მამუკა კვარაცხელია გიოტებორგის დიდების მუზეუმში!

AutoSharing Option
ჩვენი კოლეგა მამუკა კვარაცხელია სკანდინავიაში რომ დიდ პატივშია, არახალია. "ლელოს" მკითხველმა იცის, რომ დანიასა და შვედეთში ბოლო 40 წელიწადია ტრადიციად იქცა მასშტაბური საბავშვო საფეხბურთო ტურნირები. დანიის პატარა, 25-ათასიან ქალაქ ჰიორინგში 40 (!) საფეხბურთო მოედანია და 850-გუნდიანი ტურნირი ტარდება. გაგრისხელა ზღვისპირა ქალაქ ფრედერიკსჰავნში 300 გუნდი ჩადის, შვედეთის სიდიდით მეორე ქალაქ გიოტებორგს კი მთელი მსოფლიოდან 1600 გუნდი მიაწყდება და ერთი კვირის განმავლობაში ქალაქის 101 (!) სტადიონი თუ მოედანი 50 000 ნორჩი ფეხბურთელის ჟივილ-ხივილითაა გაყრუებული. გიოტებორგის "გოთია ქაფს" ასეც ეწოდება - "ბავშვთა მსოფლიოს
ჩემპიონატი".

მამუკა კვარაცხელია სამივე ამ ქალაქის მუდმივი საპატიო სტუმარია. 2000 წელს ქალაქ ფრედერიკსჰავნის მერ ერიკ სორენსენთან ერთად მან ქალაქის მერიის წინ მისი სახელობის ხეც დარგო. სულ ახლახანს კი, გიოტებორგში, უეფას ქართველი მედიაოფიცერი კვარაცხელია ქალაქის "დიდების დარბაზის" წევრად (სულ 9 წევრია) აირჩიეს. საპატიო პრიზი მას გადაჭედილ, 4000-იან ჰოკეის დარბაზ "სკანდინავიუმში" "გოთია ქაფის" პრეზიდენტმა ლენე რონეფორსმა და დირექტორმა დენის ანდერსონმა გადასცეს.

ლამაზ პრიზზე (ფოტო გაზეთ "გიოტებორგ პოსტენიდან") ეს სიტყვებია ამოტვიფრული: "მამუკა კვარაცხელია ჯილდოვდება ფეხბურთის უზომო სიყვარულისა და ამ ტურნირზე უდიდესი ღვაწლისთვის"...


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული