გორის "დილა" ევროთასებზე ქართული რეიტინგისთვისაც იბრძვის

AutoSharing Option
ოთხიდან სამი ქართული კლუბი მიმდინარე ევროტურნირებს ნაადრევად გამოეთიშა, გორის "დილა" კი ევროპის ლიგაზე ასპარეზობას განაგრძობს და თუ პორტუგალიური "მარიტიმუს" ბარიერი გადალახა, ჯგუფურ ეტაპზეც ითამაშებს.

რაღა თქმა უნდა, საქართველოს თასის მფლობელს ამ მიზნის მიღწევას ვუსურვებთ და იმედს გამოვთქვამთ, რომ ქართული კლუბების ევროასპარეზობის შესახებ შემაჯამებელი წერილის დაწერა, რაც შეიძლება, გვიან მოგვიწევს.

ახლა კი სადღეისო მონაცემები დავითვალოთ და ვნახოთ, რომელმა კლუბმა რა შესძინა საერთო ქართულ ევრომონაგარს.

ზედმეტია იმის შეხსენება, რომ ევრორეიტინგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს განთესვისა და სასურველი წილისყრის თვალსაზრისით.

როგორც იცით, ევროთასებზე სარეიტინგო
ქულები არა ამა თუ იმ ეტაპის გადალახვისთვის, არამედ კონკრეტულ მატჩში მიღწეული შედეგისთვის ირიცხება. გამარჯვება 1 ქულად ფასობს, ფრე კი - ნახევრად. თუმცა თითოეული მოპოვებული ქულა იმ გუნდების რაოდენობაზე იყოფა, რამდენი წარმომადგენელიც ჰყავს კონკრეტულ ქვეყანას იმ წელს ევროსარბიელზე.

საქართველოს შემთხვევაში ეს რაოდენობა ოთხია და, შესაბამისად, ქართული კლუბის გამარჯვება 0,25, ხოლო ფრე 0,125 ქულად ფასდება.

"ზესტაფონმა", "მეტალურგმა" და "ტორპედომ" ევროასპარეზობა უკვე დაასრულეს და მათგან საუკეთესო მონაგარი რუსთაველებს აქვთ.

საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ალბანურ "ტეუტასთან" მოპოვებული ორი გამარჯვებით ნახევარ ქულას მოუყარა თავი. "ზესტაფონი" და "ტორპედო", შესაბამისად, აზერბაიჯანულ "ნეფთჩისა" და ყაზახურ "აქტობესთან" ორრაუნდიან დაპირისპირებაში შინ მიღწეული ფრითა და სტუმრად წაგებით დამარცხდნენ. შესაბამისად, ორივე მათგანმა მხოლოდ 0,125 ქულის აღება შეძლო.

დღევანდელ მატჩამდე კი "დილას" აქტივში უკვე 0,75 ქულაა, რასაც გორელებმა თავი დანიური "ორჰუსის" ორჯერ და კვიპროსული "ანორთოსისის" ერთხელ ძლევით მოუყარეს.

ამრიგად, დღეისთვის ქართული კლუბების ჯამური მონაგარი 1,5 ქულას შეადგენს, რაც, ჯერჯერობით, მკვეთრად ჩამორჩება შარშანდელ მაჩვენებელს.

შეგახსენებთ, შარშან ევროპის ლიგის პლეი ოფს "ზესტაფონმა" და "დინამომ" უწიეს, "მეტალურგმა" ორი ბარიერი გადალახა და ერთი გამარჯვების მოპოვება ადრეულ ეტაპზე გამოვარდნილმა "გაგრამაც" კი შეძლო.

შედეგად, წინა სეზონში ქართულმა კლუბებმა ევროტურნირებზე თავი სარეკორდო მაჩვენებელს, 2,875 ქულას მოუყარეს და ამ მაჩვენებლის გამეორების შანსი მხოლოდ "დილას" ჯგუფში მოხვედრის შემთხვევაში გვექნება.

როგორც იცით, უეფა მხედველობაში იღებს მხოლოდ ბოლო ხუთი სეზონის ჯამურ მონაცემებს. საქართველოს მონაგარი ბოლო ხუთი წლის ჯამში 9,166 ქულას შეადგენს.

53 ევროპულ ქვეყანას შორის საქართველო უეფას კოეფიციენტების რეიტინგში დღეისთვის 30-ე ადგილზეა. ბოლოდროინდელმა შედეგებმა საშუალება მოგვცა, ერთი საფეხურით დავწინაურებულიყავით და ფინეთისთვის გადაგვესწრო.

29-ე ადგილზე მყოფი უნგრეთის ამ სეზონშივე ჩამოტოვება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. სამაგიეროდ, წესით, 30-ე პოზიციის შენარჩუნება არ უნდა გაგვიჭირდეს.

ასპროცენტიანი სიზუსტით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მომავალ ევროტურნირებზეც ოთხი წარმომადგენელი ეყოლება - ერთი ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო სამი ევროპის ლიგაზე.

რაც შეეხება რეიტინგის სათავეს, ცოტა ხნის წინ ესპანეთმა ლიდერობა ინგლისს ჩამოართვა, გერმანია კი მესამე ადგილზე დარჩა. წამყვან სამ პოზიციაზე ყოფნას ის უდიდესი უპირატესობა აქვს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი კლუბის გაყვანის უფლებას იძლევა.

მეოთხე-მეექვსე პოზიციები უკავიათ იტალიას, პორტუგალიასა და საფრანგეთს, რაც მათ ჩემპიონთა ლიგაზე სამი კლუბით ასპარეზობის საშუალებას აძლევს. ჰოლანდიას, უკრაინას, რუსეთს, საბერძნეთს, ბელგიას, თურქეთს, კვიპროსს, ავსტრიასა და დანიას კი ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე ორ-ორი წარმომადგენლის გაყვანა შეუძლიათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული