კვირის 1000 წვრილმანი: სიტყვას დიდი ძალა აქვს

AutoSharing Option
გოგიტა გოგუა ისევ გზაგასაყარზეა, ისევ აკეთებს მწვავე განცხადებებს და ისევ ამბობს, რომ ძალიან უნდა ნაკრებში თამაში.

გოგუა იმასაც ამბობს, რომ თუ საქმეს დასჭირდება, პირდაპირ ეთერშიც დავჯდები რომან ფიფიასთან თუ თემურ ქეცბაიასთანო.

არა მგონია, ასეთი დებატები გაიმართოს , თორემ ღმერთმანი, ძალიან კარგი შოუ გამოვიდოდა. მაგრამ ჩვენთან კლუბის პრეზიდენტი თუ ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ასეთ დებატებს არც ფეხბურთელთან გამართავს და არც არავისთან, ჩვენთან ამის კულტურა არ არსებობს, ტელედებატები მხოლოდ პოლიტიკოსებს შორის უნდა მოეწყოს.

ფეხბურთიც სანახაობაა და ვფიქრობ, რომ ამ სანახაობას სჭირდება გოგუასნაირი, არაორდინალური
ფეხბურთელები.

გოგუას არაერთხელ მოსვლია კონფლიქტი, მაგრამ ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ ის ნაკრებისთვის საჭირო ფეხბურთელი არ არის.

თავის დროზე გოგუა "დინამოდან" გაუშვეს, ეს მაშინ მოხდა, როცა კლუბში ხელმძღვანელობის მორიგი შეცვლა მიმდინარეობდა.

გოგუა ფეხბურთისთვის თავის დანებებას აპირებდა. ცხონებული ჯემალ ჩიმაკაძე მიყვებოდა, გოგუა შოფრობით აპირებდა თავის გატანას, მაგრამ მის დარწმუნებას, მის ფეხბურთისკენ მიბრუნებას ვცდილობდი, ვეუბნებოდი, ეზოში მაინც ითამაშე ფეხბურთი, რომ ასე თუ ისე ფორმაში იყოო.

ასეც მოხდა, "დინამოდან" გაშვებული გოგუა ჯერ "თბილისში" მოხვდა, მერე კი ეროვნულ ნაკრებში.

ეს ამბავი იმად გამახსენდა, რომ სიტყვას, გამხნევებას დიდი ძალა აქვს. რადგან გოგუას რამდენჯერმე მოუხდა კონფლიქტურ სიტუაციაში ყოფნა, ის არ უნდა იყოს ადვილად საურთიერთობო ფეხბურთელი, მაგრამ ფეხბურთის თამაში რომ შეუძლია, სადავო არც ეს უნდა გახდეს.

მწვრთნელიც მაგისთვის არის, რომ ყველა ფეხბურთელს მიუდგეს. ნაკრების მწვრთნელობა კიდევ უფრო რთულია იმ მხრივ, რომ მწვრთნელი პრეზიდენტს ვერ ეტყვის, ეს ფეხბურთელი მიყიდე, ეს ფეხბურთელი გუნდიდან უნდა გავუშვათ, ეს ფეხბურთელი სხვაგან უნდა გავანათხოვროთ...ნაკრებში სულ სხვა პასუხისმგებლობაა, არის მოცემულობა და მას ვერ გასცდები, არ გექნება შედეგი და პასუხიც უნდა აგო იმაზე, რომ ეს ფეხბურთელი არ გამოიძახე და მის მაგივრად გამოძახებულმა არ გაამართლა.

გოგუამ "ლელოსთან" ინტერვიუში დავით სირაძის ნაკრებში არგამოძახებაზეც ილაპარაკა. სირაძეს გოლით არაერთხელ დაუსხლტა საქართველოს ნაკრები ცუდ შედეგს, მაგრამ ქეცბაიამ მას ნაკრების კარი მიუხურა.

ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებს მეგოლე თავდამსხმელის დეფიციტი აქვს, მაგრამ მას პასუხს მაინც არავინ არ სთხოვს არც ამისთვის და არც ცუდი შედეგისთვის.

გოგუას არც კლაუს ტოპმიოლერთან ჰქონია შეხმატკბილებული ურთიერთობა. ის ასეთია და მორჩა, მაგრამ ფეხბურთს ასეთებიც თამაშობენ.

გოგუას ჰქონდა იმის შანსი, რომ "თბილისიდან" ამსტერდამის "აიაქსში" გადასულიყო, მაგრამ "ხიმკიში" მივიდა, რადგან ეს უკვე ნაღდი ვარიანტი იყო.

დღეს ბევრი რუსული კლუბი ფინანსურად "აიაქსზე" ბევრად უფრო ძლიერია, მაგრამ ვინ იცის, გოგუა რომ ჯერ "აიაქსში" მოხვედრილიყო, იქნებ სულ სხვანაირად წარმართულიყო მისი ურთიერთობა მწვრთნელებთან.

ევროპა ალბათ სულ სხვანაირად აყალიბებს ახალგაზრდა სპორტსმენის ფსიქოლოგიას, ვიდრე "ხიმკი" და დანარჩენი რუსეთი.

გოგუას ამბავი აუცილებლად გაგრძელდება, ის ჯერ 29 წლისაა და კიდევ აქვს საკმარისი დრო იმისთვის, რომ თავისი დაამტკიცოს როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო სარბიელზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სანდრო შახოვი: "დინამო" გოგიტა გოგუასთან სამართლებრივ ურთიერთობას გააგრძელებს
გოგიტა გოგუა: ქეცბაია და ფიფია ცდილობენ, კარიერა დამინგრიონ!
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა გადაყევით ამ ქაფ ფეხვურთელს. ამ სტატიებში ფულს რო იღებს ჟურნალისტი აგაზე იფიქრეთ ვინ ღუპავს ფეხბურთს
afad
21:19 19-12-2012
0
სანამ გეცბაია არის ნაკრებში გოგიტა გოგუას და ბევრ მისნაირებს არ ეღირსება ნაკრები. საქართველოში ძალიან ცუდი ხასიათი აქვთ მწვრთნელებს. კარგებს ვერ ხედავენ ნაცნობების შვილება კი ხედავენ. ამიტომ ასეთ ცუდ დღეშია საქართველო
maia
08:38 17-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული