"ანორთოსისზე" მოსაგონარი ბევრია: თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, "გაგრა"...

AutoSharing Option
2 აგვისტოს გორის "დილა" ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში კვიპროსულ "ანორთოსისს" უმასპინძლებს და ევროსარბიელს შემორჩენილი ერთადერთი ქართული კლუბი კიდევ უფრო შორს წასვლას შეეცდება.

"ანორთოსისი" რიგ მიზეზთა გამო ქართველი გულშემატკივრებისთვის არცთუ უცნობი კლუბია, თუმცა მის წარსულსა და დღევანდელობაზე მოკლედ მაინც გეტყვით.

Sportall.Ge1911 წელს დაარსებულ "ანორთოსისს" ტიტულები არ აკლია - კვიპროსის 13-გზის ჩემპიონი, 10-გზის თასისა და 7-გზის სუპერთასის მფლობელია. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონობაცა და თასიც გუნდს ბოლოს თემურ ქეცბაიამ მოაპოვებინა - შესაბამისად, 2008 და 2007 წლებში.

ბევრს არ ვილაპარაკებთ იმაზე, თუ რას ნიშნავს
თემური ამ კლუბისთვის. იგი "ანორთოსისის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელადაა აღიარებული და მისი კუთვნილი 14-ნომრიანი მაისურა გუნდში აღარავის აცვია. მსგავსი პატივი კი "ანორთოსისში" სხვას არ რგებია.

"ანორთოსისმა" ევროსარბიელზე ყველაზე დიდ წარმატებას ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი თავკაცის წყალობით მიაღწია - 2008 წელს ქეცბაიამ ფამაგუსტელები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა და იმის მიუხედავად, რომ "ანორთოსისმა" იქ ბოლო ადგილი დაიკავა, თავი ნამდვილად არ შეურცხვენია.

ყველაზე გამორჩეული ჟოზე მოურინიოს "ინტერთან" საშინაო დაპირისპირება იყო, რომელიც 3:3 დასრულდა.

ქეცბაიას გარდა, "ანორთოსისში" გიორგი ქინქლაძეს, კლიმენტი წიტაიშვილსა და გოჩა ხოჯავას უთამაშიათ, გასულ სეზონში კი კლუბის ღირსებას დავით კვირკველია იცავდა.

გასული სეზონი "დილას" მეტოქემ დიდად წარმატებულად ვერ ჩაატარა - ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც მის ამბიციებს ნამდვილად არ შეესაბამება.

ზედმეტია იმის შეხსენება, რომ შარშან ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ანორთოსისი" ასევე დევნილობაში მყოფ "გაგრას" გადაეყარა და გათამაშებას გამოთიშა - ქართველებს შინ 3:0 სძლია, სტუმრად კი 0:2 დამარცხდა.

კვიპროსელები ამაზე შორს ვეღარ წავიდნენ - მესამე რაუნდში ორი მატჩის ჯამში მაკედონიურ "რაბოტნიჩკისთან" დამარცხდნენ.

"ანორთოსისს" ებრაელი რონი ლევი წვრთნის, გუნდის შემადგენლობაში კი არაერთი გამოსარჩევი ფეხბურთელია, რომელთა შორისაც ლეგიონერები სჭარბობენ.

ევროპის ლიგა. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი. მეტოქე
ანორთოსისი, ფამაგუსტა (კვიპროსი)
დაარსდა 1911 წელს
სტადიონი: ანტონის პაპადოპულოსი (ლარნაკა, ტევადობა: 11 930)
მთავარი მწვრთნელი: რონი ლევი (ისრაელი)
პრეზიდენტი: სავას კაკოსი

მეკარეები: 1. სრდან ბლაჟიჩი (ჩერნოგორია), 31. ხრისტოს მასტრუ, 32. გავრიელ კონსტანტინუ;

მცველები: 2. მარკო ანდიჩი (სერბეთი), 3. პაულუ ჟორჟე (პორტუგალია), 4. იურგენ კოლინი (ჰოლანდია), 23. ვალენტინოს სიელისი, 33. ბრანკო ილიჩი (სერბეთი), 40. დემეტრის ეკონომუ, 88. ვილიამ ბონავენტურა (ბრაზილია);

ნახევარმცველები: 5. დან ალექსა (რუმინეთი), 6. ხრისტოს მარანგოსი, 8. ჟულიანო (ბრაზილია), 18. გიორგოს სიელისი, 20. ვინსენ ლაბანი (საფრანგეთი), 21. რიკარდო ლაბორდე (კოლუმბია), 99. მოშე ოჰაიონი (ისრაელი);

თავდამსხმელები: 7. ტონი კალვო (ესპანეთი), 9. იანის ოკასი, 17. იან რეზეკი (ჩეხეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დილა VS ანორთოსისი - გამოცდილების, შეტევისა და გრილი საღამოს იმედით
რონი ლევი: თბილისში გამარჯვებისთვის ვითამაშებთ!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული