ხურცილავას მალე 70 წელი შეუსრულდება, თუმცა მასთან ინტერვიუზე რომ მივედი, მითხრა, ამჯერად განვლილ ათწლეულებს ნუ მიმოვიხილავთო. ხურცილავასაც ქართულ ფეხბურთში შექმნილ ახლანდელ ვითარებაზე ველაპარაკეთ და ბატონი მურთაზიც მხოლოდ ზოგადი საუბრით არ შემოიფარგლა.
ხურცილავა ის ფიგურაა, რომლის ნათქვამი ყოველთვის ყურადსაღებია. რასაც ის ამ ინტერვიუში ამბობს, ზოგისთვის ალბათ მიუღებელი იქნება, თუმცა სავსებით ნორმალურია - ქართულ ფეხბურთში ბევრი ისეთი საკითხია, კამათი მართლაც რომ შეიძლება...
- რამდენიმე თვე ისე
- ფეხბურთიდან არასდროს წავსულვარ, საპატიო ვიცე-პრეზიდენტი ვარ ამ დროისთვის, მერე კი შესაძლოა რაღაც-რაღაცები შეიცვალოს.
- გაუჩინარების მიზეზი, ალბათ, თქვენი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა იყო...
- ფეხბურთში დროებით არ ვჩანდი. ალბათ ყველამ იცის, რომ მარტვილის რაიონში მაჟორიტარ დეპუტატად საპარლამენტო არჩევნებში კენჭს ვიყრიდი. აღარ მსურს ამაზე ლაპარაკი, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მარტვილში არჩევნებისას მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო.
- ფეხბურთელის კარიერის შემდეგ არცთუ მცირე სამწვრთნელო გამოცდილება მიიღეთ. არასდროს გიფიქრიათ იმაზე, რომ ხელმეორედ დაბრუნებოდით ამ საქმეს?
- მწვრთნელობა ისედაც რთული პროფესიაა, საქართველოში კი განსაკუთრებით, პირობებს ვგულისხმობ. ახლახან "ზუგდიდს" შეექმნა პრობლემები... მოკლედ, მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ არის.
- საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი იყავით. გქონდათ საფუძვლიანი საუბარი ბიძინა ივანიშვილთან ქართულ ფეხბურთში შექმნილ ვითარებაზე?
- რა თქმა უნდა, ასეთი საუბარი გვქონდა. ბატონი ბიძინა ისეთი პიროვნებაა, რომ ყველა საჭირბოროტო საკითხი აინტერესებს. წინასწარ არ მიყვარს საუბარი, მაგრამ ერთი ვიცი - ივანიშვილი ქართულ ფეხბურთს დაეხმარება.
- ერთ-ერთი ყველაზე საჭირბოროტო საკითხი საქართველოს ეროვნული ნაკრებია. ბევრი რამ იცვლება, მაგრამ ჩვენი ეროვნული გუნდის შედეგი თითქმის ერთი და იგივეა...
- მე მაინც მგონია, რომ სანამ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დონე არ ამაღლდება, ჩვენი ნაკრები სულ ამ მდგომარეობაში იქნება. თემურ ქეცბაიას, მისი თანაშემწეების და ფეხბურთელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მიუხედავად მთელი რიგი პრობლემებისა, ნაკრებს ასეთი შედეგი აქვს. ფაქტია, რომ ფეხბურთის ფედერაცია ჩვენს ყველა ნაკრებს კარგ პირობებში ამყოფებს, რასაც მწვრთნელები იტყვიან, ყველაფერი სრულდება. ეს პირადად ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას დამსახურებაცაა.
- ადრე არაერთხელ გითქვამთ, ეროვნულ ნაკრებს ქართველი მწვრთნელი უხდებაო -ახლაც ამ პოზიციაზე ხართ?
- და რომელი უცხოელი მწვრთნელის ხელში აჩვენა საქართველოს ნაკრებმა უკეთესი შედეგი? ნაკრებს თავი რომ დავანებოთ, რომელ ქართულ კლუბში მოხდა ისე, რომ უცხოელ მწვრთნელს ქართველზე უკეთესი შედეგი ჰქონდა?
მიმაჩნია, რომ ქართველი მწვრთნელი უცხოელზე უკეთ აუღებს ალღოს აქაურობას და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქართველს უფრო შესტკივა გული ჩვენს ნაკრებებზე და კლუბებზე, ვიდრე უცხოელს. ასე რომ, ისევ ქართველი მწვრთნელების მომხრე ვარ.
- ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთა ბირთვზე რას იტყოდით? საინტერესოა თქვენეული შეფასება...
- ბირთვს 6-7 ფეხბურთელი უნდა შეადგენდეს და ყველანი გუნდის წამყვანი მოთამაშეები უნდა იყვნენ. დღეს ამდენი წამყვანი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებს არ ჰყავს. ერთი-ორი წამყვანი ფეხბურთელი ბევრს არაფერს ნიშნავს...
- და ვინ მიგაჩნიათ გამორჩეულ ფეხბურთელებად საქართველოს ნაკრებში?
- ამ ნაკრებში არაერთი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ რასაც მართლა გამორჩეული ჰქვია, ეს სულ სხვა რაღაცაა. არ ვიცი, ასეთი ვინ არის საქართველოს ამ ნაკრებში...
- რას ურჩევდით საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს?
- რჩევა რომ საქმეს შველოდეს, მათ ჰყავთ მრჩევლები. საქმე ისაა, რომ დიდი განსხვავებაა კლუბსა და ნაკრებში თამაშში. ნაკრებში თავი რომ გამოიჩინო, ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელი უნდა იყო. ნაკრებში სულ სხვა მოთხოვნებია...
- ანუ ჩვენი ნაკრების მთავარ პრობლემად ფეხბურთელი მიგაჩნიათ?
- ფეხბურთელი პრობლემაა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ კარგი შედეგის მიღწევას ვგულისხმობთ.
- და გამორჩეული ფეხბურთელები რომ აღარ არიან საქართველოს ნაკრებში, ეს რისი ბრალი უნდა იყოს?
- ასეთი პრობლემის წინაშე მხოლოდ საქართველოს ნაკრები როდია. ქართულ კლუბებს ლეგიონერები რომ ჩამოჰყავთ, ეს გამართლებულად არ მიმაჩნია, რადგან ჩვენთან არ ჩამოდის იმ დონის ლეგიონერი, როგორიც სასურველი იქნებოდა.
- "დინამოს" ესპანელი ლეგიონერი ჩისკოც არ მოგწონთ?
- ჩისკოს დონის ფეხბურთელი საქართველოში არ არის? ლეგიონერი ადგილობრივ ფეხბურთელს ათი თავით თუ არა, ერთი თავით მაინც უნდა სჯობდეს, ჩვენთან კი უმეტეს შემთხვევაში ასე არ ხდება.
ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ლეგიონერებზე ლიმიტი დაწესდება და ქართულ კლუბს არაუმეტეს სამი ლეგიონერის მოწვევის უფლება ექნება. ეს ყველაფერი, პირველ რიგში, ჩვენს ნაკრებს გამოადგება. საქართველოში ლეგიონერი ჩამოიყვანო, სათადარიგოთა სკამზე იჯდეს და იქაც ქართველის ადგილს იკავებდეს, ამას დადებითად ვერ შევაფასებ...
- უკეთესობას როდის უნდა ველოდოთ ქართულ ფეხბურთში?
- უკვე რამდენი წელია, რაც სიმართლეს არ ვლაპარაკობთ - საქართველოს ნაკრებს ამ რესურსით ვერ ექნება ის შედეგი, რაც ჩვენ ყველას ასე ძალიან გვინდა და წარუმატებლობა მხოლოდ მწვრთნელებს არ უნდა დავაბრალოთ.
- ამ ცოტა ხნის წინათ აქტუალური გახდა ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე არჩევნების თემა - თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?
- დღევანდელი სიტუაცია ნამდვილად არ ითხოვს რიგგარეშე არჩევნების გამართვას.
- მიგაჩნიათ, რომ წინა ორი არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდა?
- დიახ და ვფიქრობ, რომ ამაზე უფრო სხვა რამეა საზრუნავი ქართულ ფეხბურთში.
- ზვიად სიჭინავამ ორჯერ ისე გაიმარჯვა არჩევნებში, რომ მეტოქე არ ჰყოლია - ეს არ არის დამაფიქრებელი?
- წამოეყენებინათ მერე კანდიდატურა, ვისი შეეშინდათ?..
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რომან ფიფია: ჩისკო საქართველოს ნაკრებს სჭირდება და დროა, შანსი მივცეთ
ზვიად სიჭინავა: მიშელ პლატინი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას გეგმავს