს პრობლემა. გული მწყდება, ასეთ დღეში რომ ვხედავ ჩვენს საფეხბურთო მოედნებს და ინფრასტრუქტურას.

ბათუმი საქართველოს მესამე ქალაქია. იქ მოედანი დაანგრიეს და მის ნაცვლად საკონცერტო სცენა გააკეთეს. ინფრასტრუქტურას რომ თავი დავანებოთ, იცვლება სამწვრთნელო მეთოდიკა და აუცილებელია გაცილებით მეტი კვალიფიციური მწვრთნელი. ბურთი გადაუგდე და ითამაშეთ - ბავშვთა ფეხბურთში ასე აღარ უნდა ხდებოდეს. მოზარდებმა დროულად უნდა მიიღონ ტაქტიკური განათლება.

ქინქლაძე, არველაძეები - ეს თაობა ისეთი ნიჭიერი იყო, არ ვიცი, კიდევ როდის გამოჩნდება ამდენი ნიჭიერი ერთად საქართველოს ნაკრებში. მაშინ ისეთი ფეხბურთელები გვყავდა, რომ ხორვატიის განთქმულ ნაკრებს ტოლს არ დაუდებდნენ. ქინქლაძის თამაში ახლაც ახსოვთ მანჩესტერში. მას შეეძლო მარადონას და მესის დარი ვარსკვლავი გამხდარიყო...

ჩვენი ნაკრების წინსვლას მწვრთნელთა ხშირი ცვლაც უშლიდა ხელს. მწვრთნელს რამდენიმე წლით უნდა მიეცეს მუშაობის საშუალება.

უნდა ამაღლდეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დონეც. საქართველოში რომ გამოჩნდება კარგი ფეხბურთელი, მალევე მიდის უცხოეთში, იმიტომ, რომ იქაური ხელფასით აქ რამდენიმე ოჯახს ინახავს. ფეხბურთელებს საქართველოში ისეთი პირობები უნდა ჰქონდეთ, ეგრევე წასვლაზე რომ არ ეჭიროთ თვალი. ყველაფერი ეს ნაკრების მწვრთნელებსაც გაუადვილებს საქმეს.

- კარიერაში რა იყო ისეთი, რაზეც ყველაზე უფრო გწყდება გული?
- ჩემი ტკივილი საქართველოს ნაკრებია. საკლუბო დონეზე ყველაფერი მოვიგე. ძალიან მინდოდა ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მეთამაშა, მაგრამ... წინა შესარჩევში ურიგო შანსი ნამდვილად არ გვქონდა, მაგრამ შინ ხორვატიასთან მოგების შემდეგ სამ დღეში ისრაელთან სტუმრად თამაში გვქონდა. თავი იჩინა დაღლილობამ და წავაგეთ. არ ვიცი, ვინ შეადგინა ასეთი კალენდარი...

- ხშირად არის ხოლმე საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ნაკრებს არ ჰყავდა ნამდვილი ლიდერი, ან ისეთი ფეხბურთელები, საკუთარ თავზე რომ აიღებდნენ თამაშს, გუნდის მობილიზაციას რომ მოახერხებდნენ...
- ქინქლაძე, ცხადაძე, ქეცბაია... საქართველოს ნაკრებს ჰყავდა ასეთი ფეხბურთელები და არც ახლა განიცდის მათ უკმარისობას. უბრალოდ, არ იყო შედეგი...

Sportall.Ge- "მილანიდან" რომ წამოხვედი, მაშინაც მასიმილიანო ალეგრი იყო გუნდის მწვრთნელი. გასულ სეზონში "მილანს" ჩემპიონობის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა...
- შედეგი სახეზეა, ჩემპიონი "იუვენტუსი" გახდა. მიმაჩნია, რომ "მილანი" უფრო ძლიერი და ტექნიკური ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" მარცხი "მილანის" ფეხბურთელებისთვის დიდი დარტყმა გამოდგა.

- ბარემ ჩემპიონთა ლიგის ფინალზეც გკითხავთ - ალბათ, დაგვეთანხმები, რომ უცნაური მატჩი გამოვიდა...
- წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით, გამარჯვებას "ბაიერნი" იმსახურებდა, გერმანელებმა მეტოქეზე კარგად ითამაშეს, მაგრამ ფეხბურთში ხშირად ხდება ის, რაც ამ ფინალში მოხდა.

- მესის შემდეგ ვინ მიგაჩნია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად?
- კრიშტიანო რონალდო. ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან რობენი და დროგბა, მაგრამ რონალდო მათზე ძლიერი ინდივიდუალისტია.

- ქართული ფეხბურთი ბოლო დროს კიდევ უფრო პოლიტიზირებული გახდა. ალბათ, ისიც იცი, თუ როგორ გამოვლინდა საქართველოს წლევანდელი ჩემპიონი...
- მხოლოდ სპორტი და ფეხბურთი კი არა, სხვა სფეროებიც პოლიტიზირებული გახდა, თეატრიც კი. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. სპორტსა და ფეხბურთში ის ხალხი უნდა საქმიანობდეს, ვინც ეს საქმე იცის, ვისაც აქვს საამისო გამოცდილება.

ფეხბურთი სიბინძურეებისგან უნდა გაიწმინდოს. როგორც "ქართული ოცნების" რიგით წევრს, ჩემი მიზანიც ის არის, რომ ვაკეთო ის, რაც ვიცი.

- გამოსამშვიდობებელი მატჩის გამართვას არ აპირებ? შოთა არველაძემ გააკეთა. ეს, ალბათ, ნორმალურია, რომ დამსახურებული ფეხბურთელი სათანადოდ გააცილოს გულშემატკივარმა...
- სოციალურ ქსელში ძალიან ბევრს მწერენ ამის თაობაზე და ყველას უღრმეს მადლობას ვუხდი თანადგომისთვის. მადლობა მსურს გადავუხადო იმ ხალხს, ნაკრებში ორი ავტოგოლის შემდეგ გვერდში რომ დამიდგა და მამხნევებდა. მადლობას გიხდით ჟურნალისტებსაც, თქვენ ხომ მოდუნების საშუალებას არ მაძლევდით.

"მილანის" ფეხბურთელი ვიყავი და სულ იმას ვცდილობდი, რომ მოედანზე და მის მიღმა სამაგალითოდ მოვქცეულიყავი; ენახათ, რა ქვეყნის შვილი ვიყავი. მინდოდა, საქართველოს სახელი ევროპაში არ შემერცხვინა.

დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციის გამო არა მგონია, რომ თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე ჩემი გამოსამშვიდობებელი მატჩის გამართვის საშუალება მომცენ.

არის იდეა, რომ ეს ყველაფერი სექტემბერში გავაკეთოთ. ამასთან დაკავშირებით უკვე მაქვს საუბარი ბევრ სახელგანთქმულ ფეხბურთელთან და ვნახოთ...

როცა დაბრკოლებას გადალახავ, უფრო ძლიერი ხდები (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ ვიდეოები
ვარძელაშვილი რაზე უნდა გველაპარაკოს, "ნაციონალურ მოძრაობამდე" დურგალი თუ "პარკეტჩიკი" იყო - კახი კალაძე

მინდა სექტემბერში საქართველოში მეგობრები ჩამოვიყვანო და გასაცილებელი მატჩი გავმართო - კახი კალაძე

15-16 წლის ასაკში ფეხბურთელები ქვეყნიდან გაქცევაზე ფიქრობენ და მე მათი მესმის - კახა კალაძე
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეეეჰ კახიი კახიიი, რამ დაგა... ამ სიბერეში
abesa
14:04 25-05-2012
0
დიდ ქართველ ფეხბურთელს, კახა კალაძეს, დიდი მადლობა საქართველოს ნაკრებში გაწეული სამუშაოსათვის. მეამაყება რომ საქართველოს ასეთი დიდი ფეხბურთელი ყავს. თქვენნაირი მშრომელი ადამიანი პოლიტიკაშიც წარმატებას მიაღწევს დარწმუნებული ვარ. ქართულ ფეხბურთს ჭირდება სახელმწიფოს დახმარება და არა ის მანიპულაცია, სამარცხვინო ცირკი და პროპაგანდა რასაც სააკაშვილი, ვარძელაშვილი, სიჭინავა და არველაძე უშვებიან ქართულ ფეხბურთს. კახა კალაძეს შეუძლია ქართულ ფეხბურთს დაეხმაროს და სწორ გზაზე დააყენოს.

abesa
***********
უძლევი
14:41 25-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული