შეხვედრა იმდენად კორექტული გამოდგა, ერთი ყვითელი ბარათიც კი არ აუფრიალებია ნორვეგიელ არბიტრ ესპენ ბერსტენს.
საჯახირო თუ საომარი არც არაფერი იყო. პლზენის "ვიქტორიამ" პირველივე შეხვედრაში დაგვანახა, რომ რუსთავის "მეტალურგი" მასთან უშანსოდ იყო.
მიუხედავად ამისა, "მეტალურგს" თამაში აქტიურად დაუწყია. დიმიტრი ტატანაშვილმა კარისკენ არაზუსტად დაარტყა, რევაზ გეწაძემ კუთხური მოინაგრა...
"პლზენმაც" მალევე შემოუჭირა მარწუხი მოწინააღმდეგეს, სამ წუთში ორი გოლი გაუტანა და დააშოშმინა.
მატჩის სტენოგრამიდან ვგებულობთ,
29-ე წუთზე გრიგოლ ბედიაშვილს მოუხდა მიხალ დურიშის დარტყმის მოგერიება - პირველ ტაიმში რუსთაველთა მეკარე ამის შემდეგ დიდად აღარ გარჯილა.
59-ე წუთზე "პლზენის" ყოფილ თავდამსხმელს ერთხელაც მოუწადინებია ჩეხთა კარის აღება - ტატანაშვილის დარტყმა "პლზენის" მეკარე პეტრ ბოლეკმა გააუვნებლა.
აქედან ხუთ წუთში დენის დობროვოლსკისაც უცდია ბედი. რუსთაველთა შუახაზელმა შორიდან ააცილა მიზანს.
ბედიაშვილმა ერთხელაც იყოჩაღა - შეცვლაზე შესულ იაკუბ ჰორას არ დაანება გოლის გატანა.
როგორც ჩანს, ლაღი თამაში იყო. კობა ჟორჟიკაშვილმა ტატანაშვილი ირაკლი სიხარულიძით შეცვალა. ეს თავდამსხმელი ტიპურად საჯარიმოს ფორვარდია და, ალბათ, ახლოდან ლამობდა გატანას - მისი დარტყმა ბოლეკმა მოიგერია.
"მეტალურგს", ეტყობა, ცხოვლად ეწადა პლზენში ბურთის შეგდება. კარისკენ გიორგი მიქაბერიძესაც დაურტყამს არაზუსტად.
შეიძლება ითქვას, "მეტალურგი" წლევანდელ ევროსარბიელს ლოგიკურად დაემშვიდობა, თუმცა ჟორჟიკაშვილს ქართული საზომით ურიგო გუნდი არ უნდა ჰყავდეს და ვინძლო ეროვნულ ჩემპიონატში ერთხელაც აღმოჩნდეს მოწინავე პოზიციებზე.
ევროპალიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი
26.07. პლზენი. 4500 მაყურებელი
პლზენი-მეტალურგი 2:0 (იხილეთ ვიდეო) (ფოტორეპორტაჟი)
(პირველი მატჩი 3:1)
გოლები: 1:0 დურიში (7), 2:0 დარიდა (10)
პლზენი მეტალურგი
ბოლეკი ბედიაშვილი
ლიმბერსკი სუხიაშვილი
სევინსკი ჯაფარიძე
პროჰასკა მახვილაძე
რაიტორალი ინწკირველი
ხორვატი მაისურაძე
დარიდა დობროვოლსკი
მალაკიანი გეწაძე
კოლარი მიქაბერიძე
ფილო კაკუშაძე
დურიში ტატანაშვილი
მწვრთნელები:
პ. ვრბა კ. ჟორჟიკაშვილი
პლზენი
63. ფილო - ჰორა
77. მალაკიანი -რეზნიკი
83. კოლარი - ჰანუშეკი
სათადარიგოები: შტიპეკი, ჰეიდა, კოზაჩიკი, ვაგნერი
მეტალურგი
46. კაკუშაძე - ლობჟანიძე
61. ტატანაშვილი - სიხარულიძე
74. გეწაძე - ქავთარაძე
სათადარიგოები: თებიძე, გავაშელიშვილი, დ. ჯანელიძე
არბიტრი:
ე. ბერსტენი(ნორვეგია)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მეტალურგი-პლზენი 1:3 - ძლიერმა სუსტს აჯობა [+VIDEO]