სფფ-ის ხელმძღვანელები ნიონში იმყოფებოდნენ უეფას აღმასკომის სხდომაზე, სადაც ჩვენი ქვეყნისა და ქართული ფეხბურთისთვის არაერთი საინტერესო თემა განიხილეს და სიახლეებიც ჩამოიტანეს.
უეფაში ვიზიტი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ შეაჯამა:
"უეფას აღმასკომის ძირითადი საკითხი იყო ფიფაში შესატანი ცვლილებების პაკეტის განხილვა, ძირითად პრინციპებზე შეჯერება და საერთო პოზიციის დაფიქსირება.
ბუნებრივია, ყველა საკითხზე თავიდანვე ვერ შევთანხმდით; იყო პატარ-პატარა შენიშვნები, მაგრამ საბოლოოდ თითქმის ერთსულოვნად ჩამოვაყალიბეთ რეზოლუცია, რომელიც 53 ქვეყნის
მეორე საკითხი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ვიყავით იმ ქვეყნების სიაში, ვისაც აქამდე არ ჰქონდა გამოცდილება, საკუთარ ქვეყანაში ჩაეტარებინა პრო-ლიცენზირების კურსები და გაეცა შესაბამისი სერტიფიკატი.
თუმცა ჩვენ ეს უფლება უკვე მოგვეცა. ამ მნიშვნელოვანი ამბის შესახებ სფფ-ის მწვრთნელთა ლიცენზირების განყოფილებასთან ერთად უახლოეს დღეებში შეგხვდებით და ყველაფერს დაწვრილებით გეტყვით.
ანუ საქართველოში, ქართულ ენაზე, ჩვენს მწვრთნელებს ექნებათ საშუალება, გაიარონ პრო-კატეგორიის ლიცენზირება და სფფ-ისგან მიიღონ უმაღლესი კატეგორიის მწვრთნელის სტატუსი, რაც მათ უფლებას მიანიჭებთ, იმუშაონ ნებისმიერ კლუბში, მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
შემიძლია გითხრათ, რომ ეს ფინანსური თვალსაზრისითაც მომგებიანია, რადგან სწავლება ჩვენთან ბევრად შეღავათიან ფასებში იქნება.
გვაქვს კიდევ ერთი კარგი ამბავი: Assistant program-ის ფარგლებში, უეფას შესაბამის კომიტეტში მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, მომავალი შესარჩევი ციკლიდან საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები "ადიდასის" ფირმის ეკიპირებით შეიმოსებიან და როგორც უკვე გითხარით, ამ პროექტში ჩვენი უშუალო პარტნიორი უეფა იქნება.
მოგეხსენებათ, ჩვენნაირი ქვეყნებისთვის "ადიდასი", ცოტა არ იყოს და, ფუფუნებაა ფინანსური თვალსაზრისით, თუმცა, უეფას მატერიალური თანამონაწილეობა ბევრ რამეს განსაზღვრავს.
რაც შეეხება 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებს, მათ ეკიპირებას "ადიდასისგან" უკვე უშუალოდ სფფ შეიძენს.
ამ თემაზე მუდმივი მოლაპარაკების რეჟიმში ვიქნებით თურქულ მხარესთან, რომ ჩვენი ყველა ნაკრები ერთნაირი ეკიპირებით იყოს შემოსილი, რაც, ბუნებრივია, ჩვენი იმიჯისთვისაა კარგი.
ასევე, გვქონდა უაღრესად საინტერესო შეხვედრა ერთ-ერთ შვეიცარიულ ბანკთან, სადაც გადაწყდა, რომ ამიერიდან ბანკის კომიტეტი განიხილავს ყველა ჩვენს წარდგენილ პროექტს, რაშიც შეიძლება ჩვენი პარტნიორი ბანკის ფინანსური კონტრიბუცია დაგვჭირდეს და შესაძლებლობა მოგვეცემა, ჩვენთვის საინტერესო პროექტებზე ძალიან იაფ სესხზე ვიმუშაოთ.
ამ პროექტშიც უეფა - როგორც მესამე მხარე - ჩვენი პარტნიორი იქნება. ანუ ჩაფიქრებული გვაქვს ძალიან სერიოზული და მასშტაბური პროექტი ქართული ფეხბურთის დასახმარებლად და სწორედ ამაში დაგვჭირდება შვეიცარიულ ბანკთან თანამშრომლობა და მისი, როგორც სფფ-ის პარტნიორი ბანკის საქართველოში შემოყვანა.
ასე რომ, შესაძლებელია, ამ წლის განმავლობაში სფფ-ს გამოუჩნდეს დამატებითი ფინანსური წყარო, რომელიც ჩვენს პროექტებს დააფინანსებს" - განაცხადა რევაზ არველაძემ.
სფფ-ის პრეზიდენტმა კი კიდევ ერთ აქტუალურ საკითხზე - ევრო 2020-ის შესახებ ისაუბრა, რომელიც ქართული მედიისა და გულშემატკივრების მუდმივი ინტერესის საგანია:
ზვიად სიჭინავა: "აბსოლუტურად მესმის ის ინტერესი, რაც ამ თემის გარშემო ტრიალებს და კვლავაც გაგიმეორებთ, რომ შანსები ყოველთვის არის.
თუ გახსოვთ, ბევრს არ სჯეროდა იმ პროექტების განხორციელების, რასაც მივაღწიეთ და უკვე სამუშაო პროცესშიც ვართ. ევრო 2020-ის გარშემო სულ ვტრიალებთ და ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული ჩვენს ურთიერთობებზე უეფაში, სხვა ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებთან, ჩვენს პარტნიორებთან და ა.შ. ყველა დონის ყველა შეხვედრაზე, რაც კი ამ წლის განმავლობაში გვექნება, ჩვენ ამ საკითხზე ვისაუბრებთ.
უეფაში მე პირდაპირ დავაფიქსირე ჩემი აზრი და ვთქვი, რომ ევროპის ჩემპიონატის თუნდაც ერთი თამაშიც რომ გაიმართოს თბილისში, ესეც კი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ქართველი გულშემატკივრისთვის, იმიტომ, რომ ევროპის ჩემპიონატის 60 წლისთავი მარტო ევროპის წამყვანი ქვეყნებისთვის კი არა, ჩვენთვისაც ზეიმი უნდა იყოს.
ვერც კი წარმოიდგენთ, იმდენ დეტალს, იმდენ სიმბოლოს აქვს მნიშვნელობა და ჩვენ ამას უეფას ყოველთვის ვახსენებთ.
გვინდა, რომ ამ დიდი ზეიმისთვის მთელი ქვეყანა, გულშემატკივრები და რა თქმა უნდა, ფეხბურთის ფედერაცია ერთად მოემზადოს.
ქართველ გულშემატკივარს ვპირდებით, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ შესანიშნავი შანსის მისაღებად და იმ დიდი ზეიმისა და სიხარულის საქართველოში ჩამოსატანად, რასაც ევროპის ჩემპიონატი ჰქვია.
უეფას საიტზე უკვე დაიწერა ამის შესახებ და იქ ნათქვამია, რომ ჩემპიონატის მასპინძელი უნდა იყოს 13 ქალაქი.
ვიმეორებ, ჩვენ ერთ თამაშზეც კი თანახმა ვართ, მაგრამ ისიც კარგ ვარიანტად მიმაჩნია, რომ ერთი ჯგუფის რამდენიმე თამაშით თბილისმაც იხეიროს, ბაქომაც და ერევანმაც...
მოკლედ, თემა ძალიან ვრცელია, ვარიანტიც - არაერთი და შესაბამისად, ქალაქის ინფრასტრუქტურა და უამრავი საკითხი მოსაწესრიგებელი - სასტუმროები, ტრანსპორტი - რაზეც არაერთხელ გვისაუბრია.
საქმე იმაშია, რომ ამ ეტაპზე, ამდენს ვერ გავწვდებით, თორემ, საშუალება რომ იყოს, მთელ ჯგუფს სიამოვნებით ვუმასპინძლებდით და წარმოიდგინეთ, ეს ქართველებისთვის რამხელა ზეიმი იქნებოდა..."
მედიასთან შეხვედრის მეორე ნაწილი კი სფფ-ის გენერალური მდივნისა და ვიცე-პრეზიდენტების სპორტის მინისტრთან 28 იანვრის შეხვედრას დაეთმო...
gff.ge