კვიპროსელები მათე ვაწაძეს უფრთხიან და ექსტრაკლასის თავდამსხმელს უწოდებენ

AutoSharing Option
გორის "დილამ" ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია და მესამე რაუნდში კვიპროსულ "ანორთოსის" დაუპირისპირდება, რომელმაც ესტონურ "ლევადიას" დამაჯერებლად აჯობა.

შარშან "ანორთოსისმა" საქართველოს თასის მფლობელი "გაგრა" გამოთიშა ევროსარბიელს. ამის შემდეგ ამ კლუბებს შორის მეგობრული დამოკიდებულება ჩამოყალიბდა, სწორედ ამიტომ, მომავალი მეტოქის მატჩზე დასწრება და მასპინძლობა კვიპროსელებმა "გაგრას" სთხოვეს.
"გაგრას" პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა და იურისტმა მიხეილ აფხაზავამ საქმის კურსში "დილას" ხელმძღვანელობაც ჩააყენა და "ლელოსაც" დეტალურად მოუყვა, თუ ვინ მოეწონა მომავალი მეტოქის მეორე მწვრთნელს "დილას" რიგებიდან ყველაზე მეტად.

"კვიპროსიდან მეორე მწვრთნელი ჩამოვიდა და თამაშს
დაესწრო. სიმუს კარაპულილისი "ანორთოსისში" ივნისში დაინიშნა, ის უშუალოდ მთავარი მწვრთნელის, აარონ ლევის დავალებით ჩამოვიდა. ვესაუბრე მას და პირდაპირ თქვა, რომ გორის "დილა" მათთვის არასასურველი მეტოქე იქნებოდა, ვინაიდან ის გაცილებით ძლიერი გუნდია, ვიდრე "ორჰუსი".

როგორც აფხაზავა ამბობს, კვიპროსელმა მწვრთნელმა რამდენიმე ფეხბურთელი ჩაინიშნა, მატჩამდე კი მათაც ჰკითხა, თუ ვინ იყო "დილაში" ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი.

"ჩვენ ვაწაძეზე მივანიშნეთ, რომ ის კარგი ფეხბურთელი იყო, შემდეგ თავადაც თქვა, რომ ვაწაძე არის ექსტრაკლასის ფორვარდი და გუნდში საუკეთესო ფეხბურთელიც. ასევე მოეწონა კვირკველიას თამაში, მან საგოლე გადაცემაც გააკეთა. კვირკველია თამაშობდა მათ გუნდში და აკვირდებოდნენ. სხვათაშორის, ერთი შეცვლა გამოიცნო, როდესაც ბეჭვაია გამოვიდა მოედანზე. მან თქვა, თუ შემდეგ ეტაპზე გასვლა უნდა "დილას", საყრდენი ნახევარმცველი უნდა შეცვალოსო".

კვიპროსელებს პირველი თამაშიდან გამომდინარე, მოსწონთ კახა ალადაშვილიც და ამბობენ, რომ სახიფათოა. როგორც კარაპულილისს უთქვამს, გუნდმა ორი სხვადასხვა ტაიმი ითამაშა.

"პირველი ტაიმის შემდეგ, კვიპროსელ სპეციალისტს სახე შეეცვალა, შეცბუნებული იყო, ხომ არ მიმალავთ თამაშსო. ვინაიდან პირველი და მეორე ტაიმები განსხვავებული იყო. მეორე ტაიმში კარაპულილისმა დაინახა გუნდის პოტენციალი და იცის, რომ ძალიან გაიჭირდებათ. მან მოიკითხა გოჩა ხოჯავა, რომელიც თამაშობდა წლების წინ "ანორთოსისში" და იცის, რომ სახიფათო ფეხბურთელია, ასევე გამოჰყო გოგიტა გოგუას თამაშიც".

აფხაზავამ შარშანდელი თამაშიც გაიხსენა და რამდენიმე ფეხბურთელი გამოარჩია, რომელსაც უნდა უფრთხილდნენ გორელები.

"ანორთოსისს" ჰყავს ლაბორდე, რომელმაც ავსტრიულ შეკრებაზე კიევის "დინამოს" ორი გოლი გაუტანა, ის მატჩი კვიპროსელებმა 3:1 მოიგეს, უკრაინელებმა კი მეორე დღესვე შეთავაზება გაუკეთეს ფეხბურთელს და მზად იყვნენ, მასში მილიონი ევრო გადაეხადათ, თუმცა ლევიმ ეს შეთავაზება არ მიიღო, მისი მიზანი ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა და ჩემპიონობაა, ამიტომ ლაბორდე სჭირდება გუნდში. ლაბორდემ "გაგრასაც" გაუტანა შარშან და იმ ფეხბურთელების კატეგორიას ეკუთვნის, მარტოს რომ შეუძლია თამაშის მოგება".

კიდევ ერთი გარემო, რაზეც აუცილებლად უნდა იქნას ყურადღება გამახვილებული, კლიმატია. კვიპროსში ძალიან ცხელა და იქაური ფეხბურთელები მიჩვეულები არიან მაღალ ტემპერატურაზე თამაშს. როგორც კვიპროსელმა სპეციალისტმა აღნიშნა, 6 საათზე თამაში იდეალური იქნებოდა მათი გუნდისთვის, ამიტომ "დილამ" ეს გარემოება აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

"ანორთოსისის" საშინაო არენა ყოველთვის ივსება. როგორც კვიპროსელმა სპეციალისტმა თქვა, "დილასთან" სრულ ანშლაგს ელოდებიან. ლარნაკაში, თამაშის წინ, როდესაც გუნდები გადიან მოედნიდან, თამაშის დაწყებამდე ყოველთვის ირწყვება სტადიონი. როგორც აფხაზავა ამბობს, გორელებს, დაინტერესების შემთხვევაში, მათი მთავარი მწვრთნელი ზვიად ჯელაძე დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის და თამაშის დისკაც გადასცემს.

"ანორთოსისი", როგორც წესი, ტაქტიკას მეტოქეზე დაყრდნობით აწყობს. მისი დამახასიათებელი ნიშანი, ბურთის კონტროლი, ფლანგებიდან შეტევა და პრესინგია, ამიტომ უპირატესობის მოპოვება "დილამ" პირველივე შეხვედრაში უნდა შეძლოს და ბურთიც დაიჭიროს.

აფხაზავას თქმით, სავარაუდოდ, კვიპროსელები სასტუმრო "ბომონდ გარდენში" დაიდებენ ბინას, საქართველოში კი 31 ივლისს ჩამოფრინდებიან ჩარტერული რეისით. გუნდი საღამოს გამოფრინდება თბილისში, მანამდე დილით კი ლარნაკაში გამართავს ვარჯიშს. საქართველოში კვიპროსიდან 150-კაციანი დელეგაცია ჩამოვა - ფეხბურთელები, მწვრთნელთა შტაბი და ხელმძღვანელობა. მობილიზებულია გულშემატკივარიც. "ანორთოსისს" საქართველოში დაახლოებით 60-70 ქომაგი ჩამოჰყვება.

ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩს, "ანორთოსისის" წინააღმდეგ "დილა" 2 აგვისტოს თბილისში გამართავს, განმეორებითი მატჩი კი ლარნაკაში 9 აგვისტოს შედგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნუთუ შანსი გვაქვს?
0

სიახლეები პოპულარული