თემურ შალამბერიძე: "ანორთოსისს" აგრესიითა და თავდადებით უნდა ვაჯობოთ

AutoSharing Option
გორის "დილა" ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის სათამაშოდ კვიპროსზე გაემგზავრა, სადაც იქაურ "ანორთოსისთან" საშინაო 0:1-ის გაბათილებას შეეცდება.

შეხვედრა 9 აგვისტოს ლარნაკას სტადიონზე, თბილისის დროით 21:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი შემოგვთავაზებს.

12 აგვისტოს შიდაქართლური კლუბი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ჩაერთვება.

"დილას" მთავარ მწვრთნელთან, თემურ შალამბერიძესთან სასაუბრო ბევრი დაგვიგროვდა და მას შეკითხვები არაერთ აქტუალურ საკითხზე დავუსვით.

- "ანორთოსისთან" განმეორებით შეხვედრას უამრავი საკადრო პრობლემით ხვდებით...
- დიახ, ასეა. ტრავმების გამო თომაშვილი, არზიანი და ილურიძე ვერ დაგვეხმარებიან,
გოგუა კი, მოგეხსენებათ, დისკვალიფიცირებულია.

თუმცა მათი სათანადო შემცვლელები გვყავს და ვეცდებით, რაც თბილისში არ გამოგვივიდა, სტუმრად შევძლოთ.

შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედი არ გადაგვიწურავს და შანსის გამოსაყენებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ.

- რამდენიმე დღის წინ თქვით, რომ "დილა" ჯერ ვერ აჩვენებს იმ ფეხბურთს, რომელიც მის პოტენციალს შეესაბამება...
- ეს გასაკვირი არც არის. გუნდი ამ სახით ძალიან ცოტა ხანია, რაც არსებობს და ფეხბურთელების ერთმანეთთან შეთამაშებისა და თამაშის ხარისხის ამაღლებისთვის გარკვეული დროა საჭირო - ექვსი თვიდან ერთ წლამდე.

თუმცა საკმარისად გამოცდილი მოთამაშეები გვყავს იმისთვის, რომ სასურველი ფეხბურთი, რაც შეიძლება, მალე ვითამაშოთ.

ბუნებრივია, გუნდის მშენებლობის პროცესში მოკრძალებული ამოცანები არ გვექნება - დრო არ ითმენს და ვალდებულები ვართ, მაქსიმალურად დავიხარჯოთ როგორც ევროტურნირებზე, ასევე საქართველოს ჩემპიონატში.

- ევროთასებზე გასვლის წინ "დილას" კონკრეტული ამოცანა თუ ჰქონდა დასახული?
- გვინდოდა, რაც შეიძლება, მეტი ეტაპი გადაგველახა და ერთი მეტოქის ჩამოშორება დამაჯერებლად შევძელით. ბევრი იმასაც არ ელოდა, რომ დანიური "ორჰუსის" ბარიერს გადავლახავდით, მაგრამ, როგორც ხედავთ, "დილამ" ეს ეტაპი დაძლია.

ბუნებრივია, არც "ანორთოსისთან" მარცხი შედიოდა ჩვენს გეგმებში, მაგრამ შინ მატჩი მაინც დავთმეთ და ვეცდებით, მეტოქეს მისსავე მოედანზე ვაჯობოთ.

- რის ხარჯზე შეიძლება შეძლოს "დილამ" "ანორთოსისთან" ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედის სათავისოდ შეტრიალება?
- ჯანსაღი სპორტული აგრესიის, თავდადებისა და თბილისში დაშვებული შეცდომების სწორი ანალიზის ხარჯზე.

- "ანორთოსისთან" მატჩამდე თქვით, რომ ფეხბურთელებთან უაზრო გაფრთხილებების სიმრავლეზე საუბარი გქონდათ, თუმცა ამ შეხვედრაში კვლავ ვიხილეთ გაუმართლებელი ყვითელი ბარათები, პლუს ერთი გაძევება...
- სამწუხაროდ, ჩვენმა ფეხბურთელებმა ემოციურ ფონზე კვლავ იგივე გაიმეორეს, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სენი სულ მალე აღმოიფხვრება.

- გვერდს ვერ ავუვლით გოგიტა გოგუას საქციელს, რომელმაც თავისი გაძევებით "დილას" მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა...
- ახლა თითქმის ყველა ამბობს, რომ გაფრთხილებამიღებული გოგუა უნდა შემეცვალა. ფაქტია, რომ ჩვენმა გათვლამ არ გაამართლა. მომხდარის შემდეგ ლაპარაკი ადვილია - რომ შემეცვალა და მაინც წაგვეგო, შეიძლება ეთქვათ, არ უნდა შეეცვალაო.

გოგუას შეტევაში ყოველთვის შეუძლია სარგებლის მოტანა და ვიმედოვნებდით, რომ სახიფათო მომენტებს შექმნიდა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ეს იყო რისკი, რომელმაც არ გაამართლა.

ბუნებრივია, გოგუას ვუსაყვედურეთ, თუმცა იგი მომხდარს ამის გარეშეც ძალიან განიცდის.

- რით ახსნით ქართული კლუბების წლევანდელ წარუმატებლობებს ევროთასებზე?
- ალბათ, უპირველესად, იმით, რომ გუნდების შემადგენლობაში საკმაო ცვლილებები მოხდა და ევროტურნირების მონაწილეებმა მოკლე დროში სათანადო ფეხბურთის ჩვენება ვერ მოასწრეს.

ალბათ, უმჯობესი იქნება, გუნდებში ძირეული ცვლილებები ზამთარში განხორციელდეს, ევროტურნირების წინ კი შემადგენლობის მკვეთრი გადახალისება მიზანშეწონილი არ არის.

- "დილა" პირველი უმაღლესლიგური კლუბია თქვენს სამწვრთნელო კარიერაში. რა შეგძინათ და რა დაგანახათ გუნდში გატარებულმა ნახევარწლიანმა პერიოდმა?
- ძალიან რთული იყო ასეთ ამბიციურ კლუბში მუშაობის გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ამხელა ნდობასა და პასუხისმგებლობაზე უარი მაინც ვერ ვთქვი. ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელებთან მუშაობა ჩემთვის დიდი პატივია, მათი მხარდაჭერა ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

- შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ახალი სეზონისთვის "დილას" დაკომპლექტება უკვე დასრულებულია?
- ფაქტობრივად, ასეა. შესაძლოა, შემადგენლობაში მხოლოდ მინიმალური ცვლილებები განვახორციელოთ.

- როგორ ჩემპიონატს ელით და ვინ მიგაჩნიათ უმთავრეს კონკურენტებად?
- კონკურენტები მრავლად გვყავს - "ზესტაფონი", "დინამო", "ტორპედო", "მეტალურგი"... ჩემპიონატი კი, დარწმუნებული ვარ, ძალიან დაძაბული და არცთუ ცუდი დონისა იქნება.

მართალია, თითქმის ყველა გუნდში გაახალგაზრდავების პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდები მოდიან, რომლებიც ჩემპიონატს უფრო საინტერესოს გახდიან.

- ზურგს ბავშვთა ფეხბურთში გატარებული არაერთი წელიწადი გიმაგრებთ. ფაქტია, რომ თუ ამ სფეროს არ მიეხედა, ქართული ფეხბურთი წინ ვერ წავა. მოკლედ გვითხარით, როგორ გესახებათ ბავშვთა ფეხბურთში სიტუაციის გაუმჯობესების გზები?
- უპირველესად, უნდა გამკაცრდეს საფეხბურთო სკოლების ლიცენზირების პირობები. სამი-ოთხი ლიცენზირებული სკოლაც რომ გვქონდეს, მაინც ამ გზით უნდა ვიაროთ, რადგან სათანადო პირობების გარეშე ბავშვი ფეხბურთელად ვერ ჩამოყალიბდება.

კარგია, რომ დიდი ყურადღება ექცევა მწვრთნელთა ლიცენზირებას.

სასურველი იქნება, თუ სახელმწიფოს თანადგომით ბავშვები სწავლის გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვთა ფეხბურთის რეგიონებში განვითარებას. დღეს ამ მხრივ მდგომარეობა არასახარბიელოა. დიდი სურვილი მაქვს, "დილაში" ადგილობრივი საფეხბურთო სკოლის აღზრდილები მრავლად თამაშობდნენ და იმედი მაქვს, უახლოეს წლებში სწორედ ასე იქნება.

თემურ შალამბერიძე: ფეხბურთელთა მხარდაჭერა ჩემთვის ბევრს ნიშნავს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გორის "დილა" კვიპროსზე "ანორთოსისთან" სათამაშოდ გაემგზავრა
ერთი კვირის ათასი წვრილმანი: თამაშს ერთი კაცი არ აგებს
დილა-ანორთოსისი 0:1 - სრული უიმედობა [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 8 /
მეც ეგრე ვფიქრობ, ფსიქოლოგიური პრობლემები უფრო გვაქვს და არა მარტო ფეხბურთში სხვა სპოტშიც. მთელ საქარველოს ვულოცავ ამ გამარჯვებას ქართველებისთვის ასე მძიმედ გასახსენებელ დღეებში
gizog
23:44 09-08-2012
0
მე თქვენ არ გგულისხმობდით ბატონო გიზო, მე სწორად ამ საქმის პროფესიონალებს ვგულისხმობდი. ისე, შეგვძლებია თურმე თამაში :) ეტყობა მაინც უფრო ფსიქოლოგიური პრობლემა იყო, რომელიც თუ გამოსწორდა, გაცილებით მეტს შევძლებთ
Toko
23:05 09-08-2012
0

სიახლეები პოპულარული