ვლადიმერ გუცაევი: ნაკრებს 100 მილიონიც რომ დავახარჯოთ, მაინც არაფერი შეიცვლება

AutoSharing Option
გადაწყვეტილი ამბავია, რომ მომდევნო სეზონიდან საქართველოს ჩემპიონატს პროფლიგა ჩაატარებს, თუმცა ზუსტად რა როგორ იქნება, ძალიან მალე გაირკვევა.

ცნობილი გახდა, რომ პროფლიგის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ვლადიმერ გუცაევი იქნება, ლეგენდარული ვეტერანი, რომელიც ფეხბურთელობის შემდეგ საქართველოს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს წვრთნიდა, აქვს საფეხბურთო ჩინოვნიკად მუშაობის გამოცდილებაც.

გუცაევს 12 ივნისს შევხვდით და ინტერვიუ ჩამოვართვით. ვფიქრობ, მისი პოზიცია საკმაოდ მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია.

- პროფლიგის პრეზიდენტობა განსაკუთრებული თანამდებობაა იმის გათვალისწინებით, რომ ქართულ საკლუბო ფეხბურთში რთული ვითარებაა და თუ სახელმწიფოს ხელშეწყობა არ იქნება, გამოსავლის მოძებნა, ალბათ, ძალიან
გაძნელდება. რის საფუძველზე გადაწყვიტეთ საკუთარი კანდიდატურის წამოყენება?

- მე თვითონ მივედი სპორტის სამინისტროში და გამოვთქვი იმის სურვილი, რომ წამომეყენებინა საკუთარი კანდიდატურა და არჩევნების გზით გამოევლინათ კლუბებს პროფლიგის პრეზიდენტი.

- ქართულ საკლუბო ფეხბურთში ბოლო დროს კომერციალიზაციის ელემენტები თითქოს გაქრა; არადა, სწორედ ეს არის პროფლიგის მთავარი დანიშნულება. თუ პრეზიდენტი გახდებით, საწყის ეტაპზე როგორ აპირებთ საქმის წარმართვას?
- საწყის ეტაპზე სახელმწიფო, ალბათ, დააფინანსებს პროფლიგას. 14 ივნისს ამის თაობაზე მორიგი კონსულტაციები იქნება. ფაქტია, მხოლოდ ფეხბურთის ფედერაცია ყველა სეგმენტს ვერ გასწვდება. ეს რომ ძალიან ძნელია, ახლახან ჩამთავრებულმა სეზონმაც დაგვანახა.

- კონსულტაციები ახსენეთ და იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რას გულისხმობდით...
- სახელმწიფოს ალბათ სურს, რომ სერიოზულ დონეზე აიყვანოს ქართული საკლუბო ფეხბურთი.

- ყველგან ასეა - კლუბების მთავარი შემოსავლის წყარო სატელევიზიო უფლებების გაყიდვაა, ჩვენთან კი ეს პრინციპი არ მუშაობს, არცერთ ტელეკომპანიას არ სურს ამ საქმეში ფულის გადახდა...
- მართალია, ტელევიზიას არანაირი ინტერესი არ აქვს და სწორედ ამის გამოსასწორებლად არის საჭირო მუშაობა. როცა ყველამ იცის, თუ რა შედეგს მიაღწევს ესა თუ ის გუნდი, ინტერესი არ იქნება. ჯანსაღი კონკურენცია უნდა შეიქმნას და ეს ყველამ უნდა დაინახოს, საქართველოს ჩემპიონატის რეპუტაცია უნდა ამაღლდეს.

- ლიგისთვის სოლიდური სპონსორის მოძებნა რეალურად გეჩვენებათ?
- გენერალური სპონსორი მოსაძებნი იქნება. რაც უფრო სოლიდური და მდიდარი სპონსორი ეყოლება ლიგას, ჩემპიონატიც უფრო სერიოზულად ჩატარდება.

- პროფლიგა ადრეც არსებობდა და რაღაც ეტაპზე გარკვეული წარმატებებიც ჰქონდა; ის პროფლიგა კერძო პირების მიერ იყო დაფუძნებული და როცა შეიქმნა, კლუბები ფაქტის წინაშე დააყენეს. ახლა რა ხდება, ლაპარაკია ძველი პროფლიგის აღორძინებაზე თუ ახლის შექმნაზე?
- ჩემი აზრით, ახალი პროფლიგა უნდა შეიქმნას და ჩატარდეს წესიერი, ჯანსაღი არჩევნები. უმაღლესი ლიგის კლუბებმა უნდა გადაწყვიტონ ყველაფერი. პროფლიგის პრეზიდენტი დანიშნული არ უნდა იყოს.

- კულუარებში უკვე დაიწყო იმაზე ლაპარაკი, რომ უმაღლესი ლიგის სამონაწილეო თანხა გაიზრდება - როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხზე?
- ამაზე ჯერ ადრეა ლაპარაკი, ვინც მოვა პროფლიგის პრეზიდენტად, დეტალურად უნდა შეისწავლოს ყველაფერი და მერე შეადგინოს ბიუჯეტი. ყველაფერი ახლიდან არის გასაკეთებელი. არაერთი ცუდი მაგალითია სახეზე, თუნდაც ის, რაც წინა სეზონში მოხდა...

- პროფლიგის შექმნა სახელმწიფოს დახმარებით უნდა მოხდეს - ეს უკვე ნათელია, მაგრამ საქართველო უნიტარული ქვეყანა არ არის და შესაბამისად, იმის ალბათობაცაა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს. თუ ასეთი ცვლილება მოხდება, პროფლიგის პროექტს რა ბედი ელის?
- პროფლიგაში ისეთი ხელმძღვანელობა უნდა მოვიდეს, ვინც ამ ყველაფერს ალღოს აუღებს.

- პროექტის თანამონაწილე ხელისუფლება იქნება, მაგრამ საკლუბო ფეხბურთში არ ჩაერევა - გაქვთ იმის უნარი, რომ ასეთნაირად მოაწყოთ სიტუაცია?
- ისეთი სისტემა შეიქმნება, რომ არცერთი მთავრობა ჩაერევა საკლუბო ფეხბურთში. მერწმუნეთ, ასეთი სისტემა იმუშავებს, ოღონდაც ამ ეტაპზე საჯაროდ არ მსურს დეტალებზე საუბარი. გამოსავალი მართლაც არსებობს.

- ეგრეთ წოდებულ საბიუჯეტო კლუბებს ახლახან შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდიც შეემატა; ამბობენ, რომ მალე თავდაცვის სამინისტროსაც ეყოლება გუნდი უმაღლეს ლიგაშიო - ასეთი ტენდენციის დროს რა ჩაურევლობაზე უნდა იყოს საუბარი?
- ასეთი ტენდენცია ძალიან ცუდია, სერიოზულად დაფიქრებაა საჭირო, რათა ფული კერძო კლუბებს გაუჩნდეს და საბიუჯეტო კლუბები აღარ იყოს. მექანიზმი უნდა შემუშავდეს ისეთი, რომ სამინისტროებმა ვეღარ გაბედონ ის, რასაც ბედავენ.

- უმაღლესი ლიგის კლუბების ხელმძღვანელებთან უკვე გქონდათ წინასწარი შეხვედრა?
- როცა ფედერაციის სათავეში უმცროსი ნოდარ ახალკაცი იყო, მის საწინაღმდეგოდ გამოვთქვი ჩემი პოზიცია. ამის მერე გამოჩნდნენ ისეთი კლუბები, რომლებმაც მხარი ახალკაცს დაუჭირეს, მე კი ისევ ჩემს პოზიციაზე ვიყავი და ერთხელაც დავაფიქსირე, რომ ქართული ფეხბურთი არასწორი გზით მიდიოდა.

ახლაც იგივე პოზიციაზე ვარ. მე ჩემი ხედვა მაქვს და ეს უკვე გავაცანი რამდენიმე კლუბის ხელმძღვანელს. თუ კლუბები მხარს დამიჭერენ, მივაღწევთ იმას, რომ ქართული ფეხბურთი სწორი გზით, ოღონდ ნელ-ნელა წავა წინ. თუ სწორი გზით ვივლით, მივაღწევთ იმას, რომ მთავრობის უხეში ჩარევა ფეხბურთში აღარ იქნება.

- სახელმწიფო უკვე წლობით ეხმარება ფეხბურთის ფედერაციას, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისთვის სუბსიდიაა გამოყოფილი, მაგრამ უპირველეს ნაკრებს შედეგი ისევ არ აქვს - საინტერესოა თქვენი აზრი ამ საკითხზეც...
- თუ საქართველოს ჩემპიონატი არ განვითარდება, ნაკრების წარმატებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ნაკრები მხოლოდ ლეგიონერებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. გადახედეთ მოწინავე ნაკრებებს, იქ მეტი წილი ფეხბურთელები თავიანთი ქვეყნის ჩემპიონატში თამაშობენ.

ყველაფრის ბარომეტრი არის ხალხი. თუ ხალხი დადის ჩემპიონატის მატჩებზე, ესე იგი, ჩემპიონატში კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. ხალხი სწორედ მათ სანახავად დადის სტადიონზე. პრიორიტეტი არ უნდა იყოს მხოლოდ ნაკრები.

წავიდა ქეცბაია საქართველოს ჩემპიონატის ერთ მატჩზე და აღმოჩნდა, რომ თამაში ჩაწყობილი იყო; წავიდა მეორე მატჩზე და იქ მსაჯმა გააფუჭა ყველაფერი; წავიდა მერე სხვაგან და იქ სულ იმაზეა ლაპარაკი, ვინ ვის მისცა თამაში...

თუ ეს სიტუაცია არ გამოსწორდა, ნაკრებს 100 მილიონი რომ დავახარჯოთ, მაინც არაფერი შეიცვლება. სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ მსაჯობის თემას. პროფლიგის მომავალმა ხელმძღვანელმა პირად კონტროლზე უნდა აიყვანოს ეს საკითხი.

- დაბოლოს, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გკითხავთ. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ პირველი ტურის შემდეგ?
- პირველი თამაშები მომეწონა. მსოფლიო ჩემპიონატისგან განსხვავებით, აქ თავიდანვე უძლიერესი გუნდები არიან თავმოყრილნი, თუ არ ჩავთვლით ირლანდიის ნაკრებს.

ვერ ვნახე იტალია-ესპანეთი, თუმცა ყველა სპეციალისტმა მითხრა, მაღალი დონის თამაში იყოო.

მომეწონა რუსეთის ნაკრები, კერჟაკოვის, არშავინისა და ძაგოევის შემტევი ტრიო. რუსებს ნახევარდაცვაც სოლიდური ჰყავთ, განაპირა მცველებიც კარგად ერთვებიან შეტევაში. მოკლედ, ეს გუნდი ჩემპიონატის ერთ-ერთი აღმოჩენაა.

მომეწონა გერმანიის ნაკრებიც. ცოტა გაწბილებული დავრჩი ინგლისი-საფრანგეთის შეხვედრით, თუმცა ეს მხოლოდ პირველი ტური იყო და დარწმუნებული ვარ, გუნდები უკეთ ათამაშდებიან.

რაც მთავარია, ფეხბურთს შემტევი სტილი უბრუნდება. ეს ძალიან კარგია, ფეხბურთი შეტევაა და არა დაცვა...

ვლადიმერ გუცაევის თამამი აზრები (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მთავრობა პროფლიგას გვერდში საპრიზო ფონდით დაუდგება

ვინ და როგორ აღადგენს პროფლიგას?

საქართველოს ჩემპიონატი: პროფლიგის პრეზიდენტს 18 ივნისს აირჩევენ
მკითხველის კომენტარები / 7 /
"მე თვითონ მივედი სპორტის სამინისტროში და გამოვთქვი იმის სურვილი, რომ წამომეყენებინა საკუთარი კანდიდატურა და არჩევნების გზით გამოევლინათ კლუბებს პროფლიგის პრეზიდენტი", ადამიანი რომელიც ამას ამბობს არის ფარისეველი. ეს ადამიანი არ უნდა იყოს პროფლიგის პრეზიდენტი. ვარძელაშვილი არ უნდა იყოს არზერთ საჯარო თანამდებობაზე. სიჭინავა და არველაძე არუნდა იყვნენ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობაში. რატომ? იმიტიმ რომ ამ ადამიანებმა ამოწურეს თავიანთი შანსი ქართული ფეხბურთს სიკეთე მოუტანონ. დრო არის ახალი ადამიანები მოვიდნენ ქართულ ფეხბურთში.
უძლევი
00:53 14-06-2012
0
ვარძელაშვილმა სამთავრობო ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიიდან ამოიღო სამედიცინო კოლეჯის ,ეკონომიური ინსტიტუტის, მაგისტრის წოდების დიპლომები (ყალბი იყო და იმიტომ,),დატოვა მხოლოდ აგრარულის ბაკალავრიატის, სადაც ფიზიკურად ვერ ივლიდა რადგან 2002 2006 წლებში ის უკვე ალბათ ყალბი საბუთებით თანამდებობის პირი იყო. ანუ არსა უსწავლია. მინისტრად დანიშვნის ბიოგრაფიას რომ შეცვლის კაცი სამთავრობო გვერძე ყალბი დიპლომების გამო ის უკვე ციხეში იქნებოდა მაგრამ აქ ყველაფერი მოსულია
nika
22:36 13-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული