საბჭოთა კავშირი უზარმაზარი ქვეყანა იყო და პატარა საქართველოს პატარა პერიფერიის გუნდმა საუკეთესოთა შორის მოხვედრა ორჯერ მოახერხა.
პირველად 1986 წელს მიაღწია ამ წარმატებას "გურიამ", მეორედ კი 1989 წელს, თუმცა მეორე ჯერზე ვეღარ მოახერხა საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში თამაში - ქართული ფეხბურთი საბჭოთას გამოეყო და 1990 წლიდან საქართველომ ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება დაიწყო.
1989 წლის "გურიაში" არაერთი მართლაც კარგი ფეხბურთელი თამაშობდა, მათ შორის, ოთარ კორღალიძე.
რბილი მანერით
ლანჩხუთის "გურიამ" დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ჯერჯერობით ის მოახერხა, რომ ერთხელ ასწია საქართველოს თასი.
ბოლო წლებში "გურია" მოწინავეთა შორის აღარ არის. ამ დროისთვის პირველ ლიგაში თამაშობს. არადა, იყო დრო, რომ "გურიას" დიდი სიხარული მოჰქონდა ქართველი გულშემატკივრებისთვის...
"გურიას" ძველ ამბებს ოთარ კორღალიძე იგონებს...
* * *
უმაღლეს ლიგაში გადმოსვლა 1988 წელსაც შეგვეძლო, მაგრამ მიზნამდე ცოტაღა დაგვაკლდა.
ლანჩხუთის "გურიას" მაშინ უკრაინელი სპეციალისტი მიხეილ ფომენკო წვრთნიდა. იმ პერიოდში თითქმის ყველა მწვრთნელს ვალერი ლობანოვსკის სტილი ჰქონდა. მუშაობის სტილით, ქცევით, ცხოვრების წესით ფომენკო ყველაფერში ლობანოვსკის ბაძავდა.
ისიც უნდა ითქვას, რომ ფომენკო ფეხბურთელებს სრულ თავისუფლებას გვაძლევდა, არანაირი მკაცრი კონტროლი არ ყოფილა. მაშინდელი "გურიას" ბირთვს 30 წელს მიღწეული ფეხბურთელები შევადგენდით და ვიღაცის თავზე დადგომა ნამდვილად არ გვჭირდებოდა.
ფომენკოს კარგი ვარჯიშები ჰქონდა. რაც შეეხება თეორიულ მეცადინეობას, აქცენტი სულ ბრძოლაზე კეთდებოდა. ჰოდა, ერთხელაც უმცროსმა მიშა მესხმა უთხრა, რა ამბავია ამდენი ბრძოლა, ფეხბურთი როდისღა უნდა ვითამაშოთო.
"გურიაში" მაშინ მართლაც კარგი პლეადა იყო: მესხი, მერაბ ჟორდანია, გია გურული, ბადრი დანელია, ბესიკ ფრიდონაშვილი, გია ტყებუჩავა, დათო ცომაია, მერაბ თევზაძე...
იყვნენ სხვა რესპუბლიკიდან მოწვეული ფეხბურთელებიც: ოლიფერენკო და ხლუსი.
ვის მიჰყავდა თამაში "გურიაში"? ისეთი გუნდი გვყავდა, რომ ყველა ლიდერი იყო, ყველას შეეძლო თამაშის საკუთარ თავზე აღება.
ჩვენი მთავარი კონკურენტი იმ პერიოდში მოსკოვის ცსკა იყო. 1988 წელს გადამწყვეტ შეხვედრაში მოსკოველებმა 5:2 მოგვიგეს...
ლანჩხუთში ძალიან მაგარი გულშემატკივრობა იყო, ბილეთები არ იშოვებოდა. მაშინ ფეხბურთელებს გვირიგებდნენ რამდენიმე ბილეთს და მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ გულშემატკივრებს ფანჯრიდან ვაწვდიდით ბილეთებს.
საშინაო მატჩებზე მხოლოდ ლანჩხუთელი ქომაგი როდი მოდიოდა, სხვა რეგიონებიდანაც დადიოდნენ ლანჩხუთში "გურიას" საგულშემატკივროდ. სტადიონი 22 ათასს იტევდა და თითქმის სულ გადაჭედილი იყო. არ მახსოვს, რომ მაშინ "გურია" საკუთარ მოედანზე დამარცხებულიყო.
...ძველი ამბავი არ არის. ტელევიზიაში გახლდით მიწვეული საფეხბურთო გადაცემაში და "ზესტაფონის" წარმომადგენელმა განაცხადა, ქუთაისის "ტორპედოს" და ლანჩხუთის "გურიას" მძლავრი ქართული კლუბები ჩაყლაპავენო.
რა თქმა უნდა, ასეთ შეხედულებას არ ვეთანხმები. როგორ შეიძლება, რომ "ზესტაფონმა" ისეთი ტრადიციული კლუბები ჩაყლაპოს, როგორიც "გურია" და "ტორპედო" არიან?! ფაქტია, რომ ახლანდელი ქუთაისის "ტორპედო" ძალიან კარგი გუნდია, კიდევ ექნება წინსვლა. ტრადიცია ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია. ტრადიციულ კლუბებში სულ იქნება მძლავრი საფეხბურთო კერა.
ლანჩხუთის "გურიას" წინსვლას საფუძველი ევგრაფი შევარდნაძემ ჩაუყარა. საბჭოთა კავშირის მეორე ლიგიდან პირველში "გურია" 1979 წელს გადავიდა. გადამწყვეტი მატჩი "გურიას" ყაზანში ჰქონდა "რუბინთან". სწორედ მაშინ იყო, ამირან სევასტოპულომ ხელით რომ აართვა ბურთი მეკარეს და გოლი გაიტანა. მსაჯმა ის ბურთი ჩათვალა.
მაშინ "გურიას" ფეხბურთელი კი ვიყავი, თუმცა იმ თამაშზე ყაზანში არ ვყოფილვარ.
"გურიაში" 1977 წელს მივედი თბილისის "დინამოს" დუბლებიდან. მაშინაც შესანიშნავი ფეხბურთელები დამხვდნენ გუნდში: მერაბ მეგრელაძე, თემურ ჩხაიძე, გიგლა იმნაძე, ბესო მჭედლიშვილი... ძნელი იყო ასეთი გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა.
მაშინ "გურიას" სტადიონი 8 ათას კაცს იტევდა, ახალი სტადიონი კი 1986 წელს აშენდა. იმ პერიოდში ჩადგა მწყობრში გრიგოლეთის შესანიშნავი ბაზაც.
"გურია" მართლაც გამორჩეული გუნდი იყო. იქ არ იყო არანაირი ინტრიგა, რაც "დინამოში" და სხვა ქართულ გუნდებში სუფევდა. "გურიაში" ასეთი რამეები არ ხდებოდა. ძალიან მეგობრული გუნდი ვიყავით. ფეხბურთელები ბაზაზე ვცხოვრობდით და ყველგან ერთად დავდიოდით.
სადილის დრო რომ მოატანდა, ლანჩხუთის "ატეკაში" მივდიოდით. ამ ორგანიზაციის დირექტორი ხომ ევგრაფი შევარდნაძე იყო.
"ატეკის" სასადილოში მართლაც სანაქებოდ იყო მოგვარებული ყველაფერი. განთქმული მზარეულიც ჰყავდა იმ სასადილოს, "სინოს" ყველა იცნობდა...
მაშინ ისე იყო საქმე მოწყობილი, რომ "გურიაში" ფეხბურთელებს უფრო მეტი ხელფასი ჰქონდათ, ვიდრე თბილისის "დინამოში". სხვაობა დიდი არ იყო, მაგრამ მაინც... ეს იმიტომ ხდებოდა, რომ რეგიონში ჩასული ფეხბურთელისთვის იქაურ გუნდში თამაში მიმზიდველი ყოფილიყო.
კარგია, რომ ამ ბოლო დროს ლანჩხუთის ფეხბურთში სასიკეთო ძვრებია, გუნდი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძვის. ტრადიციული კლუბი რაღაც გზას აუცილებლად იპოვის...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მალე ლანჩხუთის სტადიონს ვეღარ ვიცნობთ