უჰრინი რთულ საქმეს შეეჭიდა, წინა სეზონი "დინამოს" ჩაუვარდა და ხელახლა მოუწევს მოწინავე პოზიციაზე დაბრუნება, ოღონდაც ჯერაც საკითხავია, მოახერხებს თუ არა ამას უმცროსი უჰრინის ხელში.
უმცროსი უჰრინი მამასივით სახელგანთქმული სპეციალისტი ჯერ არ არის, თუმცა არც თუ მწირი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს. "დინამოს" ჩეხ მთავარ მწვრთნელს დიღმის ბაზაზე ვესტუმრეთ ინტერვიუსთვის.
უმცროსი უჰრინი უშუალო ადამიანი ჩანს, ყოველ
- როცა იღებდით გადაწყვეტილება, გამხდარიყავით თბილისის "დინამოს" მწვრთნელი, რა გამოდგა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი?
- ყველაზე მნიშვნელოვანი მამაჩემის რეკომენდაცია იყო, ის საქართველოში, კერძოდ კი "დინამოში" გატარებული პერიოდით კმაყოფილია. ამ ფაქტორის გარდა უაღრესად მნიშვნელოვანია ისიც, რომ "დინამოს" ჩინებული სავარჯიშო პირობები აქვს.
რაც ჩამოვთვალე, მათზე არანაკლებ მნიშვნელოვანია საკუთარი ამბიცია - "დინამო" ისეთი კლუბია, ყოველთვის პირველობას რომ თხოვენ. ვიცი, რომ სიტყვების თქმა ადვილია, კარგი გუნდის შექმნა კი დიდ შრომას მოითხოვს. უნდა შეიქმნას ისეთი გუნდი, რომელიც გამორჩეული იქნება თავისი ხასიათით. ჩვენ მხოლოდ ამ პერიოდზე არ ვაკეთებთ გათვლას, მომავლისკენაც ვიყურებით.
- თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე, როგორ შეაფასებდით გუნდის სასტარტო პოზიციას? "დინამოსგან" ალბათ მხოლოდ ჩემპიონობას ელიან...
- პირველ რიგში, იმას უნდა გავუსვა ხაზი, რომ გვყავს საკმაოდ კარგი ფეხბურთელები. პირველ მატჩებში ნაჩვენები შედეგები ერთია და მეორე ის, რომ სწორ გზას უნდა დავადგეთ, რომელიც მნიშვნელოვან წარმატებამდე მიგვიყვანს.
- ალბათ იცით, რომ "დინამო" განსაკუთრებული გუნდია, საქართველოც განსაკუთრებული ქვეყანაა და თავისებურებანი ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატსაც ახასიათებს. როგორ ფიქრობთ, ხართ ამ ყველაფრისთვის მზად?
- უკვე მესამედ მიწევს უცხოეთში მუშაობა და კარგად მესმის თქვენი შეკითხვის არსი. საბოლოო მიზანი გარკვეულია - ისეთი გუნდი უნდა შევქმნათ, ევროტურნირზე ძლიერად რომ შესძლებს გამოსვლას და ჯგუფში მოხვედრისთვის სათანადოდ იქნება მომზადებული.
რა თქმა უნდა, ძალიან მინდა, "დინამო" ჩემპიონი რომ გახდეს, მაგრამ ამის წინასწარ თქმას მოვერიდები. წარმატებისკენ გეგმაზომიერად უნდა ვიაროთ.
- შეიძლება ითქვას, რომ "დინამოს" უკვე კარგად იცნობთ? სლოვენიურმა შეკრებამ ალბათ ბევრი რამ დაგანახათ...
- ფიზიკური მომზადების მხრივ სისუსტეები დავინახე, თუმცა ამ საკითხზე ვმუშაობთ და იმედია, სწორადაც.
- ფეხბურთელთა კონტინგენტზე ზოგადად რა აზრი შეგექმნათ? წარმატება არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ მთავარი ხომ ფეხბურთელია...
- ცხადია, წარმატებას ბევრი რამის თანხვედრა სჭირდება. ვფიქრობ, ამ "დინამოს" ფეხბურთელთა კარგი კონტინგენტი ჰყავს.
შესაძლოა, ის დრო, რაც "დინამოში" ვარ, სრულად არ არის საკმარისი დასკვნების გამოსატანად. მიმაჩნია, რომ ჩემპიონატის პირველი ხუთი თამაში ბევრ რამეს უფრო კარგად დამანახებს.
- თუ გაქვთ საკმარისი ინფორმაცია "დინამოს" მთავარ კონკურენტ გუნდებზე?
- დიახ, მათზე ინფორმაციას საკმაოდ ვფლობ. ვფიქრობ, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას, თუ რომელ ადგილოსან გუნდს ეთამაშები, ყოველთვის შენი თამაში უნდა ითამაშო, მათ შორის უმთავრეს მეტოქეებთან.
"დინამოს" შედეგი უფრო ჩვენზე იქნება დამოკიდებული, ვიდრე კონკურენტებზე - ასე ვუდგებით ამ საკითხს.
- მამა-შვილი უჰრინები - რა განსხვავებაა მათ სამწვრთნელო სტილში?
- ვერ გეტყვით, რადგან იმ გუნდების თამაში, რომელსაც მამაჩემი ბოლო პერიოდში წვრთნიდა, არ მინახავს. მე დინამიურ სტილს ვანიჭებ უპირატესობას, როცა ფეხბურთელებს ბევრი სირბილი უწევთ, რა გუნდებიც გამიწვრთნია, ყველგან ამ მიმართულებით ვმუშაობდი.
- "დინამოში" თქვენს მისვლამდე ერთობ პრობლემატური იყო ცენტრფორვარდის პოზიცია - როგორ არის ახლა ვითარება ამ მხრივ? ისიც საინტერესოა, მიგაჩნიათ თუ არ ჩისკო ამ პოზციისთვის ოპტიმალურ ვარიანტად?
- ჩემი შეხედულებით, ჩისკოს პოზიცია ათი ნომერი, შემტევი შუახაზელია. რაც შეეხება ცენტრფორვარდის პოზიციას, რამდენიმე ფეხბურთელი შევარჩიეთ - ვოსკობოინიკოვი, კანე და კიდევ ამერიკიდან წამოსული გაბრიელ ობატოლა, ვინც ახლახან მოვიდა "დინამოში".
- ისინი ჯერაც გასინჯვაზე არიან, უფრო საითკენ მიდის საქმე, რომელ მათგანს დაიტოვებთ?
- ამ საკითხე ვესაუბრე "დინამოს" დირექტორატს, შესაძლოა, სამივე დავიტოვოთ. კანე ახალგაზრდაა და კარგი მონაცემები აქვს, ვოსკობოინიკოვი საკმაოდ გამოცდილია. იაგუეს რაც შეეხება, ვიცი, რომ კარგა ხნის უთამაშებელია და ფიზიკურად ჯერ არ არის მზად. ერთი სიტყვით, ცენტრფორვარდებზე დაკვირვებას ვაგრძელებთ.
- რა ტაქტიკურ განლაგებას ანიჭებთ უპირატესობას? სლოვენიურ შეკრებაზე გუნდი მეტწილად რა სქემით თამაშობოდა?
- უპირატესობას 4-4-2 სისტემას ვანიჭებ და "დინამომაც" მეტწილ საკონტროლო მატჩებში ასე ითამაშა, თუმცა ეს დოგმა არ არის და სხვა განლაგებითაც ვითამაშეთ: 4-2-3-1 და 4-3-3. უფრო ალბათ მაინც 4-4-2-ზე შევჩერდებით.
- ეს იმას ნიშნავს, რომ გარემარბებით თამაში მაინცდამაინც არ გიყვართ? "დინამოში" არის რამდენიმე ასეთი ფეხბურთელი...
- გარემარბებით თამაში მიყვარს, უბრალოდ, ხანდახან ისე ხდება, რომ ფლანგზე მოთამაშე შემტევებს უკან ჩამოსვლა არ უყვართ.
- როგორ ფიქრობთ, ამ "დინამოს" ჰყავს ლიდერი ან რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი, მთელი გუნდის აყოლიება, გამარჯვების რწმენის ჩანერგვა და რთული სიტუაციიდან გამოსვლა რომ შეუძლიათ?
- ხმალაძე, მერებაშვილი, კვარაცხელია, ხიზანეიშვილი - იმედი მაქვს, რომ ამ ფეხბურთელებს ეს თვისებები აქვთ.
- თუ "დინამო" 2012/13 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონი ვერ გახდება, ეს გუნდის ჩავარდნად ჩაითვლება?
- "დინამოში" ყველას ჩემპიონობა გვინდა და რატომაც არ შეგვიძლია ამის მიღწევა?! რა მოხდება, თუ გუნდი ამას ვერ შეძლებს - აბა, რა გიპასუხოთ...ჩვენ ჩემპიონობისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
- მამათქვენს ბოლოს რომ ესაუბრეთ, რა რჩევა-დარიგება მოგცათ?
- ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად ფეხბურთზე, ქართულ ფეხბურთში არსებულ სიტუაციაზე, ქართველ ფეხბურთელებზე... მისგან სასარგებლო ინფორმაცია მივიღე, ფაქტია, მამაჩემი ჩემზე ბევრად გამოცდილია...
უჰრინმა დინამოელებს მესიჯი გაუგზავნა: დინამიკა და ბევრი სირბილი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"