კლუბმა ოთხი ახალწვეული ფეხბურთელი წარმოგვიდგინა: 27 წლის მარჯვენაფლანგელი გიორგი სეთურიძე, 33 წლის მცველი გივი კვარაცხელია, 20 წლის მაკედონიელი მცველი დარკო გლიშიჩი და 29 წლის ესტონელი თავდამსხმელი ვლადიმერ ვოსკობოინიკოვი.
"დინამო თბილისში" ახალი სეზონის დაწყებამდე არაერთი სიახლე განხორციელდა. გუნდის მთავარ მწვრთნელად უმცროსი დუშან უჰრინი დაინიშნა. კლუბში სპორტულ დირექტორად დაბრუნდა ბუბა ტყავაძე.
ერთი სიტყვით, "დინამოში" ცვლილებებია, რაც ერთიორად ზრდის ინტერესს - როგორი იქნება გუნდი დამდეგ სეზონში.
9 აგვისტოს გამართულ პრეზენტაციაზე იყვნენ "დინამოს" დირექტორი სანდრო შახოვი,
სანდრო შახოვი:
- კლუბში მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობს, "დინამოში" დიდი ცვლილებებია. განახლდა დიღმის ბაზა, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა "დინამო არენას", კლუბის აკადემიაშიც მალე დასრულდება სამუშაოები. დაგეგმილი გვაქვს ბაზის პრეზენტაციაც.
შახოვის შესავალი სიტყვის შემდეგ მან და ტყავაძემ ახალწვეულებს მაისურები გადასცეს, შემდეგ კი სიტყვა "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა აიღო.
ბუბა ტყავაძე:
- "დინამოს" ახალი ფეხბურთელებით სჭირდებოდა გაძლიერება. გუნდში ისედაც იყვნენ ფეხბურთელები, რომელთაც შეუძლიათ, რომ საკუთარი თავიც და '"დინამოც" მაღალ დონეზე წარმოაჩინონ. ფეხბურთელებში რწმენა იყო აუცილებელი.
ამ კუთხით ვიმუშავეთ და სასელექციო პროცესი კვლავ გრძელდება. სეზონის დაწყებამდე ამხანაგური მატჩები რიგიანად ვითამაშეთ, მაგრამ ეს ვერ იქნება იმის გარანტია, რომ წინ ადვილი მატჩები გვექნება. ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ, გუნდი ყოველთვის ასი პროცენტით უნდა იყოს კონცენტრირებული. საქართველოს პირველობა არ არის ცუდი ჩემპიონატი. აქ თამაში ადვილი ახლაც არ იქნება.
- "დინამოში" გასინჯვაზე იყო კოტდივუარელი თავდამსხმელი ფრანსის კონე, რომელიც ახლა პრეზენტაციაზე არ იმყოფება. მისი საკითხი როგორ გადაწყდა?
- კონეს გარდა, სხვა ფეხბურთელებიც იყვნენ გასინჯვაზე. გუნდთან მორგება მნიშვნელოვანი ფაქტორია და როცა ვინმეს დამატებაზე ვფიქრობთ, ამასაც ვითვალისწინებთ. კონე ისევ ჩვენთან არის და მასზე დაკვირვებას გავაგრძელებთ. შესაძლოა, ეს თავდამსხმელი გამოგვადგეს.
- "დინამომ" ახალი მწვრთნელი აიყვანა. უჰრინის ხელმძღვანელობით "დინამომ" რამდენიმე ამხანაგური მატჩი ითამაშა და როგორ ატყობთ, მწვრთნელი ოპტიმალურად შეარჩიეთ?
- დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია. სამწვრთნელო შტაბიც ძალიან მონდომებულია, ბოლომდე დაიხარჯა. ყურადღება ეთმობოდა ტაქტიკურ მომზადებასაც. დასკვნებზე უფრო ამ ეტაპზე სხვა რამეა მთავარი - გვერდში უნდა დავუდგეთ "დინამოს" ახალ მწვრთნელს, გავითვალისწინოთ მისი მოსაზრებები იმაზე, თუ რა პოზიციებზე გვჭირდება გაძლიერება.
- წინა სეზონში "დინამომ" ესპანელი სპეციალისტები მოიწვია და გრძელვადიანი გეგმებიც ჰქონდა დასახული, თუმცა ისე მოხდა, რომ მწვრთნელი 2011/12 წლების სეზონში რამდენჯერმე შეიცვალა...
- ჩვენი ამოცანაა, რომ "დინამოს" წინსვლა ჰქონდეს. თუ შევატყობთ, რომ გუნდი რეგრესის გზას დაადგა, ზომებიც ადეკვატური იქნება. ლოგიკა გვკარნახობს, რომ ასე უნდა მოვიქცეთ.
- თვითონ გუნდის მზადყოფნაზე რას გვეტყოდით? მოსამზადებელმა შეკრებამ დაგაკმაყოფილათ?
- ორი კვირა არ არის საკმარისი დრო გუნდის შესათამაშებლად, სრულყოფამდე ჯერ ბევრი გვიკლია. კმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ. "დინამოს" ყოველთვის მაღალი შედეგი მოეთხოვება.
გივი კვარაცხელია:
- მართლაც კარგი გუნდი ვართ, შეკრებაც კარგი გამოვიდა. ვეცდებით, რომ ჩემპიონები გავხდეთ და თასიც მოვიგოთ.
- პროფლიგის შექმნა მაინც ვერ მოხერხდა. რამდენად კმაყოფილი ხართ ჩემპიონატის ახლებური სისტემით?
ბუბა ტყავაძე:
- მოგეხსენებათ, შეიქმნა კლუბთა საბჭო და სისტემატურად იმართება შეხვედრები. უკვე გვაქვს იმის საშუალება, რომ კლუბები შევიკრიბოთ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ, რაც წინგადადგმული ნაბიჯია.
რაც შეეხება სისტემას, 12-გუნდიანი ჩემპიონატისთვის ის სავსებით მისაღებია.
- "დინამოს" ახალი ლოგო აქვს, თუმცა ის ბევრს არ მოსწონს, ლოგოზე თითქოს რუსული "დე" იკვეთება...
- რუსულ "დეს" რაც შეეხება, ეს თითიდან გამოწოვილი არგუმენტია. ლათინურ "დეს" კუდი მარჯვნივ აქვს და ასეა ლოგოზეც. "დინამო თბილისის" გუნდის და ახალი ლოგოსთვის ესეც იქნა გათვალისწინებული - მიმინო ხომ თბილისის სიმბოლოა, კიდევ სისწრაფის, გამარჯვების...
- ლოგოზე წითელი რკალია გამოსახული...
- ეს იმას არ ნიშნავს, რომ "დინამოს" ტრადიციული ფერები იცვლება. უბრალოდ, წითელი რკალის გამოჩენა მრავალფეროვნებამ მოითხოვა.
"დინამოსთვის" ახალი ლოგოს შესაქმნელად მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა სააგენტომ, "ინტერბრენდმა" იზრუნა. "იუვენტუსი", "შახტარი", "რუბინი"... ბოლო პერიოდში ამ სააგენტომ ამ კლუბებთან ითანამშრომლა. "ინტერბრენდს" ურთიერთობა აქვს ფიფა-უეფასთანაც.
- "დინამოს" ლოგო ბოლო პერიოდში არაერთხელ შეიცვალა...
- ეს იმან გამოიწვია, რომ ბრენდის განვითარება თანმიმდევრული არ იყო.
- მეტი, ვიდრე ფეხბურთი - ეს "დინამოს" სლოგანი იქნება?
- შეიძლება ასეც ითქვას. ძველი თაობის ხალხისგან ხშირად გაიგებთ, "დინამო" ჩვენთვის ფეხბურთზე მეტი იყოო და ამას ახალ თაობასაც მივაწვდით. ლოგოც ძველი "დე"-ს და მიმინოს სინთეზია.
- "დინამო არენას" ტერიტორიაზე იყო ერთი მოედანი, სადაც ახლა, ალბათ, ავტოსადგომი იქნება...
სანდრო შახოვი:
- ის მოედანი უკვე ამორტიზებული იყო. კლუბმა რვა ახალი მოედანი დააგო - სამი ბაზაზე, ხუთი კი აკადემიის ტერიტორიაზე. ასე რომ, იმ მოედნის ჩანაცვლება მოხერხდა. ავტოსადგომი კი მნიშვნელოვანია. ჩვენ გვინდა, რომ განახლებული სტადიონი ყველანაირად აკმაყოფილებდეს სტანდარტებს, ყველა ნიუანსი გათვალისწინებული უნდა იყოს. ბარემ იმასაც გეტყვით, რომ ფან-შოპის გახსნაც დაგეგმილი გვაქვს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დუშან უჰრინი: თბილისის "დინამოში" ყველას ჩემპიონობა გვინდა
თბილისის "დინამოში" გასინჯვაზე მყოფმა ფრანსის კონემ საკონტროლო მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა
თავისუფალი თემა: ფერი და ფერომონი