საევროპო სტადიონებზე რეკონსტრუქცია მიმდინარეობს

AutoSharing Option
როდესაც გორის "დილა" საქართველოს თასს დაეუფლა და ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა, ცნობილი გახდა, რომ უეფა ევროთამაშის მასპინძლობის უფლებას სამშენებლო ხარაჩოებში ჩასმულ "თენგიზ ბურჯანაძის" არენას არ აძლევდა.

ამიტომ გორელთა შეფებმა უეფაში გაგზავნილ განაცხადში საშინაო არენად მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი დაასახელეს.

ამავე სტადიონზე ითამაშებს რუსთავის "მეტალურგიც" - ევროთამაშებისთვის რუსთავის სტადიონიც დაიწუნეს, მისი განახლება ვერ ესწრებოდა და სხვა რა გზა იყო.

"მიხეილ მესხი" კი განახლების პროცესშია. დასავლეთ ტრიბუნაზე მოძველებული და ფერდაკარგული ინდივიდუალური სკამების აღება სეზონის დასრულებამდე დაიწყო და ახლის დასაგებად ემზადებიან.

არადა,
კარს მოგვადგა 12 ივლისი, როდესაც "მეტალურგი" ვაკის სტადიონზე განმეორებით საშინაო მატჩში ალბანურ "ტეუტას" უმასპინძლებს, 26-ში კი გორის "დილა" დანიურ "ორჰუსს" დახვდება.

ესწრება თუ არა ინდივიდუალური სკამების დაგება და საერთოდ, რა სტადიაშია განახლებითი სამუშაოები "მიხეილ მესხზე", იგივე ეროვნულ სტადიონსა და სხვა ქალაქებში?

მიხეილ მესხის განახლება

ახლახან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფას გენერალური მდივნის, ჯანი ინფანტინოსაგან მიიღო ოფიციალური წერილი, რომელიც 2015 წლის ევროპის სუპერთასის გამართვას შეეხება.

წერილში აღნიშნულია, რომ საორგანიზაციო საკითხებს სფფ გაუძღვება, რომლის საქმიანობაც უეფასთან იქნება კოორდინირებული.

ევროპული ფეხბურთის შტაბბინა ქართული მხარეს უახლოეს მომავალში მიაწვდის შემდგომი საქმიანობისა და მატჩის საორგანიზაციოდ საჭირო ყველა მიმართულების (სტადიონი, ქალაქის ინფრასტრუქტურა, აეროპორტი) გეგმას.

"მიხეილ მესხის" განახლება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა: მოიხსნა დამცავი მესერი და სივრცე და გარემო უკეთ გამოჩნდა, განახლდა გასახდელები, აშენდა ახალი პრესცენტრი, მოეწყო ვიპ-ლოჟა, საპრესკონფერენციო და სხდომათა დარბაზები.

ფეხბურთის ფედერაციის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ამჟამად დასავლეთ ტრიბუნაზე სკამების დამონტაჟებამდე შრომატევადი ჰიდროიზოლაციური სამუშაოები მიმდინარეობს, რასაც ხელს უშლის ბოლოდროინდელი უამინდობა. სკამები ჩამოტანილია (თეთრი და ლურჯი) და მონტაჟიც მალე დაიწყება, მაგრამ მატჩებამდე მთლიანი დასავლეთ ტრიბუნის გადაფარვა ვერ მოხერხდება.

ადგილების ეფექტურად ათვისების მიზნით, ტევადობის 30 ათასამდე გაზრდა სურთ, რაც შეუძლებელი არ ჩანს - ამჟამად 27 ათას მაყურებელი ეტევა და გასაზრდელად რესურსი არსებობს.

ამას გარდა, პროექტის მიხედვით, სტადიონი საბოლოოდ მთლიანად გადაიხურება, მაგრამ ეს ბოლო ეტაპის საქმეა. იგეგმება ელექტრონული შესასვლელების დამონტაჟება, რაც უეფას ერთ-ერთი უპირველესი მოთხოვნაა. სტადიონის დასავლეთ ტრიბუნების ქვევით არსებული ფართის ნაწილი მიწისგან გათავისუფლდა და ამიერიდან პარკირებისთვის გამოიყენებენ.

ამ პროექტის სიკეთე ისიც არის, რომ ეროვნულ ჩემპიონატს ახალი, კოხტა სტადიონი შეემატება: "მიხეილ მესხზე" მდებარე სათადარიგო სტადიონის განახლებაც დაწყებულია. შეიცვლება მოედნის საფარი, დამონტაჟდება 3-4-ათასადგილიანი ტრიბუნა, აშენდება გასახდელები, საშხაპეები, მსაჯთა და დელეგატთა ოთახები, ანტი-სადოპინგო კაბინეტი.

ევროპული გამოცდილებით ეროვნულზე
ხარაჩოებშია ჩაფლული ეროვნული სტადიონიც, რომლის დირექტორადაც გელზერკირხენის "შალკეს" ასაკობრივ გუნდში ნათამაშები ნიკა ჯღარკავა დაინიშნა.

ეს ახალგაზრდა კაცი შემთხვევით არ შეურჩევიათ. სტადიონზე ჯერ კიდევ 2005 წლიდან რიგით თანამშრომლად მუშაობდა. მერე სპორტული მენეჯერი იყო.

"მაისში ტურინში ყოველწლიურ სტადიონთა სამიტს დავესწარი, სადაც თავს იყრიან მსოფლიოს საუკეთესო სტადიონების ფუნქციონერები. მათგან საინტერესო და სასარგებლო რჩევები მივიღე, რაც "დინამო-არენისა" და მისი მიმდებარე ტერიტორიის განახლებისას წაგვადგება.

სამუშაოები 10 მარტს დაიწყო და ივლისის ბოლოს დასრულდება. სტადიონის გარშემო სავაჭრო-კომერციული ფართის მშენებლობა მიმდინარეობს. მოეწყობა დამატებითი საპირფარეშოები, ახალი ღია ავტოსადგომი, ახალი გაერთიანებული კეთილმოწყობილი სალარო. დაწყებულია წყალგაყვანილობისა და ენერგომომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, განათების სისტემის გაძლიერება და ა.შ.

იცვლება სტადიონზე შეღწევადობის კონცეფცია, მისი მაქსიმალურად გამარტივებისა და მაყურებელთა ნაკადის დიფერენცირების მიზნით, რასაც განახლებულ სტადიონზე მაყურებელი უმალ შეამჩნევს ახალი დიდი მანიშნებლების სახით, რომლებიც სტადიონს ძალზედ მოუხდა.

გარდა ამისა, შეიცვალა და განახლდა უამრავი სამეურნეო სახის დეტალი. უახლოეს მომავალში ნავარაუდევია პრეს-ლოჟის კონცეფციის შეცვლა და მისი უეფას უახლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, რომელსაც ახლახან ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული უეფას მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია ხელმძღვანელობს"
, - გვითხრა ნიკა ჯღარკავამ.

...და არა მხოლოდ თბილისში
საჩხერის "ჩიხურამ" კი მეტოქის დასახვედრად ივანწმინდაში მდებარე სტადიონის რეაბილიტაცია-განახლება დაიწყო.

გორში "თენგიზ ბურჯანაძის" სახელობის სტადიონის განახლების პირველი ეტაპი აგვისტომდე უნდა დასრულდეს. მეორე ეტაპზე კი ჩრდილოეთ და სამხრეთ ტრიბუნების მშენებლობა იგეგმება, რის შედეგადაც ტრიბუნების ტევადობა 7,5-ათასამდე უნდა გაიზარდოს.

ქუთაისის "ტორპედოს" მეპატრონეებმა კი საღორიის საწვრთნელი ბაზის სრული რეკონსტრუქცია გადაწყვიტეს. სამუშაოები გულისხმობს ამორტიზებული ნაგებობების დემონტაჟს, საცხოვრებელი კომპლექსის ძირეულ რეკონსტრუქციას და ახალი ნაგებობის აშენებას, შიდა და გარე საინჟინრო კომუნიკაციის მონტაჟსა და ტერიტორიის კეთილმოწყობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ხო ეგრეა,სამწუხაროდ:)
0
აუფ, ისეთი სტატიაა, ისეთი გაჩაღებული მუშაობა მიდის თითქოს ახალ სტადიონს აშენებდნენ. ასე გეგონება მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას აპირებენ, სინამდვილეში საქართველოში ფეხბურთის სტადიონი არ აშენებულა ვარდების რევოლუციის შემდეგ.
უძლევი
12:07 10-07-2012
0

სიახლეები პოპულარული