ფეხბურთი და პოლიტიკა: რას ვთავაზობთ აფხაზებსა და ოსებს?

AutoSharing Option
ფიფამ კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის აღიარებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა და ამ ბალკანური წარმონაქმნის საფეხბურთო ნაკრებს საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრების ჩატარების უფლება დართეს.

სეპარატიზმის აღიარებით პანდორას ყუთი გაიხსნა და აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში გამოცოცხლდნენ: ჩათვალეს, რომ ფიფას ეს დადგენილება მათთვის ანთებული "მწვანე შუქიც" იყო და საჯაროდ განაცხადეს, რომ ოფიციალური საერთაშორისო მატჩების ჩატარების თხოვნით ფიფას მიმართავდნენ.

გლობალური პოლიტიკური თამაშებიდან გამომდინარე, ამან საქართველოშიც შეშფოთება გამოიწვია, ემანდ, რაიმე ფარსაგი ამბავი არ იმალებოდესო.

მართლაც, თუ სეპარატისტულ კოსოვოს აქვს თამაშის უფლება, ხვალ-ზეგ ვის გაუკვირდება, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ნაკრებები
"ლუჟნიკებში" ერთმანეთს ან მეგობარ რუსეთს დამოუკიდებლობის დემონსტრირებისთვის რომ შეხვდნენ?

შემდგომი მოვლენები უკვე ცნობილია და ჩვენი შიში გაქარწყლდა - საქართველოში არსებულ ოკუპირებულ რეგიონებს, ბალკანელებისგან განსხვავებით, ფიფა-უეფა არ აღიარებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფიფასადმი გაგზავნილ წერილში დააფიქსირა პოზიცია, რომ საქართველოს რეგიონის ფიფას იურისდიქციაში დამოუკიდებლად შესვლასა და ფიფას ეგიდით საერთაშორისო მატჩებში მის მონაწილეობას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.

ფიფას უმაღლესი პირების რეაქცია უკვე ცნობილია - ფიფაში "აფხაზეთის რესპუბლიკისგან" საერთაშორისო მატჩების ჩატარებასთან დაკავშირებით ოფიციალური განაცხადი არ მიგვიღია და რომ აფხაზეთის მაგალითი კოსოვოსგან მნიშვნელოვნად განსხვავდება:

"აფხაზეთი საქმის ანალოგიას არ წარმოადგენს და ფიფას მიერ იდენტური გადაწყვეტილების მისაღებ მაგალითად არ გამოდგება".

მოკლედ, საფრთხე აღკვეთილია, საქართველოში კმაყოფილებაა, აფხაზები საერთაშორისო სარბიელზე ვერ ითამაშებენ და ეს ასეც უნდა იყოს. ამ ყველაფრის შემდეგ იყო საკმაოდ დაუკვირვებელი კომენტარები და აღტკინება ასეთი ქვეტექსტით - ჩვენ ჩვენი გავიტანეთ!..

ეს არის დამოკიდებულება, რომელსაც ოკუპანტი რუსეთის მისამართით ვამბობთ, მაგრამ ხომ არ სჯობს, პოზიცია განსხვავებული ფორმით დავაფიქსიროთ?

ჩვენ საქმე ჩვენს მოძმე აფხაზებთან გვაქვს, რომლებიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ჩვენს თითოეულ სიტყვას, წერილებსა და კომენტარებს ისეთივე დაკვირვებით ეცნობიან და ისეთივე რეაქცია გააჩნიათ, როგორც ჩვენ რუსების სიტყვაზე, წერილებსა და კომენტარებზე.

მათ კი ახალი არაფერი მოუსმენიათ მას შემდეგ, რაც ჩვენს შორის ურთიერთობები აირია. მთავარი კი სწორედ ურთიერთობებია და თუ მის მოგვარებას არ შევეცდებით, კონფლიქტი ყოველთვის გადაუჭრელი დარჩება.

თანაც, აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია: ოკუპირებული აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის თავკაცებმა კი თქვეს, რომ ფიფასთვის წერილი გაამზადეს, თუმცა ეს ტყუილია, რაც სფფ-ისადმი ფიფას ბოლო მიმართვაშიც გამოჩნდა. ანუ საქმე ისე მძიმედ არის, რომ მიმართვასაც ვერ აგზავნიან - ამასაც თავისი ფორმალური მხარე გააჩნია და "ჩატი" არ არის, უპრობლემოდ მისწერო.

ცხადია, "დამოუკიდებელი" აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის ფიფასა და გაეროს მიერ არაღიარებული ქვეყნების მიერ 2003 წელს ჩამოყალიბებული ასოციაცია NF-Board (Nouvelle Federation - Board) და სეპარატისტების ერთმანეთთან თამაშის მცდელობა გამოსავალი არაა. ამით მხოლოდ თავს იმშვიდებენ. რეალურად, მათ რუსებიც ვერ ეხმარებიან.

მაგრამ აფხაზები ჩვენი ძმები არიან და ეს განსაკუთრებით მაშინ ჩნდება, როდესაც ქართველი და აფხაზი ერთ გუნდში არიან - ისინი ყოველთვის ყველაზე მეტად საერთოს ერთმანეთთან პოულობენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, ჩვენი შერიგება უნდა მოხდეს. იგივე ითქმის ოსებზეც.

მაგრამ საამისოდ აფხაზებსა და ოსებს სხვა ენით უნდა ველაპარაკოთ და შევთავაზოთ ჩვენს კლუბებში თამაში, ურთიერთობები, ანუ დღევანდელი იზოლაციიდან გამოსავალს რუსები კი არა, ჩვენ უნდა ვთავაზობდეთ. თორემ რუსებს აყოლილებს საერთაშორისო სარბიელიც დაუხშეს, ჩვენ კი მხოლოდ კარის უკეთ გადარაზვაში ვეხმარებით.

გასაგებია, რომ პრობლემების შექმნის შიშით აფხაზები საქართველოში ჩამოსვლას მოერიდებიან, დღევანდელი გადასახედიდან ეს არარეალურიც ჩანს, მაგრამ მთავარი პროცესია.

თუ გაიხსენებთ, ცხინვალის რეგიონში ომი ახალი ჩამცხრალი იყო, როდესაც ქართველ ფეხბურთელთა ჯგუფი ვლადიმერ გუცაევმა ვლადიკავკაზის "ალანიაში" გადაიყვანა. როდესაც გუნდი ჩემპიონი გახდა, ურთიერთობები უცებ დათბა და თბილისში "დინამოსა" და "ალანიას" ამხანაგური მატჩიც გაიმართა.

უეფა და ფიფა პრაგმატულ ვარიანტს გვთავაზობენ.

დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მურად ანჯაფარიძე ამბობს:

"ქართულ-აფხაზური კლუბის ჩამოყალიბების შემთხვევაში, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია მზად არის, მას გრანტით დაეხმაროს.


ამ საკითხზე 2002 წელს უეფასა და ფიფას მაღალჩინოსნებს პრივატულად ველაპარაკეთ.

ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა პირდაპირ გვითხრა, თუ ეს პრობლემა მოგვარდება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წინადადებით მიმართავს, აფხაზეთში ფეხბურთის განვითარებას დავეხმარებითო.

კარგი იქნებოდა, ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენა ფეხბურთით რომ დაგვეწყო. სამწუხაროდ, დღეს ეს არარეალურია. ადრე თამაში რომ შევთავაზეთ, გვითხრეს, ისე შევხვდეთ, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნებიო. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელი იყო.

ამიტომ აფხაზ ძმებს ვთავაზობთ, რომ ჩვენს ჩემპიონატში გუნდი გამოიყვანონ და პირობას ვაძლევთ, რომ საქართველოს ფედერაციის ეგიდით ნებისმიერ ქვეყანასთან კონტაქტს უპრობლემოდ დაამყარებენ.

არანაირი სურვილი არ გვაქვს, იზოლაციაში რომ დარჩნენ, მაგრამ საერთაშორისო სამართლის დარღვევით საერთაშორისო სარბიელზე გასვლას ვერ შეძლებენ. ალბათ, პრაგმატული მოქცევა ორივესთვის აჯობებს".


რას ვთავაზობთ აფხაზებსა და ოსებს? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფიფა-მ აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა
საქართველომ ფიფას შეახსენა - აფხაზეთი კოსოვო არაა!
"აფხაზეთის ნაკრები" ფიფასგან ამხანაგური მატჩების ნებართვას ითხოვს
ფიფამ კოსოვო აღიარა. რა იქნება აფხაზეთ-სამაჩაბლოს შემთხვევაში?

მკითხველის კომენტარები / 5 /
Qartveli-ო ცხუმი არავითარი აფხაზური გუნდი არ იყო.ეს გუნდი აფხაზებმა 19 წლის წინ გამოყარეს.
baraqa
21:01 15-06-2012
0
კარგი სტატიაა უნდა დავფიკრდეთ.
jorj
17:33 15-06-2012
1

სიახლეები პოპულარული