მსაჯთა საფიხვნო: გაახალგაზრდავება მსაჯთა კორპუსსაც შეეხო

AutoSharing Option
საქართველოს ახალი ჩემპიონატის დაწყებასთან ერთად, "ლელოს" რუბრიკაც განახლდა, რომელიც სისტემატურად მოგაწვდით ინფორმაციებს სამსაჯო თემებზე.

ქართველმა მსაჯებმა ახალი სეზონისთვის მზადება 20-25 ივლისს, თბილისში გაიარეს. თეორიული და პრაქტიკული მომზადებისთვის მათ ტექნიკური ცენტრი "ბასა" დაეთმოთ. მეცადინეობები მათ ფიფას რუსმა არბიტრმა ვალენტინ ივანოვმა ჩაუტარა, რომელმაც ქართველ კოლეგებს თანამედროვე სამსაჯო ტენდენციები გააცნო.

თუ მსაჯი თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირებისას ყოყმანობს, მან უპირატესობა შემტევ მხარეს უნდა მიანიჭოს და თამაში უნდა გააგრძელოს - ასეთია მსაჯებისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი საინტერესო ინსტრუქცია.

ნორმატივები კი ქართველმა მსაჯებმა ეროვნული სტადიონის სარბენ ბილიკებზე ჩააბარეს -
უმრავლესობამ წარმატებით, რამდენიმეს კი განმეორებითი ცდის უფლება 15 აგვისტოს მიეცა. ამის მიუხედავად, კიდევ დარჩნენ მსაჯები, რომლებმაც ნორმატივები ვერ ჩააბარეს და მათ კიდევ ერთი შანსი 5 სექტემბერს მიეცემათ.

მათ შორის, ვინც ტესტებზე უარყოფითი შედეგი აჩვენა, ფიფას არბიტრი ლევან კვარაცხელიაცაა. შესაბამისად, ჯერჯერობით მას უმაღლეს ლიგაში მუშაობის უფლება არ აქვს და მისი უქმად ყოფნის ოფიციალურ მიზეზად სწორედ ნორმატივების ვერჩაბარება სახელდება და არა - საქართველოს თასის სკანდალური ფინალი, რომლის პერიპეტიების გახსენების სურვილიც ნამდვილად აღარ გვაქვს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელად აღდგენილი ლევან ფანიაშვილი მოხარულია, რომ ამ სეზონში უმაღლეს ლიგაში დებიუტი უკვე რამდენიმე ახალგაზრდა არბიტრს ჰქონდა - ეს პატივი წილად ბაკურ ნინუას, გოგა კიკაჩეიშვილსა და თემურ ხუჭუას ხვდათ.

უახლოეს პერიოდში ახალი თაობის კიდევ რამდენიმე წარმომადგენლის დაწინაურებაა მოსალოდნელი. პირველ ლიგაში კი კვლავ იმუშავებს ქალი თანამსაჯი ხათუნა მაისურაძე.

ფანიაშვილის თქმით, მიმდინარე სეზონში უმაღლეს ლიგაში მსაჯობის საერთო დონე დამაკმაყოფილებელია, შეცდომები კი საგანგაშო რაოდენობისა არ ყოფილა.

ფანიაშვილის შეფასებით, მსაჯი შეცდა პირველ ტურში, "სიონისა" და ბათუმის "დინამოს" მატჩისას - "სიონის" სასარგებლოდ პენალტი არ დაინიშნა.

რაც შეეხება "დინამო"-"ტორპედოს" რეზონანსულ შეხვედრას, სადაც უხვად დარიგდა ყვითელ-წითელი ბარათები, ფანიაშვილი მიიჩნევს, რომ ოთხივე გაძევება მართებული იყო.

რაც შეეხება "დინამოს" პოზიციას, რომლის მიხედვითაც "ტორპედომ" მის კარში ერთი გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა, ფანიაშვილი ამბობს, რომ დედაქალაქური კლუბის მიერ წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერში სადავო მომენტი ცუდი რაკურსითაა გადმოცემული და აქედან გამომდინარე, იგი მსაჯების გადაწყვეტილებას ენდობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს პრემიერლიგის III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული