ზურაბ მენთეშაშვილი: ყველა ტიტულზე მაღლა ნაკრები დგას

AutoSharing Option
ხანგრძლივი უცხოური კარიერის შემდეგ, ზურაბ მენთეშაშვილი საქართველოს გასული წლის დასაწყისში დაუბრუნდა და "ზესტაფონთან" კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ტრავმის გამო წელიწადი გაუცდა და ფეროელთა შემადგენლობაში დებიუტი ძალიან დაუგვიანდა.

32 წლის ნახევარმცველმა საზარდულის ოპერაცია თბილისში გაიკეთა და ამან სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. განმეორებითი ქირურგიული ჩარევა ბელგიაში გახდა საჭირო და მხოლოდ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი მისი მოედანზე დაბრუნება.

"ზესტაფონში" დიდი ენთუზიაზმით ჩამოვედი, მაგრამ, სამწუხაროდ, ტრავმამ დიდი ხნის განმავლობაში უქმად
დამტოვა.

საბედნიეროდ, ყველა უსიამოვნება წარსულს ჩაჰბარდა და ახლა მეძლევა იმის საშუალება, რომ კლუბის გულშემატკივრებს, ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბს ნდობა ჩემი მონდომებული თამაშით გავუმართლო", - ამბობს მენთეშაშვილი.

მისთვის "ზესტაფონთან" დაკავშირებული საუკეთესო მოგონება საქართველოს ჩემპიონობაა, ყველაზე ცუდი კი - ჩემპიონთა ლიგაში განცდილი წარუმატებლობა:

"ძალიან მძიმედ მახსენდება "ნეფთჩისთან" განცდილი მარცხი. ევროტურნირებს ყველა მოუთმენლად ველოდით, მაგრამ, სამწუხაროდ, იმედები გაგვიცრუვდა და ჩემპიონთა ლიგას ნაადრევად გამოვეთიშეთ. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ სეზონში ევროარენაზე უფრო შედეგიანად გამოვალთ".

რაც შეეხება მიმდინარე მიზნებს, იმის მიუხედავად, რომ "ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონატში დღეისთვის მხოლოდ მეექვსე ადგილზეა და ლიდერს ცხრა ქულით ჩამორჩება, ზურას მიაჩნია, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა სავსებით რეალურია:

"ჯერ სეზონის ნახევარიც არ გასულა და პროგნოზების გაკეთება ნაადრევია, თუმცა იმის მიუხედავად, რომ დღეს სხვა გუნდები ლიდერობენ, ვფიქრობ, რომ ჩემპიონობის ძალა შეგვწევს. მოქმედი ჩემპიონები ვართ და ტიტულის შენარჩუნების შანსიც გვაქვს.

დღეს საქართველოს ჩემპიონატში არ არის ისეთი კლუბი, რომელიც სხვებს ორი-სამი თავით აღემატება. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ საქართველოს ჩემპიონატს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს".

საკუთარი სათამაშო ფორმით მენთეშაშვილი ბოლომდე კმაყოფილი არ არის და მიაჩნია, რომ შეუძლია, "ზესტაფონისთვის" უფრო სასარგებლოც იყოს.

ტრავმებით გამოწვეულმა იძულებითმა პაუზამ მის კონდიციებს დაღი დაასვა, თუმცა მენთეშაშვილი ოპტიმალურ ფორმამდე მისვლას უახლოესი პერიოდისთვის ვარაუდობს.

"მატჩიდან მატჩამდე საკუთარ თავს პროგრესს ვატყობ და მალე ავთამაშდები იმ დონეზე, როგორისკენაც მივისწრაფვი.

მოხარული ვარ, რომ "ზესტაფონმაც" დაძლია რთული პერიოდი და გუნდსაც აშკარად ეტყობა უკეთესობა. აშკარად არ შეგვეფერება ის პოზიცია, რაც ამჟამად გვიკავია სატურნირო ცხრილში და დიდი იმედი მაქვს, რომ ეტაპობრივად ზემოთკენ ავინაცვლებთ".

არის თუ არა იოლი საზღვარგარეთის ქვეყნებში ცხოვრების შემდეგ საქართველოში დაბრუნება? ამ კითხვაზე მენთეშაშვილს ასეთი პასუხი აქვს:

"ევროპაში მართლაც განსხვავებული საფეხბურთო და საცხოვრებელი პირობებია და საქართველოში დაბრუნებული ფეხბურთელისთვის აქაურობასთან ხელახლა შეგუება მართლაც რთულია, მაგრამ ფეხბურთი ჩემი სამუშაოა და მზად ვარ, მთლიანად საქმეზე ვიყო კონცენტრირებული.

ყველა ყოფით პრობლემას "ზესტაფონში" შექმნილი სამუშაო გარემო მავიწყებს. აქ ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ამ გუნდში ყოფნა ძალიან მსიამოვნებს.

მოხარული ვარ, რომ სამწვრთნელო შტაბი სრულად მენდობა და საშუალებას მაძლევს, "ზესტაფონს" ჩემი გამოცდილება მოვახმარო. შემთხვევით ვისარგებლებ და მადლობას გადავუხდი წინა სამწვრთნელო შტაბსაც, რომლისგანაც არანაკლებ თანადგომას ვგრძნობდი".

"ალანია", "სკონტო", "შინიკი", "ვენტსპილსი", თელ ავივის "ჰაპოელი" - ეს ის უცხოური კლუბებია, რომელთა ღირსებაც მენთეშაშვილს სხვადასხვა დროს დაუცავს. მიაჩნია, რომ აქედან ყველაზე წარმატებული პერიოდი "ჰაპოელში" გაატარა, რომლის შემადგენლობაშიც ისრაელის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.

თუმცა მისთვის საკლუბოზე უფრო მნიშვნელოვანი ყოველთვის სანაკრებო კარიერა იყო: "ჩემპიონთა ლიგა არ მომიგია და მსოფლიოს ჩემპიონატი, თუმცა მქონდა გარკვეული მიღწევები. თუმცა ვერც ერთ საკლუბო ტიტულს ვერ შევადარებ იმ განცდას, რაც საქართველოს ნაკრებში თამაშისას მქონდა.

ჩემი კარიერის ყველაზე დიდ მიღწევად სწორედ იმას მივიჩნევ, რომ საქართველოს ნაკრების წევრი ვიყავი და მქონდა პატივი, ჩემი ქვეყნის ღირსება დამეცვა, მოედანზე მისი ჰიმნი მემღერა. ყოველთვის კარგად ვაცნობიერებდი, თუ რაოდენ დიდი პატივი იყო ეს ჩემთვის და იმის მიუხედავად, რომ ჩვენს ნაკრებს განსაკუთრებული წარმატებისთვის არასდროს მიუღწევია, ქართველი გულშემატკივრების წინაშე პირნათელი ვარ, რადგან მოედანზე თავი არასდროს დამიზოგავს".

საუკეთესო სანაკრებო მოგონებად კი ზურას თბილისში შოტლანდიელთა დამარცხება მიაჩნია, ასევე სიამოვნებით იხსენებს იტალიელთა წინააღმდეგ გამართულ მატჩებს. ეროვნულ გუნდში დაბრუნებაზე ხელი არ ჩაუქნევია და ცდილობს, ნაკრების მწვრთნელთა ყურადღება კვლავ დაიმსახუროს.

რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების მატჩებს ყურადღებით ადევნებს თვალს: "საქართველოს ნაკრებში ჩემს დროსაც ბევრი პრობლემა იყო და ახლაც ასეა, თუმცა ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ და ბრძოლა განვაგრძოთ. ამჟამინდელ გუნდში ვხედავ პროგრესის გარკვეულ წინაპირობას და იმედია, მალე ეს შედეგებშიც აისახება".

აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს და თუ ტრავმებმა ხელი არ შეუშალა, ფეხბურთის თამაშს კიდევ რამდენიმე სეზონის განმავლობაში აპირებს. ჯერ არ იცის, "ზესტაფონი" მისი ბოლო კლუბი იქნება თუ არა, თუმცა სხვაგან წასვლაზე ამჟამად არ ფიქრობს.

რაც შეეხება უფრო შორეული მომავალს, მწვრთნელობას არ გამორიცხავს, ის კი ზუსტად იცის, რომ საქმიანობას ფეხბურთში განაგრძობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს რო ვინმემ ნაკრებში ათამაშოს მიუხედავად იმისა რო ნაკრების თამაში არ გამიმაზია არცერთ თამაშზე აგარ მივალ არასდროს ამას თუ ვინმე ათამაშებს
gadaooob ??
16:39 11-11-2012
0

სიახლეები პოპულარული