კითხვა საფეხბურთო სამყაროდან: სად არის კახა კალაძე?

AutoSharing Option
სამყარო ორად იყოფა: ადამიანები, რომლებსაც ველოსიპედით სეირნობა უყვართ და ისინი, ვინც სწრაფად ატარებენ მანქანას.

ეს სიტყვები ერთმა ფრანგმა თქვა და საყურადღებო უნდა იყოს სისადავითა და სიზუსტით. ჩვენთვის კი ეს იმად არის საინტერესო, რომ ველოსიპედით სეირნობაზე უფრო აქტუალური მანქანის სწრაფად ტარებაა.

ცხადია, იმას არ ვგულისხმობ, რომ კარგ მანქანაზე მომხტარ ტიპურ ქართველს ძალიან უყვარს გაზზე ფეხის მიჭერა.

ველოსიპედით სეირნობა, იცოცხლეთ, ძალიან კარგია, ოღონდაც საამისოდ ცხოვრების მოწესრიგებაა საჭირო. ვინაიდან სხვებზე ჩამორჩენილები ვართ, სწრაფად სიარული გვმართებს, ამისთვის კი მანქანა გაცილებით უკეთესი საშუალებაა.

მანქანა კიდევ
წარმოადგენს ველოსიპედზე რთულ მექანიზმს, რომელსაც ველოსიპედზე უფრო ბევრი რამე სჭირდება: საწვავი, ზეთი, ანტიფრიზი და განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა.

ეს ლირიკული აბდაუბდა კი იმას მოვაყოლე, რომ ამას წინათ ერთი პარლამენტარი შემხვდა, ძალიან კარგი კაცი და, რა თქმა უნდა, ქართული ფეხბურთის სვე-ბედი მიმოვიხილეთ.

ქართულ ფეხბურთს ბევრგან უჭირს, ყველაზე უფრო კი, ალბათ, საკლუბო დონეზე. ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ ჯერ კაცმა არ იცის, რა ელოდებათ ეგრეთ წოდებულ საბიუჯეტო კლუბებს მომდევნო სეზონში; ზოგს კი სულაც მიმდინარე სეზონის ჩამთავრება-არჩამთავრებაზე აქვს საქმე.

ამ პატივცემულმა პარლამენტარმა კი დამიდასტურა ის ამბავი, რაც ადრე მხოლოდ კულუარულად ვიცოდი. ამბავი ასეთია: როცა უმცროსი ნოდარ ახალკაცი გახლდათ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი დაინტერესებულა ქართული ფეხბურთის პრობლემებით და გამოუთქვამს სურვილი და მზადყოფნა, ათეულ მილიონობით დოლარი დაეხარჯა საქმის გამოსასწორებლად.

პროექტი ვერ განხორციელდა, რისი ზუსტი მიზეზი უცნობია. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ივანიშვილის ფინანსები რაგბისკენ წავიდა და მორაგბეებმა მისგან არაერთი საჩუქარი მიიღეს მოედნების სახით.

მოკლედ, თუ კონფიდენციალურ წყაროს დავუჯერებთ, ივანიშვილს ფეხბურთში სურდა ფულის დახარჯვა, მაგრამ რეფორმატორებთან ვერმორიგების გამო ფინანსები მორაგბეებს დარჩათ.

და რა თანხაზე იყო ლაპარაკი?

აქ უკვე პარლამენტარმა მოგვაწოდა ინფორმაცია: 80 მილიონი ევრო. ცხადია, ეს არაოფიციალური ცნობაა, მაგრამ სიმართლესთან ახლოს კი უნდა იყოს.

ამ ყველაფერმა მოიტანა იმედი, რომ ახალი ხელისუფლება კონცეპტუალურად იზრუნებს ქართული საფეხბურთო კლუბების მოღონიერებაზე. ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნებმა "ლელოს" არაერთხელ უთხრეს, აწ უკვე დამოუკიდებლად შეგვეძლება საკუთარი თავის და ნაკრებების შენახვაო და ბუნებრივია, რომ მისახედი რჩება საკლუბო ფეხბურთი.

რა და როგორ უნდა გაკეთდეს - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი საფეხბურთო სამყაროდან გამოსული კაცია და პრემიერ-მინისტრს კარგადაც განუმარტავს, თუ რა პრობლემების წინაშეა საკლუბო ფეხბურთი.

მთავარი პრობლემა ფულია. საკითხავი ისღა რჩება, როგორ უნდა მოფულიანდნენ ქართული კლუბები და როგორ არ უნდა მობეზრდეს ბიზნესმენს საფეხბურთო კლუბში ფულის ჩადება.

ივანიშვილს საფეხბურთო თემატიკაზე კიდევ უნდა ჰყავდეს კარგი მრჩეველი, ვინც მისი პოლიტიკური კოალიციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახე იყო: კახა კალაძე.

არაერთხელ გვითქვამს, რომ კალაძე ძალიან კარგი მაგალითია ქართველი ახალგაზრდობისთვის. შრომა, მიზანდასახულობა, გაბედულობა, რისკზე წასვლა - კალაძემ ამით მიაღწია წარმატებას სპორტსა და პოლიტიკაში. ის ახლა ენერგეტიკის მინისტრია, მაგრამ ეს ვერ მოუხსნის მას პასუხისმგებლობას ქართული საფეხბურთო სამყაროს წინაშე.

ყველაზე უფრო, ალბათ, კალაძეს შეუძლია ივანიშვილის დარწმუნება იმაში, რომ ფეხბურთი საქართველოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს. წინასაარჩევნო პერიოდში კალაძე ივანიშვილის თანამებრძოლი იყო, ახლაც თანაგუნდელები არიან, ოჯახებითაც მეგობრობენ და ცხადია, კალაძეს სწორედაც რომ ეთქმის სიტყვა პრემიერ-მინისტრთან.

კიევის "დინამომდე" და "მილანში" წასვლამდე კალაძე სწორედ ქართული ფეხბურთის წვენში იხარშებოდა, ქართული ფეხბურთიდან დაიწყო საკუთარი თავის შექმნა და ახლა სწორედ მისი დახმარება სჭირდება ჩვენს ფეხბურთს.

საქართველოს ფეხბურთს სხვა ბევრი პრობლემაც აქვს, მაგრამ არა მგონია, რომ სპორტის ეს სახეობა მეორეხარისხოვანი იყოს მთელი ქვეყნისთვის.

კალაძეს შეუძლია გახდეს ის რგოლი, რომელიც კარგად დააკავშირებს ერთმანეთთან ფეხბურთსა და ხელისუფლებას.

კალაძეს შეუძლია, დაელაპარაკოს ქართული კლუბების მესვეურებს და სპორტის მინისტრთან ერთად შეიმუშაოს ის მიმართულებები, რითაც უნდა განვითარდეს საკლუბო ფეხბურთი.

კალაძეს ბევრი შეუძლია, ახლა მისი ჯერია. მას ერთხელაც აქვს იმის შანსი, ქართველი გულშემატკივარი გაახაროს, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთს აღარ თამაშობს.

კატეხიზმოში ასე წერია: ცოდნის მომატებით ტანჯვაც გემატებაო. ახლა კი სხვა დროა, სამყარო იმაზე მუშაობს, თუ როგორ გაიადვილოს ცხოვრება. ცოდნის მომატება და მეტი წარმატების მიღწევა კი ძალაუნებურად პასუხისმგებლობას მატებს ამბიციურ ადამიანს.

ალბათ, ასეა კალაძის შემთხვევაშიც.

ველოსიპედით სეირნობა თუ მანქანის სწრაფად ტარება - კალაძე აქაც სწორ არჩევანს გააკეთებს, მე ასე მგონია. სამყაროს კლასიფიკაციის ფუნდამენტურ პრინციპებზე კი სხვა დროსაც ვილაპარაკებთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ფეხბურთის განვითარება ჩვენს ქვეყანაში შეუძლებელია!!!რატოომ? დღევანდელი ფეხბურთი არის დიდი რაოდენობით გაჟღენთილი კომერციალიზაციით,საქართველოში კი ქვეყნის განვითარებიდან გამომდინარე,შეუძლებელია ასეულობით მილიონი ლარი ჩაიდოს სპორტში,სადაც ასეთი მარაზმი ტრილებს გინდა ფედერაციაში,გინდა თვითონ ფეხბურთელებში,გამოუსწორებელი შეცდომა იქნება ქართველი ხალხის წინაშე ასეთი ნაბიჟი მაშინ,როცა ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი გაჭირვებაში ცხოვრობს...
რაც შეეხება რაგბის ნამდვილად დაიმსახურა ყველანაირი დახმარება რაც ვინმეს ოდესმე გაუწევია,რადგან ჩვენი გუნდი არ აქვს მნიშვნელობა იგებს-აგებს თვას დებს თამაშზე და ბოლომდე იხარჯება,მოთამაშეები ერთმანეთზე უკეტესები და მშრომელები,რამოდენიმე მათგანი მსოფლიო დონის ვარსკვლავიც კი არის,რაგბის კავშირი კი ყველაზე წარმატებული კავშირია სხვასპორტულ ფედერაციებთან შედარებით უკვე წელებია...
მოკლედ თუ ფულის ჩადებაა ისევ და ისევ აუცილებლად რაგბში!!!
გეყოთ ეს დინამოს ძველი დიდების ოცნებები,მსგავსი რამ აღარ-ვეღარ იქნება ვერასოდეს მომავალში სამწუხაროდ...
Rugby at first
18:09 10-01-2013
0
მეც ბევრჯერ აღმინიშნავს ამის შესახებ,კახას ჩარევის გარეშე ქართულ ფეხბურთს არაფერი არ ეშველება. მხოლოდ კახას შეუძლია ქართული ფეხბურთის სამყაროს გაერთიანება.
პანტელეიმონი
19:27 09-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული