მეკარეები: გიორგი ლორია, თორნიკე ზარქუა, კონსტანტინე სეფიაშვილი;
მცველები: გიორგი სეთურიძე, არჩილ ტვილდიანი, გივი კვარაცხელია, გიორგი რეხვიაშვილი, ოთარ ხიზანეიშვილი, ლევან კაკუბავა, გიორგი გველესიანი, დარკო გლიშიჩი;
ნახევარმცველები: ირაკლი ძარია, ლაშა პარუნაშვილი, გიორგი პაპავა, თორნიკე თარხნიშვილი, გიორგი მერებაშვილი, ლევან ხმალაძე, გიორგი თექთურმანიძე, ჯაბა ჯიღაური, მიკელ ალვარო;
თავდამსხმელები: ჩისკო, ალბერტ იაგუე, კარლეს კოტო, რობერტინიო.
"დინამოს" პრესატაშე გიგა გვენცაძის თქმით, თბილისელები ჯერ ვენაში ჩავიდნენ, საიდანაც სლოვენიამდე ავტობუსით გაემგზავრნენ და
სლოვენიურ შეკრებაზე დინამოელები ხუთ სპარინგს გამართავენ. სავარაუდო მეტოქეთა სია ასე გამოიყურება: "ბორჩა" (სერბეთი), "იაგელონია" (პოლონეთი), "ფენერბაჰჩე" (თურქეთი), "ბეროე" (ბულგარეთი), "გურნიკი" (პოლონეთი).
გუნდს შეკრებაზე ვერ გაჰყვნენ ირაკლი ლექვთაძე, დავით ხოჭოლავა და ნიკა კვეკვესკირი. ლექვთაძემ "დილაში" მიღებული ტრავმა მოიშუშა, მაგრამ ცხინვალის "სპარტაკთან" ამხანაგურ მატჩში კვლავ დაშავდა. ხოჭოლავა რეაბილიტაციას გადის და მოედანს, სავარაუდოდ, სექტემბერში დაუბრუნდება.
ყველაზე საინტერესო კვეკვესკირის დაქვეითება აღმოჩნდა - მას არაფერი სჭირს, ბაკურიანშიც ჩვეული რეჟიმით ემზადებოდა, თუმცა მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, 21 წლის ფეხბურთელი "დინამოს" მეორე გუნდში გადაიყვანეს. მიზეზი კი მოთამაშის ზედმეტი წონა აღმოჩნდა.
"დინამოს" ჩეხმა მწვრთნელმა სლოვენიაში არ წაიყვანა ახალგაზრდული გუნდიდან დამატებული კაკულია და ცხინვალის "სპარტაკიდან" დაბრუნებული გაბაშვილი და ჩაფიძე.
სამაგიეროდ, უკვე გუნდში არიან რუსთავის "მეტალურგის" აწ უკვე ყოფილი ლიდერები, გია კვარაცხელია და გიორგი თექთურმანიძე, რომლებიც სლოვენიაში "დინამოსთან" ერთად მოემზადებიან. აღსანიშნავია, რომ 33 წლის კვარაცხელია "დინამოში" მესამედ დააბრუნეს, 21 წლის თექთურმანიძე კი - მეორედ.
აშკარაა, რომ დუშან უჰრინი თბილისის "დინამოს" გარდაქმნას გეგმავს. მან გუნდი ბაკურიანის შეკრებაზე ავარჯიშა, ფეხბურთელებს "გაგრასთან" საკონტროლო შეხვედრაში დააკვირდა და რამდენიმე მოთამაშე დუბლშემადგენლობაში გადაიყვანა: კვეკვესკირი, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში ადგილი გასულ სეზონში დაიმკვიდრა, "თამაშგარეში" ბაკურიანული შეკრების შემდეგ აღმოჩნდა.
ახალგაზრდული ნაკრების წევრი ცუდი მოთამაშე ნამდვილად არ არის, მაგრამ უმცროსი უჰრინი გუნდში წესრიგის დამყარებას ცდილობს და როგორც ჩანს, არათუ ზედმეტ წონას, არამედ, მცირე შეცდომასაც არავის აპატიებს.
"დინამოს" მთავარი მწვრთნელი არც ესპანელებით არის კმაყოფილი, მათ შორის, არც ჩისკოს მომზადების დონით და კიდევ რამდენიმე მოთამაშით.
საერთოდ, ამტკიცებენ, რომ ფეხბურთელების დონით უკმაყოფილოა და ხელმძღვანელობას ახალი ფეხბურთელების დამატებაზე ელაპარაკაო.
საერთოდ, უმცროსი უჰრინი აგრესიული, შემტევი ფეხბურთის მიმდევარია და მოთამაშეებს უკან გადაცემას და ტემპის დაგდებას არ პატიობს. "გაგრასთან" კი ბევრი მსგავსი ქმედება იხილა და ამანაც გააბრაზა.
სლოვენიურ შეკრებაზე რამდენიმე ცნობილი მოთამაშის დამატებასაც აპირებს, ზოგიერთებს კი - გასინჯავს.
იმედი ვიქონიოთ, რომ მალე თბილისის "დინამოში" მართლაც ვიხილავთ მაღალი დონის ფეხბურთელებს და გუნდი გუნდს დაემსგავსება.
გაძლიერება კი გუნდს აუცილებლად სჭირდება. თანაც, უჰრინს არსებული კონტიგენტით გაუჭირდება საყვარელი 4-4-2 ტაქტიკით თამაში, რადგან "დინამოს" ორი კი არა, ერთი ხეირიანი თავდამსხმელიც არ ჰყავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"