კვირის 1000 წვრილმანი: უცბად მხოლოდ ბავშვები იბადებიან

AutoSharing Option
"ზესტაფონის" მძლეველი ბაქოს "ნეფთჩი" ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, გორის "დილამ" კი ამდენი ვეღარ მოახერხა და "მარიტიმუს" დაეჩაგვრინა.

არა მგონია, აზერბაიჯამელებმა მხოლოდ იმით გვაჯობეს, რომ ბევრი ნავთობი აქვთ. აზერბაიჯანი ჯერ არც კუვეიტია და არც ყატარი, მაგრამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ამიერკავკასიაში საუკეთესო საფეხბურთო ქვეყანა გახდა.

ეს ჩვენთვის გამოწვევა უნდა იყოს, ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს იმის პრეტენზია, რომ სხვაზე წინ დგას მენტალურად და განვითარების ტემპით.

ვფიქრობ, ნავთობის გარდა აზერბაიჯანი ჩვენზე იმითაც არის წინ, რომ იქ სიყალბე ნაკლებია. იქ ყველამ იცის, რა ქვეყანაში
ცხოვრობს და ეგუბა იმ მონუმენტალურ ფოტო-სურათებს, სადაც მამა-შვილი ალიევები ერთმანეთს თვალებში შესციცინებენ.

ქართული გუნდები ევროსარბიელზე არაერთი პარამეტრით ჩამორჩებიან მეტოქეებს. ყველაზე მკაფიოდ სხვაობა ფიზიკურ მომზადებაში ჩანს. გამძლე და მკრივი კუნთი ნებისმიერ სპორტში მნიშვნელოვანია, ფეხბურთში კი მითუმეტეს - ლამის მძლეოსნობის დონემდე მივიდეს საქმე.

როცა კუნთებზე და სირბილზე ჩამოვარდება სიტყვა, ბრაზილიელი ჟერსონი მახსენდება, უფრო სწორად მითი ამ შესანიშნავ ფეხბურთელზე. ის შეცვლაზე შევიდოდა, ერთ-ორ ჯადოსნურ მოძრაობას გააკეთებდა და თამაშის ჩარხს ატრიალებდა. მითი ტვინით დატენილ ჟერსონზე იმასაც ამბობს, სათადარიგოთა სკამზეც კი მოუწევია სიგარეტიო.

ქართული ფეხბურთი კი მითებისკენ დაიცალა, ალბათ იმის გამოც, რომ ახლა სხვა ცხოვრებაა და მითებიც აქტუალური აღარ არის, მაგრამ უფრო ალბათ იმიტომ, რომ მითის შემქმნელი ხალხი არ ჩანს.

"დილას" კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ დავინახეთ, რომ მხოლოდ ეს არ ყოფნის ევროპა ლიგის ჯგუფში შესვლას. ეს "დილა" ახალი გუნდია, უცბად კი, როგორც ინგლისელებს უყვართ ხოლმე თქმა, მხოლოდ ბავშვები იბადებიან.

ვაწაძეს რომ ხარიხასთვის არ გაერტყა ბურთი, სალუქვაძე რომ არ დაშავებულიყო...შანსი მაინც იყო, მაგრამ ამ "დილას" მაინც ეცოტავებოდა ის საფუძველი, რაც ამ შანსს გაამყარებდა. "დილას" გუნდურობა აკლდა.

ახალი საფუძველის შექნის წინაშე დადგა "ზესტაფონი". მოწინავე გუნდისთვის მწვრთნელის ხშირი ცვლა დიდი ვერაფერი შეღავათია.

შარშან გეგუჩაძე წავიდა "ზესტაფონიდან", ახლა კი ჭიაბრიშვილი დაითხოვეს. გუნდის ღერძი მწვრთნელია, მისი როლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჩვენნაირი საფეხბურთო ქვეყნის კლუბებში, რადგან აქ ძალიან ბევრი რამ ნულიდან არის დასაწყები. "ზესტაფონი" უკვე შემდგარი კლუბია, მაგრამ ბოლო პერიოდში ვერ წაუვიდა საქმე კარგად.

სკანდალურად მოპოვებული ჩემპიონობა, კლუბის პრეზიდენტის სკანდალური და უცნაური განცხადებები, - "ზესტაფონში" ალბათ რაღაც იცვლება. თქმა რად უნდა, ძალიან საინტერესოა, ვის მოიყვანს კლუბი ჭიაბრიშვილის შემცვლელად. საქართველოში ძალიან ცოტაა საინტერესო მწვრთნელი და ვინც არის, ყველა დასაქმებულია.

შესაძლოა, "ზესტაფონმა" ისეთი ახალგაზრდა სპეციალისტი აღმოაჩინოს, საფეხბურთო მილეთში სახელი ჯერ რომ არ აქვს დაგდებული. უცხოელი? არჩევანი გაცილებით დიდია, მაგრამ ასეთ დროს მიზანში მორტყმა ძალიან ძნელია.

დღეებს ვინც ითვლის, საქმე გაცილებით მარტივად აქვს - ერთი კვირაც და ნაკრები პირველ თამაშს ითამაშებს ახალ შესარჩევში, მერე კი ესპანეთის უძლეველი ნაკრებიც გვესტუმრება და სტადიონიც გაივსება.

დამდეგ კვირაში თავისი წილი სათამაშო აქვს 21-წლამდელთა ნაკრებსაც. ალექსანდრე ჩივაძის ბოლო სიასაც თუ ჩავთვლით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა დღიდან დანიშვნისა 36 ფეხბურთელი გამოსცადა ვარჯიშებსა და თამაშებში.

სხვა რა გითხრათ, ამ სვეტეულში ჟერსონი თუ უადგილოდ მოვიხსენიე, პირობას ვდებ, რომ მსგავსი აღარ განმეორდება. დანარჩენი კი მერე იყოს, ბელარუსის და ესპანეთის შემდეგ, იქნებ ჩვენც გვეღირსოს პატარა, მაგრამ ბრჭყვიალა ამბები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გმერტმა გაუმაჯოს ვინ რამეს მიაგწია მთავარია არ შეგვშურდეს და არ დავიბოგმოდ, ქართულ პეხბურთში უპულობა და ტალანტებითაც ვერ დაიკვეხნი. ალბათ 17 წლამდების იმედი უნდა გქონდეს თუმიხედავენ ამ ბავშვებს?????
0
და რა ვქნათ მერე ჩვენ, მიშას შევეგუოთ, იმის ფონზე რა წარმატებასაც კალათბურთი და რაგბი აღწევს, ფეხბურთს კიდევ რომ უყურებს ვინმე ძალზედ გასაკვირია. მივეტაოთ ძალოსნობას, რაგბს, კალათბურთს, ცურვას. ჭიდაობებს. არაა ეს :პაპსა" სპორტი ჩვენი საქმე დეზერიტირების ბაზრის თასის აღება 31 წლის წინ არაფერს ნიშნავს.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული