გიორგი დარასელია: დაბრუნება პატრიარქის სიტყვამ გადამაწყვეტინა

AutoSharing Option
გიორგი დარასელიამ ისრაელში 15-წლიანი საქმიანობა დაასრულა და საქართველოში დაბრუნდა: წარსულში ცნობილ ფეხბურთელს, შემდგომში კი ისრაელის ცნობილი კლუბების მწვრთნელს, ახლახან გორის "დილა" ჩააბარეს.

დებიუტი შესაშური ჰქონდა: საკუთარ სტადიონზე დაბრუნებულმა გორელებმა ბოლო ტურში ერთპიროვნული ლიდერი და მანამდე წაუგებელი თბილისის "დინამო" 2:0 დაამარცხეს.

44 წლის სპეციალისტი გვიყვება, რატომ გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნება, რა პერსპექტივას ხედავს ქართულ ფეხბურთში, რა სტილის მიმდევარია, რა მიზნები აქვს გორის "დილას" და ასე შემდეგ.

- საქართველოში სულ იყო მოთხოვნა, რომ უცხოეთში
დასაქმებული სპეციალისტები სამშობლოში დაგვებრუნებინა, მაგრამ თქვენ ამბიციურ კლუბებში მუშაობდით და ეს ნაბიჯი რატომ გადადგით?

- ბოლოდან დავიწყოთ. 9 წელი მეორე მწვრთნელად ვმუშაობდი. ამ პერიოდში ჩემი გუნდი ორჯერ გახდა ისრაელის ჩემპიონი, ერთხელ მეორეზე გავიდა. ორი გუნდი "ლიგატ ჰა ალიში" გადავიდა, კვარსავას "აპოელი" და "სახნინი". ამ უკანასკნელმა პირველივე სეზონში მე-4 ადგილი დაიკავა და ინტერტოტოს გათამაშებაში მოხვდა.

პატარა გუნდებში წარმატებული მუშაობის შემდეგ ვისაც ვეხმარებოდი (ელიშა ლევი), ჰაიფას "მაკაბიში" მიიწვიეს და მეც წამიყვანა. საუკეთესო წლები სწორედ ამ კლუბთან მაკავშირებს - რამდენჯერმე მოვიპოვეთ ჩემპიონობა, ვითამაშეთ ჩემპიონთა და ევროპის ლიგაზე. კლუბმა 12 მოთამაშე საკმაოდ კარგ ფასში გაყიდა, ევროთასებიდანაც დიდი შემოსავლები ჰქონდა.

მაგრამ მეოთხე წელს დაიწყო ჩავარდნა. ერთი წლის მერე მიგვიწვიეს ბეერ შევას "ჰაპოელში" და ზუსტად იგივე გეგმის განხორციელება დავიწყეთ, რაც ჰაიფაში. ამის მიუხედავად, ბოლო წლებში სულ ვფიქრობდი, დამოუკიდებლად ჩამებარებინა გუნდი და ჩემი ცოდნა და გამოცდილება გამომეყენებინა.

მთავარი მწვრთნელის თანაშემწე კი ვიყავი, მაგრამ ასისტენტი მაინც ასისტენტია. მე კი საკუთარი აზრი მქონდა ამა თუ იმ საკითხზე, რომელსაც მთავარი მწვრთნელი წყვეტდა.

- მერედა, წინადადებები გქონდათ?
- დიახ, იყო ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ როგორც კი საქართველოში მომიწვიეს, დაუფიქრებლად ჩამოვედი.

- რატომ დაუფიქრებლად?
- რატომ და, მომენატრა საქართველო... ისრაელში 15 წელი ვმუშაობდი, საკუთარ ენაზე ვერ ვლაპარაკობდი და დამიჯერეთ, ასე ცხოვრება ძალიან ძნელია. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რამაც ეს ნაბიჯი გადამადგმევინა, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან უნებლიე შეხვედრა იყო: გასულ წელს ილია II აღდგომას ისრაელში შეხვდა და იქაურ ქართველებს მოგვიწოდა, სამშობლოში დავბრუნებულიყავით.

ჩემი თავი წარუდგინეს და მაშინვე გადავწყვიტე, უნდა ჩამოვსულიყავი - ძალიან მადლიანი კაცია.

მერე იყო მიწვევა "დილაში" და სიამოვნებით ჩამოვედი. აქ ისეთი ხალხია, რომელთაც კარგად ვიცნობდი. გუნდი ამბიციურია, ხელმძღვანელობა გაძლიერებაზე ზრუნავს და რატომაც არა, სასიამოვნო მიწვევა იყო.

დილით რომ მითხრეს, თბილისში საღამოს რეისს გამოვყევი და თანაც ისე, რომ ყველაფერი ისრაელში დავტოვე.

- ჩაიბარეთ საქართველოს თასის მფლობელი გუნდი, რომელიც ევროპის ლიგის პლეი ოფში მონაწილეობდა. უდავოა, ახალ მწვრთნელს უკეთეს შედეგს მოგთხოვენ.
- არ არსებობს ამბიციური კლუბი, რომლის ხელმძღვანელობასაც წარმატების მიღწევა არ სურს. "დილაში" კი ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. ცხადია, მიზანი წინა წლების შედეგების გაუმჯობესება იქნება და ეს კარგად მესმის.

- შემადგენლობაზე რას იტყვით?
- მაღალ დონეზე ნათამაშები ფეხბურთელები გვყავს. მათ იციან, რა არის ჩემპიონთა ლიგაში თამაში.

- ძლიერი ფეხბურთელები კი არიან, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატი კლუბის ზრდას დიდად ხელს არ უწყობს.
- ისრაელის ბოლო ჩემპიონის, ირონი კირიათ შმონას "აპოელის" მაგალითს მოვიყვან: ეს იყო პატარა კლუბი, რომლის ხელმძღვანელებმაც რვა წლის წინ გეგმა დაისახეს და განახორციელეს - ქვედა ლიგიდან დაიწყეს, ზემოთ და ზემოთ წავიდნენ და შარშან ჩემპიონობა პირველად იზეიმეს.

ახლა გუნდი ევროპის ლიგაში მოხვდა. ჩემპიონთა ლიგაშიც ითამაშებდა, ბოლოს ბელორუსის ბატეს-თან შეშინებული ფეხბურთი რომ არ ეთამაშა. ანუ, მთავარია, მიზნისკენ როგორ მიდიხარ.

- ეტყობა, შეშინებული ფეხბურთი არ გიყვართ.
- დაცვაში ყურადღება აუცილებელია, მაგრამ შეტევაც აუცილებელია. თუ არ შეუტიე, როგორ გაიტან?

- "დილა" თითქმის ყველა რგოლში დაბალანსებულია. ანუ შესაძლებელია თქვენთვის სასურველი სქემის მორგება?
- ფეხბურთი გუნდური თამაშია. არ მიყვარს იმის თქმა, რომ მხოლოდ შემტევი ან დაცვითი ფეხბურთი მიყვარს. არა, ბატონო, არ შეიძლება გამოყოფა, დაცვაში იბრძოლებ, ნახევარდაცვაში თუ შეტევაში. ეს ყველაფერი უნდა დააბალანსო და ყურადღება ყველა რგოლს დაუთმო. თამაში და კონკრეტული მეტოქე კი კორექტივებს გვთავაზობს.

მაგალითად, ახალდანიშნული "დინამოს" შევხვდი, რომელსაც კარგად არ ვიცნობდი და სიფრთხილე გამოვიჩინე, პირველ ტაიმში არ უნდა გაგვეშვა და მეტოქე დაგვეზვერა.

ასეა ყოველთვის და მერე მიხვდები, როგორ გადააწყო გუნდი. ამ მატჩით "დილას" პლუსიც დავინახე და მინუსიც.

ასევეა შემადგენლობაც: ვერავინ მეტყვის, რომ ამა და ამ ფეხბურთელმა 30 თამაში უნდა ჩაატაროსო. გორში ერთ შემადგენლობას დავაყენებ, გასვლაზე კი, შესაძლოა, სულ სხვა ხალხს ვენდო.

- საქართველოში დიდი ხანია არ ყოფილხართ და "დილასა" და "დინამოს" მატჩმა ჩვენს ფეხბურთზე რა წარმოდგენა შეგიქმნათ?
- ორივე გუნდს დიდი პოტენციალი, კარგი მოთამაშეები და მშვენიერი პირობებიც გააჩნია. საქართველოს ჩემპიონატს ტელევიზიით ვუყურებდი და სხვა გუნდების გამოყოფაც შეიძლება - მომეწონა "ტორპედო", "ზესტაფონი", "ჩიხურა", "მეტალურგი" და მიმაჩნია, რომ კარგი ჩემპიონატის ჩატარება შესაძლებელია... მთავარია, ხელშეწყობა იყოს და ბევრი ბავშვი და გუნდი გამოჩნდება.

- "დილას" ჩემპიონობისა და ევროთასებზე უკეთ ასპარეზობის პრეტენზია რომ გააჩნია, საამისო რესურსი აქვს?
- ამაზე პირველი წრის დასრულების შემდეგ გეტყვით. ჯერ კი შეფასებას არ ვიჩქარებ. ახლა ლიდერებს, "ტორპედოსა" და "დინამოს" 8-8 ქულით ჩამოვრჩებით და ყოველი ტურის შემდეგ უნდა დავწინაურდეთ. ეს არის ჩვენი ამოცანა. დანარჩენი მერე ვნახოთ. თასის თამაში კი შედარებით ადვილია, ჩემპიონატის - გაცილებით ძნელი.

- სიტყვამ მოიტანა და წლეულს აქცენტს თასზე გააკეთებთ თუ ჩემპიონატზე?
- ორივე მნიშვნელოვანია და ვერც ერთს გამოვყოფ. "დილას" პრობლემა ის იყო, რომ ევროთასების გამო საქართველოს ჩემპიონატი "დაავიწყდა". არადა, ადრე თუ გვიან ევროთასებიდან გამოვარდები და თუ ჩემპიონატში წარმატებას ვერ მიაღწევ, ევროპაშიც ვერ ითამაშებ.

- იქნებ ჩემპიონატში წარუმატებელი სტარტი ფეხბურთელების ბრალიც იყო? მაღალ დონეზე თამაშის შემდეგ უფრო დაბალზე გადართვისას ბევრი დუნდება.
- ვერ დაგეთანხმებით. მწვრთნელზეა დამოკიდებული, კონკრეტული მატჩისთვის გუნდს როგორ განაწყობს. ხაიფას "მაკაბი" ჩემპიონთა ლიგაში მოხვდა, მაგრამ ჩემპიონატს მთელი სერიოზულობით ვეკიდებოდით.

- თუმცა ევროპაში ბევრ გუნდს, ფაქტობრივად, ორი სრულფასოვანი შემადგენლობის ყოლის ფუფუნება გააჩნია, რაც საქართველოში სანატრელია. "დილას" კი 6 ფეხბურთელი აკლდა.
- კი, მაგრამ "ანორთოსისს" რომ მოუგო, იქიდან ბევრმა ჩემპიონატში არ ითამაშა. ეროვნულში ხუთიდან ხუთი შეხვედრა, მგონი, მხოლოდ მეკარე სკენდერმა ჩაატარა.

- ცვლილებებზეც ვილაპარაკოთ. ვინმე წავა ან ახალს დაიმატებთ?
- ჯერ ყველაფერი უცვლელად არის. ზოგიერთ მოთამაშეს ვიცნობდი, ზოგზე წარმოდგენა არ მქონდა, მაგრამ ხანმოკლე პერიოდში ყველაზე გარკვეული შთაბეჭდილება შემექმნა. ახლა მხოლოდ თავისუფალი აგენტების დამატება შეგვიძლია.

- კონკრეტულად რომელ პოზიციაზე?
- ერთი თავდამსხმელისა და მცველის დამატებას ვფიქრობ. ნახევარდაცვაში კი ახალწვეული ჯერ არ გვჭირდება.

- ხოჯავამ ვარჯიში განაახლა და სათამაშოდ მზად იქნება?
- ის ყოველდღიურად უკეთ გამოიყურება. ხოჯავა ძლიერი ფეხბურთელია. რუსეთში მისი თამაშები ბევრჯერ მინახავს, ძალიან ტექნიკურია და აგრესიული მოთამაშეა. ბოლო სამი დღეა, გუნდთან ერთად ვარჯიშობს და იმედია, ერთ კვირაში სათამაშოდ მზად იქნება. რაც მთავარია, თავად არის მონდომებული, მოედანს მალე რომ დაუბრუნდეს.

- წარმატებული დებიუტი სამუშაო განწყობას განაპირობებს...
- რა თქმა უნდა, ეს ძალიან მახარებს. სხვათა შორის, ჩამოსვლამდე მითხრეს, პირველი შეხვედრა თბილისის "დინამოსთან" გაქვთ და სად მიდიხარო, მაგრამ ეს სირთულე უფრო მიზიდავდა, საკუთარ ძალებს ასეთ შეხვედრაში უფრო გამოვცდიდი.

საერთოდ, სირთულე უნდა გადალახო. სხვაგვარად, ვერც გუნდი ჩამოყალიბდება, ვერც მწვრთნელი და ვერც პიროვნება. თუ გუნდში პრობლემა არის, მას სხვა ვერ მოგიგვარებს, გამოსავალი თავად უნდა იპოვო.

ფეხბურთელი იმედწართმეულ მწვრთნელს რომ დაინახავს, მოგების იმედი არ გადაეწურება? გამოუვალი მდგომარეობა კი არ არსებობს - უბრალოდ, იქიდან უნდა გამოხვიდე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს პრემიერლიგის V ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
დილა-დინამო 2:0 - გორში დაბრუნებულმა "დილამ" "დინამო" გააგორა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული